x
პროპორციული არჩევნების საფრთხეებზე CICD-ის თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი
CICD

რას შეცვლის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნები საქართველოს რეალობაში?

- ყველაზე ღირებული რაც პროპორციულ არჩევნებს მოყვება პოლიტიკური პლურალიზმია, რაც ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული მსოფლმხედველობის პარტიებმა უნდა შეძლონ თანაარსებობა და ხედვების შეჯერება, რომლის დამტკიცებასაც მხოლოდ თანამშრომლობით მოახერხებენ

ერთი შეხედვით ამაში ცუდი არაფერია, სად ხედავთ საფრთხეს?


- მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნები ღირებული მონაპოვარია, მე მაინც მიმაჩნია, რომ ამისთვის მზად არ ვიყავით. ვინც პოლიტიკაში ერკვევა აცნობიერებს, რომ თითქმის შეუძლებელია დარჩენილ დროში რომელიმე ახალმა ძალამ შეძლოს სათანადო პოპულარობის მოპოვება. აქედან გამომდინარე წინასწარი პროგნოზის გაკეთება რთული არაა. მივიღებთ პარლამენტს სადაც ე.წ. ახალ ძალებში ისევ ძველი სახეებით შექმნილი პარტიები მოიაზრებიან. უფრო მარტივად რომ ვთქვა, დღევანდელთან შედარებით პარლამენტში უფრო ბევრი პატიის სახელს მოისმენთ, მაგრამ პარლამენტართა სიებში თუ ჩაიხედავთ მეეჭვება უცნობი გვარები ამოიკითხოთ. ასეთ მოკლე დროში სასტარტო უპირატესობით ისარგებლებენ ნათელაშვილები, ბესელიები, ჯაფარიძეები, უსუფაშვილები, ოქრუაშვილები, მალე შესაძლოა ოქრიაშვილებიც და ა.შ. რაც ჩემთვის ახალ ძალებთან არ ასოცირდება

გულისხმობთ, რომ ახალგაზრდების მოთხოვნა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით შეცდომა იყო?

- ვგულისხმობ, რომ სახეები ნაკლებად შეიცვლება. თავისი არსით პროპორციულ სისტემას შეუძლია სარგებლის მოტანა, მაგრამ ამას საჭირო დროს არ ვაკეთებთ. რაც შეეხება ახალგაზრდებს: ვფიქრობ, რომ აპარტიული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობისთვის პრობლემა საწყის წუთებში გავრილოვის ქმედება და ხელისუფლების უმოქმედობა იყო. პროპორციული არჩევნები წმინდა პოლიტიკური მოთხოვნაა და დარწმუნებული ვარ მისი ბნელი მხარეები თავად ამ ახალგაზრდებსაც არ მოეწონებათ, როცა რეალურ სურათს გაეცნობიან. როგორც ვამბობდი ჩვენი ლეგიტიმურ-მოქალაქეობრივი პროტესტი გამოიყენეს და გააპოლიტიზირეს.

რას გულისხმობთ და რატომ არის თქვენთვის პროპორციული სისტემა მიუღებელი?

- არ მითქვამს, რომ მიუღებელია ან არ მომწონს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მთავარი პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა კი არა, არამედ მისი ნაირსახეობის შექმნა და ის დეტალებია, რაც შესაძლოა რეგულაციებში ჩაიწეროს.

მაგალითად: თქვენ იცით, რომ მაჟორიტარულ სისტემაში ქვეყნის რეგიონებს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავთ. ახალ სისტემაში გაჩნდება შესაძლებლობა, რომ პარლამენტი სრულად დაკომპლექტდეს თბილისში მოღვაწე პირებით, რაზეც განაცხადეს, რომ ეს პოლიტიკური პარტიების “ნამუსზე იქნება", ზოგადად პარტია და ნამუსი სასაცილო ტანდემი უფროა ვიდრე რეალობა (იცინის), ეს ხუმრობით, ისე კი ახალი ძალები თუ გვინდა პარლამენტში და ამაში ძველ სახეებს არ ვგულისხმობთ, მაშინ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათთვის თბილისში ოპერირება უფრო ხარჯთეფექტურია და წამგებიანი სასტარტო პოზიციის მიუხედავად თუ რომელიმე ძალა მოაგროვებს სათანადო ხმებს, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ დამატებითი რეგულაციების გარეშე 2020 წელს “თბილისის პარლამენტს" მივიღებთ.

მარტივად რომ ავხსნა თუ მოსახლეობის ინფორმირებულობას სრულად არ მოვახდენთ, შესაძლოა განახლებული სისტემით დამახინჯებული რეალობაც მივიღოთ და მინიმუმ 4 წელი ამის გამოსწორება შეუძლებელი იქნება.

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0