x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134665
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508870
სიბრაზე, გაღიზიანებადობა და აგრესია ბავშვებში
image
არავის მოსწონს, როდესაც თავს გრძნობს გაბრაზებულად, მაგრამ დროთა განმავლობაში ამას ყველა განვიცდით. იმის გამო, რომ ძალიან ბევრი უფროსი ვერ გამოხატავს სიბრაზეს ჯანსაღი გზით, გასაკირი არ არის, რომ ბავშვებშიც ხშირად ვაწყდებით სიბრაზის ფეთქებად გამოხატულებებს. მშობლების უმრავლესობამ არ იცის, თუ როგორ მოიქცეს ტანტრუმებისა და აგრესიული ქმედებების საპასუხოდ და მეტიც, ძალიან ბევრი მათგანი ვერ ხვდება ბავშვის აგრესიული ქმედებები ნორმალურია, თუ არა.


როდის არის სიბრაზე, გაღიზიანებადობა და აგრესია არაჯანსაღი?

4 წლამდე ბავშვმა კვირის განმავლობაში შეიძლება მოაწყოს დაახლოებით 9 ტანტრუმი, რომელიც მოიცავს ტირილის, დარტყმისა თუ ყვირილის ეპიზოდებს. თუმცა, ტანტრუმები შეიძლება გაგრძელდეს ზრდასთან ერთად, რაც არ არის განვითარების შესაბამისი და იწვევს პრობლემებს თანატოლებთან, ოჯახის წევრებთან და სკოლის გარემოში. ასეთ შემთხვევაში, უნდა დაიგეგმოს სათანადო ჩარევა. იელის ბავშვთა კვლევის ცენტრის კლინიკური ფსიქოლოგის დენის სუხოდოლსკის მიხედვით, აგრესიასთან დაკავშირებული პრობელემა ბავშვებში არის ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომლის გამოც მშობლები ბავშვებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის პროგრამაში რთავენ.


რა იწვევს სიბრაზეს, გაღიზიანებადობას და აგრესიას ბავშვებში?


ძალიან ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს ბავშვის სიბრაზის, გაღიზიანებადობისა და აგრესიის გამომწვევი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტრიგერია ფრუსტრაცია. ბავშვი ფრუსტრაციას შეიძლება განიცდიდეს, ერთი მხრივ, მაშინ, როდესაც ბავშვი ვერ იღებს მისთვის სასურველს და მეორე მხრივ, მაშინ, როდესაც ბავშვს სთხოვენ გააკეთოს ის, რაც არ სურს. ბავშვებში, სიბრაზესა და აგრესიასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად თან ერთვის ისეთ მდგომარეობებს, როგორებიცაა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიობის სინდრომი, აუტიზმი, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და ტურეტის სინდრომი.

გენეტიკური და ბიოლოგიური ფაქტორები, აგრეთვე, შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი. დიდი გავლენა აქვს გარემო ფაქტორებს. ტრავმა, დისფუნქცური ოჯახი და აღზრდის კონკრეტული სტილი (მაგ. ძალიან ხისტი და არაკონსისტენტური დამსჯელობითი სტილი) შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ბავშვი განიცდის სიბრაზეს, არის გაღიზიანებული და ახორციელებს აგრესიულ ქმედებებს.


როგორ ხდება სიბრაზის, გაღიზიანებადობისა და აგრესიის დიაგნოსტირება ბავშვებში?

როგორც წესი, დიაგნოსტირება იწყება პედიატრის, ფსიქოლოგის, მშობლისა და მასწავლებლების ინტერვიუირებით. საფუძვლიანი და ღრმა ინფორმაციისთვის ბავშვის აგრესიული ქცევა უნდა განისაზღვროს ბავშვის ცხოვრების საერთო კონტექსტში. ეს მოიცავს ინფორმაციის მოპოვებას მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან, აკადემიურ, სამედიცინო და ქცევით ანგარიშებს და ერთი-ერთზე ინტერვიუებს მშობელთან და ბავშვთან.

სუხუდოლსკის მიხედვით, ბავშვის კვლევის პროცესში მშობლებსა და ბავშვებს უსვამენ სპეციფიკურად შერჩეულ კითხვებს, რომლებიც გამოიყენება იმის განსასაზღვრად, აკმაყოფილებს, თუ არა ბავშვი ქცევითი აშლილობის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს. DSM-ში, რომელიც არის ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური გზამკვლევი, მოცემულია პოტენციური აშლილობები, რომლებიც დაკავშირებულია სიბრაზესთან, გაღიზიანებადობასა და აგრესიასთან. ესენია:

  • ოპოზიციურ-დევიანტურ ქცევით აშლილობა: ეს არის გაღიზიანებული/გაბრაზებული გუნება-განწყობილების პატერნი, არგუმენტაციული/დევიანტური ქცევა და შურისმაძიებლობა, რომელიც გრძელდება 6 ან მეტი თვის განმავლობაში;
  • ქცევითი აშლილობა: ქცევის მუდმივი პატერნი, მიმართული სხვისი უფლებების შელახვისკენ. მოიცავს ბულინგს, ქურდობას, ასაკთან შესაბამისი ნორმების დარღვევას (სახლიდან გაქცევა, სკოლის გაცდენა და ა.შ);
  • დამანგრეველი გუნება-განწყობილების დისრეგულაციური აშლილობა: ხასიათდება უეცარი სიბრაზის გამოვლინებებით და გაღიზიანებული ან დეპრესიული გუნება-განწყობილების პატერნით.
როგორ ხდება სიბრაზის, გაღიზიანებადობისა და აგრესიის მკურნალობა ბავშვებში?

ორი ყველაზე გავრცელებული მიდგომა, რომლითაც ბავშვებთან მუშაობენ, არის:

  • კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია (CBT): აგრესიასთან გამკლავება ხდება სამ-მიმართულებიანი მიდგომის გამოყენებით. ხდება ბავშვისთვის აგრესიასა და სიბრაზესთან გასამკლავებელი ეფექტური სტრატეგიების სწავლება.
    1.ვასწავლით ემოციების რეგულაციას, რაც ეხმარება ბავშვს მოახდინოს აგრესიული ტრიგერებისა და პრევენციისთვის საჭირო სტრატეგიების იდენტიფიცირება;
    2.ვასწავლით ფრუსტრაციასთან გამკლავებისა და გამოხატვის ალტერნატიულ გზებს: ეხმარება ბავშვს და მშობელს განსაზღვროს პოტენციური შედეგები და მინიმუმამდე დაიყვანოს კონფლიქტი;
    3.ვეხმარებით კომუნიკაციის ახალი სტრატეგიების განვითარებაში: ამის სწავლება ხდება როლური თამაშების გამოყენებით და ეხმარება ბავშვს თავიდან აირიდოს და გადაჭრას სიბრაზის გამომწვევი სიტუაციები.

მიუხედავად იმისა, რომ CBT მიმართულია ბავშვზე, მშობლები აქტიურად მონაწილეობენ და მხარს უჭერენ ბავშვს თერაპიის პროცესში.

  • მშობლების მართვის ტექნიკები (PMT): ასწავლის მშობლებს ტანტრუმებთან გამკლავების ალტერნატიულ გზებს, რათა შემცირდეს გაღიზიანებული და აგრესიული ქმედებები. ფოკუსირება კეთდება დადებით განმტკიცებაზე. ნაცვლად იმისა, რომ დასაჯოს არასასურველი ქცევის გამო, მშობელი წაახალისებს ბავშვს (აჯილდოვებს) განახორციელოს სასურველი ქცევები. PMT ხაზს უსვამს ინტერაქციას ოჯახის წევრებს შორის და იყენებს ამას, როგორც ჯილდოს. „ჩვენ ვეხმარებით ოჯახებს სიამოვნება მიიღონ ერთმანეთთან დროის გატარებით. ეს ხდება მთავარი მოტივატორი ბავშვისთვის შეამციროს აგრესიული ქმედებები“, ამბობს სუხუდოლსკი.

ზოგიერთი ბავშვი იღებს მედიკამენტებს, თუ სიბრაზესა და აგრესიას თან ახლავს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა მდგომარეობა (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, შფოთვა და დეპრესია). მაგრამ ზემოთ განხილული ორი მიდგომა არის პირველადი აგრესიასთან გამკლავებისთვის. სხვა მიდგომების ჩართვა მაშინ არის რეკომენდირებული, როდესაც ეს ორი მიდგომა არ მუშაობს კონკრეტულ შემთხვევაზე.



0
35
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლე მაყაშვილი
თეკლე მაყაშვილი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0