x
სტრესი და შფოთვა ბავშვობაში
image
შფოთვა ნორმალური ადამიანური განცდაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, მათ შორის იცავს ადამიანს და პრობლემის გადაჭრისთვის მოტივაციას აძლევს. ბავშვები მოწყვლადნი არიან განიცადონ შფოთვა, ვინაიდან მათ არ იციან ბევრი რამ სამყაროს შესახებ და უსაფრთხოებისთვის უფროსებს ეყრდნობიან.

მართო შფოთვა პროდუქტიულად, მათ შორის შეძლო გაარჩიო საფუძვლიანი და არასაფუძვლიანი შიშები და იპოვო დამშვიდების გზები, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ცხოვრებისეული უნარია.

ძალიან ბევრი მშობელი ვარაუდობს, რომ შფოთვის მაღალი დონე ბავშვებში, ზრდასთან ერთად, გაქრება, მაგრამ ეს ასე არ ხდება. ვენდი სილვერმანი იელის სამედიცინო ფაკულტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ამბობს, რომ კვლევების მიხედვით, განუკურნებელი შფოთვა ბავშვობაში დაკავშირებულია მოზრდილობისას ფსიქიკურ დაავადებებთან, მათ შორის დეპრესიასთან და ნივთიერებებზე დამოკიდებულებასთან. ამასთან, შფოთვა არის ყველაზე ხშირი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა ბავშვებსა და მოზრდილებში. ამერიკის მონაცემებით შფოთვით იტანჯება გენერალური პოპულაციის 8-10%, ხოლო საშუალო ასაკს წარმოადგენს 11 წელი.


როგორ უნდა განვასხვაოთ ნორმალური შფოთვა პრობლემისგან, რომელიც დახმარებას საჭიროებს?


ბავშვისთვის ნორმალურია განიცადოს შფოთვა ისეთი ცხოვრებისეული ცვლილებების გამო, როგორებიცაა ახალი სასწავლო წელი, დედმამიშვილის დაბადება, სახლიდან გადასვლა, განქორწინება და ა.შ. კიდევ ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს ტემპერამენტიც. ზოგიერთი ბავშვი (და მოზრდილი) ბუნებრივად მშფოთვარეა მაშინ, როდესაც ზოგიერთი ნაკლებად.

სილვერმანის მიხედვით, მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ შფოთვას მაშინ, როდესაც ის ხელს უშლის ბავშვს ჩაერთოს ისეთ ჩვეულ აქტივობებში, როგორებიცაა სკოლაში სიარული, დაბადების დღის წვეულებები, სპორტი და ა.შ. „თუ ბავშვი შფოთავს ყოველდღე ან უმეტეს დღეებში, თუ შფოთვა არის ინტენსიური და ძლიერი და თუ გარკვეული დროის განმავლობაში, როგორც წესი, 6 თვის განმავლობაში გრძელდება, მაშინ ეს უკვე ჩარევას საჭიროებს“- ამბობს სილვერმანი.


რა ტიპის შფოთვა გვხვდება ყველაზე ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში?

ბავშვები შფოთვითი აშლილობით, როგორც წესი, განიცდიან ჩამოთვლილთაგან რომელიმე ერთი ტიპის შფოთვას:

  • დაცილების შფოთვითი აშლილობა: შფოთვა მშობელთან ან აღმზრდელთან განცალკევების დროს ნორმად ითვლება ჩვილობის ასაკში, მაგრამ ყურადსაღებია, თუ მშობელთან განცალკევების სირთულე სკოლის ასაკის ბავშვთან გვხვდება. „ჩვენ შეგვხვედრია ბავშვები, რომლებიც ვერ რჩებიან მარტო ოთახში რამდენიმე წუთის განმავლობაშიც კი“- ამბობს, სილვერმანი. ასეთი ბავშვები შესაძლოა დაჰყვებოდნენ მშობლებს ოთახიდან გასვლისას, ვერ იძინებდნენ მარტო და ჰქონდეთ სკოლაში სიარულის სირთულეც. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა განიცდიდეს შიშს, რომ დაშორების შემთხვევაში, მას ან მის მშობელს რაიმე ცუდი შეემთხვევა.
  • სოციალური შფოთვა: დაახლოებით მესამე კლასში ან უფრო გვიან, როდესაც სოციალური ცნობიერებადობა იზრდება, ბავშვები შესაძლოა განიცდიდნენ ინტენსიურ შფოთვას იმის შესახებ, თუ როგორ აღიქმებიან სხვების მიერ. ისინი შესაძლოა ღელავდნენ, რომ არ შერცხვნენ, ან არ შეფასდნენ უარყოფითად. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს მათ სასკოლო საქმიანობასთან, ან ისეთ სიტუაციებთან, როგორებიცაა წვეულებები.
  • გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა: თუ შფოთვა ბავშვობაში ვრცელდება ბევრ სხვადასხვა სიტუაციაზე და დაკავშირებულია ყველაზე ცუდ შესაძლო შედეგებთან, მაშინ ის შეიძლება იყოს გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა. „მას თან ახლავს ზოგადი, გაუკონტროლებელი შფოთვები ძალიან ძალიან ბევრ რამეზე“, ამბობს სილვერმანი. მაგ.: მშობლების კამათის მოსმენამ შესაძლოა წარმოშვას დაუსრულებელი შფოთვა მათი დაშორების შესახებ. შესაძლოა შფოთვა ოჯახურ ფინანსებს ეხებოდეს, მაგ. თუ არ იქნება საკმარისი ფული, შესაძლოა სახლი დაკარგონ. შესაძლოა მუდმივი, გაუკონტროლებელი შიში ეხებოდეს ბუნებრივ კატასტროფებს, როგორიცაა მიწისძვრა. ზოგიერთ ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს ფიზიკური სიმპტომებიც, მაგალითად თავის ან მუცლის ტკივილი. პერფექციონიზმი არის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი, რომელიც დაკავშრებულია გენერალიზებულ შფოთვით აშლილობასთან ახალგაზრდებში.
სხვა ტიპის შფოთვაც არსებობს. მაგ. ფობიების ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში იწყება, როდესაც ბავშვებს უვითარდებათ ირაციონალური შიშები და ამრიდებლური ქცევები გარკვეული ობიექტების (მაგ, ძაღლების) და მოვლენების (მაგ. ხმაურის) მიმართ. პანიკური შეტევები ისეთი ფიზიკური სიმტომებით, როგორებიცაა გულის აჩქარება, სუნთქვის გახშირება უფრო მოსალოდნელია განვითარდეს მოზარდობისას. იშვიათად ხდება, რომ ბავშები მხოლოდ ერთ ტიპის შფოთვით იტანჯებოდნენ. „ბავშვებთან, რომლებიც მოწყვლადნი არიან შფოთვისადმი, როგორც წესი ორი ან სამი შფოთვასთან დაკავშირებული მდგომარეობა გვხვდება“- ამბობს სილვერმანი.


როგორ ხდება შფოთვის დიაგნოსტირება?

როგორც წესი, დიაგნოსტირება ხდება მშობლებისა და ბავშვების ინტერვიუირებით, ერთად და ცალცალკე. ხოლო, შემდეგ სპეციალური საზომების საშუალებით დგინდება შფოთვის ბუნება, ტიპი და განისაზღვრება მკურნალობის რომელი გეგმა იქნება ამ ტიპის შფოთვისთვის წარმატებული.

პროფესორ ელი ლებოვიცის მიხედვით, შფოთვა არ არსებობს იზოლირებულად. ის უნდა განვიხილოთ მშობლებთან ურთიერთობის კონტექსტში. „როგორც ძუძუმწოვრები, ჩვენ ვიბადებით დაუცველები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დისტრესის შემთხვევაში მივანიშნოთ ჩვენს მზრუნველს. მზრუნველი, როგორც წესი, მშობელია, რომელიც იღებს ზომებს, რათა დაგვიცვას და დაგვამშვიდოს. მაგრამ, როდესაც ბავშვს აქვს შფოთვითი აშლილობა და მუდმივად განიცდის შფოთვას და დისტრესს, მშობლის რეაგირებაც მუდმივი უნდა იყოს. განსხვავებით კბილის ტკივილისგან, რომელიც ბავშვის პირის ღრუს მოიცავს, შფოთვა არსებობს ბავშვსა და მშობელს შორის სივრცეში“ -ამბობს ლებოვიცი.


როგორ ხდება ბავშვის შფოთვის განკურნება?

მკურნალობა მუდმივად ინდივიდუალიზებულ ხასიათს ატარებს და დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევასა და ბავშვისა და ოჯახის მოთხოვნლიბებზე. ორი ყველაზე ცნობილი მიდგომა არის კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია (CBT) და სფეისი, რომელიც მიმართულია მხარდამჭერი აღმზრდელობით გარემოსკენ შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვებისთვის (SPACE- Supporting parenting for anxious childhood emotions).

  • კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია: ამ ტიპის თერაპია ეხმარება ბავშვებს მოახდინონ შფოთვის გამომწვევი ფიქრებისა და აზრების იდენტიფიკაცია და მოდიფიკაცია. ამისთვის ისინი ხშირად იყენებენ ეტაპობრივი ექსპოზიციის მეთოდს. მაგალითად, ბავშვს, რომელსაც ეშინია ოთახში მარტო დაძინების, ასახელებინებენ შიშთან ასოცირებულ მოვლენებს, ხოლო შემდეგ ეტაპობრივად ასრულებინებენ ძილის რუტინას.
  • სფეისი (SPACE- Supporting parenting for anxious childhood emotions): ეს მიდგომა ეხმარება მშობლებს აღმოაჩინონ და შეამცირონ შფოთვის ხელშემწყობი ქცევები. ბავშვებს არ მოსწონთ, როდესაც მათი მშობლები განსხვავებულად იწყებენ რეაგირებას. ამიტომ, თერაპიის ფარგლებში მშობლები სწავლობენ, გაუმკლავდნენ ბავშვის შფოთვას, რაც შეიძლება, მხარდამჭერი გარემოს უზრუნველყოფით. მშობლებს უნდა სწამდეთ, რომ მათ შვილს აქვს უნარი დაძლიოს შფოთვა და ამას თავიანთ შვილსაც უნდა აგრძნობინებდნენ. მკვლევრების აზრით, სფეისი არის ძალიან კარგი მეთოდი იმ ბავშვებისთვის, რომლებთანაც სხვა თერაპიული მიდგომები არ მუშაობს, ვინაიდან ამ მეთოდის მეშვეობით, მშობლებს სახლში დამოუკიდებლად შეუძლიათ ბავშვებთან მუშაობა.


0
35
შეფასება არ არის
ავტორი:თეკლე მაყაშვილი
თეკლე მაყაშვილი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0