x
ფსიქიკური ჯანმრთელობა და პოზიტიური ფსიქოლოგია
image

ფსიქიკური ჯანმრთელობის თერაპიები წარსულში ფოკუსირებული იყო აშლილობების დაძლევაზე და მასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებზე. ხოლო ისეთ ინდივიდუალურ ფაქტორებზე, როგორებიცაა მოტივაცია, პოზიტიური აზროვნება, ბედნიერება და ემოციური მედეგობა, ნაკლები ყურადღება მახვილდებოდა. ამ საკითხებით დაინტერესებული ერთ–ერთი პირველი მკვლევარი იყო ჯორჯ ვაილანტი და ამან ხელი შეუწყო პოზიტიური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებას. კლინიკური ფსიქოლოგიისგან განსხვავებით, პოზიტიური ფსიქოლოგია არ ფოკუსირდება სიმპტომების მკურნალობაზე და მისი მიზანია ფსიქოლოგიური მედეგობის გაზრდა და ემოციური სტაბილურობის, მოლოდინების მართვისა და ნაყოფიერი აზროვნების ხელშეწყობა. ჩვენ განვიხილავთ კავშირს პოზიტიურ ფსიქოლოგიასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი კომბინაცია ნებისმიერი ფსიქიატრიული აშლილობის წარმატებული შედეგისთვის.

ჯორჯ ვაილანტი, თავის სტატიაში „Positive mental health: is there a cross-cultural definition?“ აღნიშნავს, რომ წინა საუკუნეში კვლევები ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ ვინ იყო ფსიქიკურად ავადმყოფი და არა იმაზე, თუ ვინ იყო კარგად. ფსიქიკური ავადმყოფობა ისეთი მდგომარეობაა, რომლის უარყოფითი მხარეები აშკარაა და მისი ოპერაციონალიზაცია არ წარმოადგენს დიდ სურთულეს, თუმცა პოზიტიური ფსიქიკური ჯანმრთელობის განმარტება მარტივი არ არის. აქ საჭიროა რამდენიმე საკითხის გათვალისწინება.

  • კროს–კულტურული განსხვავებები, რათა ფსიქიკური ჯანმრთელობის განმარტება სხვა ქვეყნებისთვის უცნაური და მიუღებელი არ აღმოჩნდეს.
  • იმის გათვალისწინება, რომ საშუალო მდგომარეობა არ არის ჯანმრთელი. გამოკითხვების დროს ხშირად ფსიქოპათოლოგიის გავრცელებულ მაჩვენებელსა და ჯანმრთელობას ერთმანეთში ურევენ.
  • იმის გათვალისწინება, პიროვნულ ნიშანს განვიხილავთ თუ მდგომარეობას. ამ დროს მნიშვნელოვანია ლონგიტიდური კვლევა. მაგალითად, მსოფლიო კლასის ფეხბურთის მოთამაშე, რომელმაც დროებით დაიზიანა მუხლი (მდგომარეობა) ბევრად უფრო ჯანმრთელია, ვიდრე პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანი (თრეიტი), რომელსაც დროებით ნორმალური რაოდენობის შაქარი აქვს სისხლში.
  • მენტალური ჯანმრთელობა კონტექსტთან მიმართებით უნდა განვიხილთ. მაგალითად, 1940–იან წლებში პარანოიდული პიროვნული ნიშნები ზღვაოსნებისთვის ცუდი მახასიათებელი იყო, მაგრამ შესანიშნავი იყო თვითმფრინავების მეთვალყურეებისთვის.
  • თუმცა, თუ ფსიქიკური ჯანმრთელობა კარგია, რისთვისაა ის კარგი? საკუთარი თავისთვის თუ საზოგადოებისთვის? მორგებისთვის თუ კრეატიულობისთვის? მისი განმარტებისთვის ბიოლოგია, როგორც წესი, ანთოპოლოგიაზე გამოსადეგია, რადგანაც კულტურული ანთროპოლოგია გვასწავლის, რომ ქცევის თითქმის ყველა ფორმა ჯანმრთელად მიიჩნევა ზოგიერთ კულტურაში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიღებული ქცევა ფსიქიკურად ჯანმრთელია. მაგალითად, პორტუგალია ადრე ალკოჰოლიზმს არ მიიჩნევდა დაავადებად, მაგრამ ამას არ შეუმცირებია ალკოჰოლიზმის წვლილი სიკვდილიანობაში ლისაბონის მოსახლეობაში. ამიტომ, იმის გაგების საუკეთესო გზა, თუ რა შეადგენს მენტალურ ჯანმრთელობას, არის სხვადასხვა ჯანმრთელი პოპულაციის შესწვლა განსხვაებული პერსპექტივებიდან და კულტურებიდან დროის დიდი პერიოდის განმავლობაში.


    ვაილანტი გამოყოფს ფსიქიკური ჯანმრთელობის 7 განსხვავებულ მოდელს:

  • ფსიქიკური ჯანმრთელობა შეიძლება მივიჩნიოთ ნორმალურის ზემოთ არსებულ მდგომარეობად, რისი განსაზღვრაც შეგვიძლია DSM-IV–ის ფუნქციონირების ზოგადი შეფასების (GAF, 6) მიხედვით 80–ზე მაღალი ქულით.
  • ეს შეიძლება მივიჩნიოთ მრავალი ადამიანური სიძლიერის არსებობად (ოპტიმიზმი, მედეგობა, სიყვარულის უნარი, პატიება...) და არა სისუსტის არარსებობად.
  • მომწიფებულობა, რაშიც იგულისხმება ტვინისა და სხეულის სხვადასხვა ორგანოების განვითარებულობა და ასევე ეგოსა და ფსიქიკის მომწიფებულობა.
  • პოზიტიური ემოციების დომინირება.
  • მაღალი სოციო–ემოციური ინტელექტი – ეს შეიძლება განისაზღვროს, როგორც აკურატული ცნობიერი აღქმა და საკუთარი ემოციების მართვა ისე, რომ მათი გამოხატვა იყოს მისაღები, სწორი რეაგირება მოვახდინოთ სხვის ემოციებზე და ჩვენი ემოციები სასურველი მიზნისკენ მივმართოთ.
  • სუბიექტური კარგად–ყოფნის განცდა
  • მედეგობა.
  • ამ 7 ფაქტორიდან 5 მნიშვნელოვნად კორელირებს დანარჩენ 4–თან, ასევე თითოეული მოდელი პროგნოზირებს ზოგად მენტალურ ჯანმრთელობას 15 წლის შემდეგ.


    image

    ოზიტიური ფსიქლოგია vs კლინიკური ფსიქოლოგია

    პოზიტიური ფსიქოლოგია მას შემდეგ გაჩნდა, რაც კამათი დაიწყო იმის შესახებ, თუ როგორ კარგად შეუძლია მას კლინიკური ფსიქოლოგიის გვერდით არსებობა. კლინიკური ფსიქოლოგიის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დადგენა და არსებული თეორიების პრაქტიკაში გამოყენება. პოზიტიური ფსიქოლოგია კი ფოკუსირებულია კარგად ყოფნისა და ბედნიერების ხელშეწყობაზე იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა. მაშინ, როცა კლინიკური ფსიქოლოგია ეძებს აშლილობის მიზეზებს იმისთვის, რომ პიროვნებას გამოჯანმრთელებაში დაეხმაროს, პოზიტიური ფსიქოლოგია ცდილობს ბედნიერების მიზეზების პოვნას, რაც პიროვნებას იმუნიტეტს უმუშავებს ფსიქიკური აშლილობების მიმართ. პოზიტიური ფსიქოლოგია ძირითადად აწმყოსა და მომავალზეა ორიენტირებული. ის ყურადღებას ამახვილებს ადამინის სიძლიერეებზე, შესაძლებლობებზე, ნიჭზე, ურთიერთობებზე, პოზიტიურ ემოციებზე, პოზიტიურ გამოცდილებებზე და ინტრინსიკულ მოტივაციაზე. მიუხედავად ამ კონტრასტისა, კლინიკური და პოზიტიური ფსიქოლოგია არ არის ერთმანეთის საპირისპიო და ორივე სფეროს სამიზნეა ადამიანის კეთილდღეობა და კარგად ყოფნა.

    ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ პოზიტიური ფსიქოლგიის ინტერვენციები იყო დამატება კლინიკურ პრაქტიკაზე. და მაშინ, როცა კლინიკური ფსიქოლოგიის პრაქტიკა შეზღუდული იყო მხოლოდ ისეთი ადამიანებით, რომლებიც დამხარებას ითხოვდნენ და უკვე იტანჯებოდნენ ფსიქოპათოლოგიით, პოზიტიურმა ფსიქოლოგიამ ყურადღება გაამახვილა ჩვეულებრივ, საშუალო პოპულაციაზეც კლინიკურ პაციენტებთან ერთად. შესაბამისად, ეს ორი მიდგომა ერთმანეთის შემავსებელია ფსიქოლოგიურ მკურნალობასა და კონსულტირებაში.

    პოზიტიური ფსიქოლოგიის ინტერვენციების გამოყენება მენტალური ჯანმრთელობის კონსულტირებაში საკმაოდ ეფექტურია. სელინგმანის მიხედვით, კომბინირებული მეთოდი – მედიკამენტებისა და თერაპიის ერთად გამოყენება ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მხოლოდ სამედიცინო მიდგომა. მართლაც, კვლევები აჩვენებს (სელინგმანი, 2006), რომ პოზიტიური ფსიქოლოგიის ინტერვენციები უფრო ხანგრძლივად ნარჩუნდება და უფრო მეტ ბედნიერებას წარმოშობს, ვიდრე ტრადიციული ფსიქოთერაპიები. მაგალითად, დიდი დეპრესიის მკურნალობისას იმ ტექნიკების გამოყენება, რომლებიც ზრდის პოზიტიურ ემოციებს და აყალიბებს ბაზისურ მოტივაციას, უფრო სწრაფად მუშაობს და უკეთეს პროგნოზს იძლევა, ვიდრე მედიკამენტების გამოყენება ან ტარდიციული ფსიქოთერაპია.

    0
    89
    შეფასება არ არის
    ავტორი:ნატო ლაღიძე
    ნატო ლაღიძე
    89
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0