x
"ჩემი გაკაჭული შევიდა უკვე. შენი რას შვება?" - ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019 დაიწყო

image

„ ჩემი გაკნაჭული შევიდა უკვე. შენი რას შვება?“ - მიკროავტობუსის კარი გამოვაღე თუ არა, ასაკოვანი ქალის ხმა მომესმა, არც თუ ისე დაბალ ხმაზე ნათქვამი. მძღოლის უკან იჯდა და დიდჩარჩოიანი სათვალის უკან მოჭუტული თვალებით პასუხს ისმენდა ტელეფონში. არ ვიცი, რა უპასუხეს, მაგრამ დაბალ ხმაზე გააგრძელა ლაპარაკი : „ იმედია გრანტს აიღებს“. ჩემი ადგილი დავიკავე უკანა რიგებში და ფიქრებში წავედი, მაგრამ ვინ მაცადა?! ისევ იგივე ხმა მომესმა და იგივე ტექსტი „ ჩემი გაკნაჭული შევიდა უკვე. შენი რას შვება?“. როგორც ჩანს, ქალს გადაწყვეტილი ჰქონდა, ყველასთვის დაერეკა, ვისი „შენი რას შვებაც“ დღეს შესაძლოა გაკნაჭულთან ერთად ყოფილიყო შესული. ბევრი ფიქრი არ იყო საჭირო, იმის მისახვედრად, სად შევიდა გაკნაჭული. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019 დაიწყო.
მანამ აბიტურიენტების მშობლები, ბებიები და ბაბუები, ახლობლები (თუნდაც მიკროავტობუსში სატელეფონო საუბრებით ) განიხილავენ ვის როდის აქვს გამოცდა, ვინ შევიდა უკვე გამოცდაზე, ვინ როგორაა მომზადებული, რომელ უნივერსიტეტში რა ჯდება უმაღლესი სწავლა-განთლება, გრანტის შემთხვევაში ვინ როგორ ამოისუნთქებს, რომელ სასწავლებელშია უკეთესი ინფრასტრუქტურა და სად უფრო აქებენ ლექტორებს, ამასობაში ოფიციალური წყარო იუწყება, რომ 1 ივლისს დილის ზუსტად 09:00 საათზე საქართველოს მასშტაბით 23 საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019 დაიწყო. წელს რეგისტრაცია თითქმის 41 000 აბიტურიენტმა გაიარა. თერთმეტივე ქალაქის საგამოცდო ცენტრები აღჭურვილია გაგრილების სისტემებით და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრებთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. აუცილებელი გაფრთხილება იგივეა: აბიტურიენტი საგამოცდო პროცესიდან მოხსნილად რომ არ გამოცხადდეს, აუცილებელია გამოცდაზე დროულად მივიდეს, ამასთანავე აუცილებლად თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი და საგამოცდო ბარათი.
გამოცდების სპეციფიკა ყოველ წელს იცვლება და არც წლევანდელი წელია გამონაკლისი. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019-ის მთავარი სიახლე ისაა, რომ აბიტურიენტი ინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც.
გამოცდების განრიგის მიხედვით ბოლო საგამოცდო დღე 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. „გაკნაჭულს“ და დანარჩენ „შესულებს“ კი წარმატებებს ვუსურვებთ ამ მნიშვნელოვან და დაძაბულ დღეებში.



0
95
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0