x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ერთსქესიანთა ადგილი საზოგადოებაში
image

ადამიანთა ჯგუფი, რომელთა სექსუალური იდენტობა და ორიენტაცია განსხვავდება საზოგადოების უმრავლესობისაგან წარმოადგენენ სექსუალურ უმცირესობებს. ეს ტერმინი 1960 წლიდან ჩნდება. ესეთი სახის ურთიერთობები ჯერ კიდევ პლატონის დროს იყო, პლატონი წერდა ამის შესახებ, მაგრამ ეს ნაშრომები ნაშრომებიც გვიანდელ პერიოდში აიკრძალა.

ერთი სქესის წყვილთა ქორწინება, ან ჰომოსექსუალთა ქორწინება არის ტერმინები, რომლებიც გულისხმობენ, ორი, ერთი სქესის ადამიანის სოციალურად და ლეგალურად აღიარებულ ქორწინებაზე. ნიდერლანდი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც იურიდიულად ცნო ერთი სქესის წყვილების ქორწინება და ეს მოხდა 2001 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთსქესიანთა ქორწინება არ არის ოფიციალურად აღიარებული, 6 შტატში მსგავსი ქორწინება ნებადართულია. ერთსქესიან წყვილებს შეუძლიათ სახელმწიფო დონის სარგებელიც მიიღონ.

ცნობილია, რომ ანტიკურ ხანაში ჰომოსექსუალობის მიმართ ტოლერანტობა აშკარაა, მაგრამ, ლევან ასათიანის თქმით, ბევრმა არ იცის, რომ იმხანად ერთი სქესის ადამიანების ქორწინებაც მიღებული იყო: „ციცერონი გვიამბობს, რომ ძველ რომში ჩვეულებრივი ამბავი იყო ეს. პირველი იმპერატორი იყო ნერონი, რომელმაც იქორწინა თავის მონაზე, მამაკაცზე. ქორწილი შედგა - ეს არ იყო რაღაც სენსაციური მოვლენა.“


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 1990 წლის 17 მაისს ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო. ამას წინ უძღვოდა, 70-იან წლებში, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციისა და ფსიქოლოგთა დადასტურება, რომ ჰომოსექსუალობა პათოლოგია არ არის, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა ლგბტ პირებს მაინც უხდებათ საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლა, მტკიცება იმისა, რომ ისინი არ არიან ავადმყოფები და ეს არა მარტო საქართველოში ხდება ასე, არამედ სხვა, ძალიან ბევრ ქვეყანაშიც, რაც თავისთავად არასასურველია.

ერთი სქესის წყვილებს სამოქალაქო კავშირის, მაგრამ არა ქორწინების, უფლება აქვთ 16 ქვეყანაში. ასევე მსგავსი იურისდიქციები არის კიდევ დამატებით 5 ქვეყანაში.

ერთი სქესის ადამიანების ქორწინების მოწინააღმდეგეების ერთ–ერთი არგუმენტი ასეთია: ასეთ ადამიანების ქორწინებას რეპროდუქციული მიზანი ვერ ექნება, მაგრამ ეგრეთ წოდებული ”ლგბტ” აქტივისტები, ანუ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები, შეგვახსენებენ, რომ ქორწინება არ ნიშნავს მაინცდამაინც ბავშვის გაჩენას. მეორეც, ერთნაირი სქესის მქონე წყვილებშიც შეიძლება უკვე რეპროდუქციული მიზნის მიღწევა.

ერთსქესიან ქორწინებასთან დაკავშირებით იმდენად განსხვავებული დამოკიდებულება არსებობს ადამიანებში, რომ სამართალმაც ვერ ჩამოაყალიბა საბოლოო მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. იმდენად, რამდენადაც კანონი გამომდინარეობს ხალხის ძირითადი ინტერესებიდან და მეტ–ნაკლებად საერთო მოსაზრებებიდან, მას არ შეუძლია საერთაშორისო მაშტაბით დაადგინოს ისეთი ფაქტი, რომელიც საზოგადოებაში დისონანსს გამოიწვევს. პრობლემასთან მიმართებაში აუცილებელია ვიცოდეთ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია. შემოგთავაზებთ მამა დავით ისაკაძის ინტერვიუ, რომელიც ერთ-ერთ ინტერნეტ პორტალისთვის აქვს მიცემული: „სექსუალურ უმცირესობებს, ეკლესია უყურებს, როგორც სულიერად ავადმყოფ ადამიანებს, რომლებსაც სერიოზული პრობლემა აქვთ. მათ შეუძლიათ აღსარება ჩააბარონ და შემდგომში ეკლესიაშიც იარონ, თუკი რა თქმა უნდა ისინი ბრძოლას დაიწყებენ ამ ცოდვასთან.“ ალბათ შესაძლებელია მამა დავით ისაკაძის პოზიცია ჩავთვალოთ ეკლესიის პოზიციადაც, რადგან ის ეკლესიის სახელით საუბრობს.

სექსუალურ უმცირესობებს ჰქონდეთ ქორწინების უფლება, ძირითადად მხარს უჭერენ ის პირები, რომლებიც ლიბერალურ პრინციპებს აღიარებენ. მათი აზრით აუცილებლად უნდა იყოს ასეთი პირების უფლებები დაცული და კანონმდებელმა ეს უნდა გაიზიაროს, რათა არ მოხდეს ერთსქესიანთა უფლებების დარღვევა, ხოლო არსებობს საზოგადოების დიდი ნაწილი, წრე, რომლებიც თავგამოდებით იცავენ იმ პოზიციას, რომ ამ ადამიანებს მსგავსი უფლებ არ უნდა ჰქონდეს. მეტიც, არსებობს პირთა ნაწილი, რომლებიც თვლიან რომ ლგბტ ადამიანები არ უნდა არსებობდნენ, რომ ისინი უნდა სცემონ და გამოამჟღავნონ სხვადასხვა სახის ძალადობა მათ წინააღმდეგ, რადგან ისინი არ არიან ღირსი იცხოვრონ მათ გვერდით. ლგბტ პირების მიმართ ძალადობისა და დევნის მასშტაბური შემთხვევა 2013 წლის 17 მაისს დაფიქსირდა. 2013 წლის აქციის შემდეგ, 2014 წელს საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღედ გამოაცხადა. ამასთან, 2014 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. მანამდე კი, საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაცია უმოქმედობაში ადანაშაულებდა. „ლგბტ საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, დავით-მიხეილ შუბლაძე საზოგადოების მხრიდან უმცირესობების მიმართ არასწორ დამოკიდებულებაზე საუბრობს. როგორც დავით-მიხეილ შუბლაძე აღნიშნავს, ლგბტ პირები დახმარების თხოვნით ხშირად მიმართავენ. შუბლაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების სუიციდისკენ მიდრეკილებას განაპირობებს. მისი თქმით, დამოკიდებულება 90-იანი წლების შემდეგ შეიცვალა, თუმცა მაინც მძიმე და დამთრგუნველია.

ამ საკითხზე თავისთავად საინტერესო და ყურადსაღებია იმ მეცნიერთა აზრი, რომლებიც ამ სფეროში უშუალოდ მუშაობენ, ფაქტია ის, რომ ეს არ არის ავადმყოფობა! ამის მკურნალობა არანაირი ხერხით, საშუალებითა და ცდით არ შეიძლება და შეუძლებელიც კი არის! ლგბტ ადამიანთა განსხვავებული ორიენტაცია დაახლოებით 12 წლის ასაკიდან გამომჟღავნდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მაგალითად მამაკაცი (აღნიშნულ ასაკში) არ არის აუცილებელი თამაშობდეს თოჯინებით და გოგონათათვის განკუთვნილი სათამაშოებით, უბრალოდ შესაძლოა მას შეეცვალოს ხმა, ჰქონდეს უფრო ნაზი ქცევები, მოსწონდეს უფრო მეტად გოგონებთან ურთიერთობა და ასე შემდეგ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის ბიჭი, აუცილებლად ჰომოსექსუალია. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ამ ადამიანთა განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია არ ყალიბდება ზემოთ აღნიშნულ ასაკში, უბრალოდ ის ამ დროს ჰპოვებს გამოვლენას. ჰომოსექსუალსა და ჰეტეროსექსუალ ადამიანებს შორის არ არსებობს არანაირი განსხვავება, გარდა ორიენტაციისა, ისინი აბსოლუტურად იდენტურები არიან ერთმანეთის, აქვთ ერთნაირი შესაძლებლობები, გრძნობები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა მეტ-ნაკლებობის გათვალისწინებით, ანუ ისე, როგორც ჩვეულებრივი ორიენტაციის პირებს შორის არსებობს განსხვავებულობა შესაძლებლობებში, ასევეა სექსუალურ უმცირესობათა შორისაც.

მიუხედავად საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, ამ პირთა უფლებები უნდა იყოს დაცული, რადგანაც როგორც ნახეთ 1990 წელს ჰომოსექსუალობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაავადებათა სიიდან ამოიღო და არ შეიძლება ის განხილულ იყოს როგორც ავადმყოფობა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ორიენტაციაში სხვადასხვაობა და ჰეტეროსექსუალსა და ჰომოსექსუალ ადამიანს შორის სხვა, არანაირი განსხვავება არ არსებობს. ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ სამოქალაქო სამართლით დაცული ისეთივე პირები, როგორებიც არიან ჩვეულებრივი ორიენტაციის მიმდევრები.

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ გორგაძე
თამარ გორგაძე
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0