x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
დაჩაგრული ერისა და ეკლესიის ქომაგი- რატომ მოკლეს საქართველოს პატრიარქი კირიონ მეორე?
image
მღვდელმოწამე კირიონ II (ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი), დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში.


სკოლის დამთავრების შემდეგ, წმიდანმა სწავლა გააგრძელა გორის სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1880 წელს ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაასრულა კიევის სასულიერო აკადემია და დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ.


1883-1897 წლებში წმიდა კირიონი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა გორში, თელავში, ქუთაისში, თბილისში; 1886 წელს დაინიშნა საქართველოს მონასტრების ბლაგოჩინად და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად; აარსებდა სამრევლო სკოლებს, წიგნსაცავებს და ბიბლიოთეკებს, ამავე დროს ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში ივერიელის, საძაგელოვის, ლიახველის ფსევდონიმებით აქვეყნებდა წერილებს საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე, ქართულ ლიტერატურაზე.


1897 წელს უფლის რჩეული მონაზვნად აღიკვეცა კირიონის სახელით და ქვაბთახევის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ამ პერიოდში ღვთისმსახურების პარალელურად კირიონი მეცნიერულ მოღვაწერობასაც აგრძელებს: კრებს ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს, სწავლობს ხალხის ზნე-ჩვეულებებს, მუშაობს ეკლესია-მონასტრების სიძველეებზე. თბილისის საეკლესიო მუზეუმსა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიძველეთა საცავს იგი უხვად სწირავს ეკლესია-მონასტრების ნესტიან სენაკებში მიკვლეულ და საოჯახო კოლექციებიდან მოპოვებულ იშვიათ ხელნაწერებს.



1898 წლის აგვისტოში არქიმანდრიტი კირიონი აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად. წმიდა კირიონმა დაიწყო განადგურების პირას მისული ალავერდის ტაძრის შეკეთებას და კახეთის ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეების შესწავლას. მან საქართველოს საეკლესიო მუზეუმს სხვა ხელნაწერებთან ერთად გადასცა ბაგრატ IV-ის დროინდელი, 1089 წელს გადაწერილი სახარება, რომლის შესახებაც ქართულმა მეცნიერებამ მანამდე არაფერი იცოდა. კირიონმა ხმა აღიმაღლა სომხების მიერ ქართული ტაძრების მიტაცების გამო. მან ვრცელი დასაბუთებული ბარათით მიმართა საქართველოს ეგზარქოსს და მოითხოვა ამ ტაძრების დაბრუნება საქართველოს ეკლესიისთვის.


1901 წლიდან კირიონი გორის ეპისკოპოსია. ამ დროისათვის საქართველოს საეგზარქოსომ შენიშნა, რომ წმიდა მღვდელმთავრის ირგვლივ თავს იყრიდა განათლებული სამღვდელოება, რომელიც აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო. მთავრობა ეპისკოპოსს ხშირად უცვლიდა ეპარქიებს: 1903 წელს იგი გაამწესეს, 1904 წელს - ორიოლში, 1906 წელს - სოხუმში. სოხუმში წმიდა კირიონმა ბევრი იღვაწა საქართველოს ეკლესია-მონასტრების აღდგენისათვის. მალე იგი კონვოს ეპარქიაში გადაიყვანეს.


1907 წლის სექტემბერში კირიონს უფლება არ მისცეს უკანასკნელი პატივი მიეგო წმიდა ილია მართლის ცხედრისთვის. მან მხოლოდ დეპეშის გამოგზავნა მოახერხა. 1908 წელს კირიონს მთავრობის დადგენილებით ჩამოერთვა ეპისკოპოსის წოდება და დაპატიმრებულ იქნა.



მთავრობამ 1915 წელს შეწყვიტა კირიონის დევნა. იგი დანიშნეს პოლოცკისა და ვიტებსკის ეპისკოპოსად, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლის ნება არ მისცეს.კირიონის დევნა-შევიწროება სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი და მისი მკვლელობის ორგანიზება დევნილ მღვდელმთავარს დააბრალეს. ამგვარმა ცილისწამებამ აღაშფოთა როგორც საქართველო, ისე რუსეთის საზოგადოების მოწინავე ნაწილი, ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც კი შექმნეს და დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება მისი გათავისუფლების მოთხოვნით. წმიდა მღვდელმთავარი მასზე დაშვებულ ამ განსაცდელს ამგვარი განწყობით ხვდებოდა: „ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია“.


წმიდანი უდიდესი ქველმოქმედი იყო. მისი მატერიალური დახმარებით რუსეთისა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამასამდე ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება.


ჯერ კიდევ XIX ს-ის 90-იან წლებში, როცა ქართული ენა ოფიციალური ხელისუფლებისაგან დევნილი იყო, კირიონმა გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად ქართული სიტყვიერების ისტორია შეადგინა.


1917 წლის ზაფხულში ეპისკოპოსი კირიონი სამშობლოსკენ გამოემგზავრა. არაგვის ხეობაში მას შეეგება ასოცამდე ცხენოსანი, რომელთაც დიდი პატივით მიაცილეს დედაქალაქამდე. თბილისშიც ბრწყინვალე შეხვედრა მოუწყვეს წმიდანს.




0
245
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0