x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96738
  • ვიდეო:343737
  • სურათი:458623
კართან მოდგა შემოდგომა
კართან მოდგა შემოდგომა

რატომღაც, შემოდგომა არასდროს ყოფილა ბავშვობაში ის პერიოდი, რომელზეც გული მიქანდებოდა ხოლმე. სამწუხაროა, რომ ბავშვობა და პირველი სექტემბერი სკოლასთან აღარ ასოცირდება. აღარ ველოდები თანაკლასელების მომცინარ თვალებს, დამღლელ საგაკვეთილო პროცესს. მაშინ ვფიქრობდი, როდის გავიზრდები, ღმერთო, როდის დამთავრდება ეს ჩემი ტანჯვა-მეთქი! აბა, რა იციან ბავშვებმა, რამხელა ნაღველს იტევს შემოდგომა სინამდვილეში. ალბათ იმიტომ, რომ არ უყვართ ბავშვებს ის. მას ხომ მხოლოდ შრომა უდევს ფონად. სადღაც რთველი და მაჭარივით ადუღებული ოფლის წვეთები შუბლზე. სადღაც ლოყაწითელა ვაშლები დაგორავს. ზოგგან სიმინდს წვავენ თონეში. ღამე კი ყველა დაღლილი სულიერი არსება ტკბილ ძილს მიეცემა ხოლმე. ვინ რა იცის, სინამდვილეში რამხელა მადლი აქვს შემოდგომის ფუსფუსა დღეებს…

შეიცვალა ყველაფერი, ისევე როგორც ბავშვობა გადავიდა დიდობაში.

სევდიანია შემოდგომა. ნაღველს იტევს. იმ ნაღველს, რომელსაც ადამიანები ვუჩენთ შემოდგომას. ვერ უძლებს ის ამ ყველაფერს და ყველაფერი, რაც სიცოცხლისფერ მწვანედ ფეთქავდა, იფერფლება წითელ, ყვითელ ფერებად. ძირს გვეფინება, ჩვენ კი უმოწყალოდ ვთელავთ, ვწვავთ, ვაქრობთ. ღმერთო, ნეტა შეიძლებოდეს შევიკერო საბანი ფოთლებისგან, ზეწრად ჭარხლისფრად აბრიალებული ნეკერჩხლის მომაკვდავი ფოთლები დავიფინო და მეძინოს გამოცოცხლებამდე. გაზაფხულამდე შორია და სიცივე მელის. ამ სიცივეს მხოლოდ შემოდგომის თბილი მზის სხივებით გამთბარი სხეული გადამატანინებს. მიყვარს ეს ფერთა გამა, რომელიც ყველა მხატვრის აუხდენელი ოცნებაა.


შემოდგომა არასდროს იქნება ზედმეტი. შემოდგომა ყველასია. შეიყვარეთ, დააფასეთ, გაუთბეთ თრთვილით შეყირწლული უკანასკნელი ფოთლები. მოუქსოვეთ ბევრი პლედი და გაათბეთ. ზამთარი ხომ ისედაც ყველაფერს თეთრად გადაპენტავს და სიცივის სუდარას გადააფარებს.

კართან მოდგა შემოდგომა.

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ელიაური
მარიამ ელიაური
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0