x
საარჩევნო რეგულაციების უახლესი პროტოტიპი
ლაშა ბოდაველი CICDმიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების შემოთავაზებული 10 საარჩევნო ცვლილების გარკვეული ნაწილი ჩემ მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებთან თანხვედრაში მოდის, ვერ ვიტყოდი, რომ ბოლომდე კმაყოფილი ვარ პროცესებით.

კარგია, რომ ეს ჯერ კიდევ განხილვის საგნად რჩება


ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის (CICD) თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი

მაგალითად: მოსაზრება იმაზე, რომ მცირე და მსხვილ პარტიებს შორის დაფინანსების სხვაობა შესამცირებელია აშკარად გაზიარებულია, თუმცა, ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იყო საბიუჯეტო ხარჯების შემცირება. შემოთავაზებული ვერსია ციფრებში ასე გამოიყურება: პირველი 50 000 ხმა 15 ლარი, 150 000-მდე 10 ლარი და უფრო მეტი ხმა 5 ლარი.


არ შეიძლება პარტიის შექმნა ბიზნეს გათვლებს უკავშირდებოდეს, მისი ბიუჯეტიდან დაფინანსება უნდა უტოლდებოდეს ამავე სუბიექტის არსებობის მინიმუმს და არა მისი წევრების გამდიდრებას.



უკვე შემოგვდის გარკვეული ინფორმაციები პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რაზე დაყრდნობითაც ვფიქრობ, რომ თუ ამჟამად ე.წ. კვალიფიციური პარტიების საბაზო დაფინანსება ბიუჯეტს წელიწადში 9 მილიონი ლარი უჯდება, ამის შემდეგ ეს თანხა სავარაუდოდ დაახლოებით ორჯერ გაიზრდება.


გასაგებია, რომ მმართველ ძალას პარლამენტში დასჭირდება მოკავშირე პარტიები, საჭირო ხდება ახალი პარტიების დაბადება და ამ კუთხით პარტიის რეგისტრირების 5000 ხელმოწერამდე დაყვანის მოტივი რთული მისახვედრი აღარაა და ამას სავარაუდოდ ოპოზიციაც დათანხმდება.


რაც შეეხება ქალთა ჩართულობის წახალისებას (სიის ყოველ სამეულში განსხვავებული სქესის არსებობა), მიუხედავად საერთაშორისო რეკომენდაციებისა, ვფიქრობ, რომ ხელოვნური ჩართულობის წახალისების პერიოდი საქართველომ უკვე გადალახა და საჭირო აღარაა 30%-იანი დაფინანსების მატება ამ კუთხით.

როგორც ვვარაუდობდი სამწუხაროდ უყურადღებოდ და სრულებით “პარტიების სინდისზე" დარჩა რეგიონების წარმომადგენელთა ჩართულობის საკითხი, რომლის საფრთხეებზეც კომენტარი უკვე არაერთხელ გავაკეთე.


გამიჩნდა კითხვის ნიშნები სიძულვილის ენის აკრძალვაზეც, მითუმეტეს ვერ მივხვდი ამ ნაწილში მედიამ რატომ უნდა განსაჯოს რა არის სიძულვილის ენა და რისი გაშვება დაუშვას სატელევიზიო სივრცეში.


სამწუხაროა, რომ ქვეყანაში გარკვეული რეგულაციების მიღების ლაიტმოტივი ჯერ კიდევ იმ კონკრეტული პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ ბრძოლაა, რომლის “მოშორებაც" ნამდვილი სამართლიანობის დროული აღდგენითაც შეიძლებოდა.


სტატუს-კვოსთან შედარებით პროცესები ცალსახად დადებითია, თუმცა სრულყოფილებისგან ისევ შორს ვტრიალებთ.





0
9
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0