x
ფსიქიკური ჯანმრთელობა და მედეგობა
image

მედეგობა ახლა ფართოდ გამოყენებული კონცეპტია ფსიქოლოგიაში, რომელიც მოდის სოციალური და ჯანმრთელობის მეცნიერებებიდან. მას ხშირად აკრიტიკებენ მისი განსაზღვრისა და გამოყენების დროს არსებული ორაზროვნების გამო და იმ ადამიანების მიერ განცდილი რისკისა და სტრესის გამო, რომლებსაც „მედეგებს“ უწოდებენ. ეს კრიტიკა წარმოშობს ეჭვს მედეგობის, როგორც თეორიული კონსტრუქტის სარგებლიანობაზე.

ზოგი მკვლევარი შეისწავლის მედეგობას, როგორც ინდივიდუალურ მახასიათებელს, სხვები კი როგორც ადაპტური ტემპერამენტის ეპიფენომენს. ასევე, ზოგიერთ კვლევაში მუდმივად ეფექტური დაძლევა, როგორც პიროვნული რესურსი, მიიჩნევა მედეგობის, როგორც ნიშნის, შემადგენელ ნაწილად. ასევე, მედეგობის, როგორც ნიშნის, აქიტიური შემადგებელი ნაწილია პოზიტიური ემოციები. გარდა ამისა, ის შეგვიძლია მივიჩნიოთ ბუფერად მომავალი სირთულეების წინააღმდეგ. ამ მიდგომით, ეს არის პროცესი, რომელიც ადამიანს უბიძგებს ზრდისკენ სირთულეებისა და უბედურების განცდის შემდეგ. ეს კი ამცირებს დეპრესიის რისკს და ხელს უწყობს წარმატებას. მედეგობა შეიძლება ასაკის მიხედვით იცვლებოდეს (70 წლის შემდეგ მცირდება (Rothermund & Brandtstädter, 2003)), თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ცხოვრებაში მომხდარი ინდივიდუალური და კულტურული ცვლილებები. გარდა ამისა, მედეგობა შეიძლება მივიჩნიოთ გარემოთი (სოციალური ან ეთნიკური ჯგუფით) განსაზღვრულ ინდივიდუალურ განვითარებად ან გენეტიკური ფაქტორების შედეგად. ზოგი კვლევის მიხედვით კი მედეგობა არის შემცირებული დაუცველობის სინონიმი და ასევე გულისხმობს სირთულეებთან ადაპტირების უნარს ან დაძლევას. მაგრამ ყველა ეს განმარტება ორაზროვანია და რთულია მედეგობის ისე ოპერაციონალიზაცია, რომ შევძლოთ მისი გაზომვა.

არსებობს მედეგობის რამდენიმე მოდელი და მათ შორის არის მენტალური ჯანმრთელობის დაცვის მიდგომა. ამ მიდგომის მიხედვით, არსებობს სუბიექტის გარეგანი და შინაგანი დონეები, რომლებიც მოიცავს დაცვის მიმართ არასპეციფიკურ, არაადაპტურ ტიპს და დაცვის ადაპტურ ტიპს ბუნებრივი და ხელოვნური მექანიზმებით. მედეგობის პირველი ტიპი შეიძლება გავსაზღვროთ, როგორც დაცვის არაადაპტური ტიპი ინდივიდუალურ დონეზე გარემოდან (მაგ., საზოგადოებიდან) მიღებული რესურსების გამო. მედეგობის ბოლო ორი ტიპი მიეკუთვნება ერთსა და იმავე განზომილებას (დაცვის ადაპტური ტიპი), მაგრამ შეიძლება გამოვიკვლიოთ ადამიანის ჯანმრთელობის განსხვავებული პერსპექტივებიდან. მაგალითად, ერთი განსაზღვრების მიხედვით, ჯანმრთელი მდგომარეობა უკავშირდება გარემოს გამოწვევებზე რეაქტიულობის ფენოტიპის განვითრებას, რაც შეიძლება ადაპტური ან მალადაპტური იყოს კონტექსტის მიხედვით.


მართალია მენტალური ჯანმრთელობის დაცვის მიდგომამ დიდი მხარდაჭერა მიიღო ემპირიული კვლევებიდან, თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვები მის ცენტრალურ ტერმინოლოგიაში, რომელიც მომავალ გამოკლვლევას საჭიროებს. ხოლო მედეგობის ბიო–ფსიქო–სოციალური მოდელი ვარაუდობს მრავალი პროცესის არსებობას ორგანიზმის შიგნით და გარეთ სირთულეების საწინააღმდეგოდ და ეს არის სომატური ჯანმრთელობის დაცვის სისტემის კომპლექსური მოდელის მსგავსი.

image

მედეგობის მიდგომები მენტალური ჯანმრთელობის კვლევაში

  • ზიანის შემცირების მიდგომა
  • ზოგი მკვლევარი ფსიქიკურ მედეგობას აღწერს, როგორც სტრესის შემდეგ სწრაფი და ეფექტური გამოჯანმრთელების უნარს. ეს არის ფიზიკური აღდგენა ექსტერნალური და ინტერნალური დაცვითი ბარიერებით პათოგენის ინვაზიის შემდეგ და ნიშნავს, რომ ადამიანი ბრუნდება ფსიქიკური, ემოციური და კოგნიტური აქტივობის თავდაპირველ დონეზე ისეთი სირთულის განცდის შემდეგ, როგორიცაა ფუნქციონალური შეზღუდვა, დანაკლისი, განქორწინება ან სიღარიბე. „პათოგენის ინვაზიის“ კონსტრუქტი გულისხმობს, რომ მოვლენის როგორც კოგნიტური შეფასება, ასევე მის მიერ გამოწვეული ემოციები, ინდივიდის მიერ აღქმულია, როგორც ნეგატიური და სტრესული. ასეთი ტიპის მედეგობის გავრცელება საზოგადოებაში დაახლოებით 15%–ია. მათ შორის ყველაზე მაღალია ასაკოვან ქალებში და იზრდება 40–60%–ით მაღალი სოციალური მხარდაჭერის არსებობის დროს (სირთულემდე და სირთულის დროს) (Netuveli, Wiggins, Montgomery, Hildon, & Blane, 2008).

  • დაცვის მიდგომა
  • სხვა კვლევებში ფსიქიკური მედეგობა აღწერილია დაცვის მექანიზმების ტერმინებში („იმუნური ბარიერების“ მსგავსად“) და გვეხმარება ჯანმრთელობის მოცემული მდგომარეობის შენარჩუნებაში სირთულეების არსებობის დროს. ამ ტიპის მედეგობას შეიძლება უკავშირდებოდეს განსხვავებული სპეციფიკური ფაქტორები მრავალ დონეზე (მაგ., ინდივიდუალური და ჯგუფური: ოჯახი, თანატოლთა ჯგუფი, სკოლა და სამეზობლო). მაგალითად, ორ ეპიდემოლოგიურ კვლევაში მედეგობა იმ ზრდასრულებში, რომლებსაც ადრეულ ასაკში ჰქონდათ სირთულე, დაკავშირებული იყო ინტერპერსონალური ურთიერთობების მაღალ ხარისხთან მოზარდობასა და ზრდასრულობაში.

  • ხელშეწყობის (promotion) მიდგომა
  • ზოგი მკვლევარი მედეგობის კონცეპტს უკავშირებს ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობას. ეს მიდგომა ყურადღებას ამახვილებს დამატებითი რესურსების განვითარებაზე, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ ზიანის შემცირებისთვის და დაცვის მექანიზმებად (პრე–იმუნიზაციის ან იმუნური სისტემის ზოგადი გაძლიერების მსგავსად), მაგრამ ძირითადად უკავშირდება პოზიტიური გამოცდილების მაღალ ინდივიდუალურ დონეს (ფრედერიკსონი, 2002). მაგალითად, ერთ–ერთ კვლევაში (Isle of Wight, Collishaw et al., 2007) აღმოჩნდა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება სრულწლოვანებამდე მიუხედავად ფსიქოსოციალური სტრესორების მაღალი დონისა (მაგ., კრიმინალი და ურთიერთობების ცუდი ხარისხი), შეიძლება ავხსნათ ადრეული ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის არარსებობით, რაც ხელს უწყობდა პოზიტიურ ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნას, როგორც მედეგ ბარიერს მომავალი სირთულეების წინააღმდეგ. მეტა–ანალიზმა აჩვენა, რომ პოზიტიური ემოციების ყოველდღიურად არსებობა ამცირებს სტრესის ზემოქმედებას და სტრესის აღდგენას. დროთა განმავლობაში, პოზიტიური ემოციების განცდა წარმოშობს მაღალ მედეგობას ინდივიდებში და უნარს, რომ ყოველდღიური სტრესისგან ეფექტურად გამოჯანმრთელდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის მედეგობა არ არის შეზღუდული ინდივიდუალური დონით და შეიძლება ასევე იყოს სხვადასხვა გარეგანი ფაქტორების შედეგი (საზოგადოებრივი და კულტურული). მართლაც, ზოგი სოციალური მედეგობის მექანიზმი, როგორიცაა რელიგია, უკავშირდება პოზიტიურ ემოციებს.

    0
    138
    შეფასება არ არის
    ავტორი:ნატო ლაღიძე
    ნატო ლაღიძე
    138
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0