x
მივხვდი, რომ ცხოვრებაში ორი საქმის ერთდროულად გაკეთება არ შემიძლია
მარჯანიშვილის მეტროსთან ალბათ ძალიან ბევრს შეგინიშნავთ ბიჭი რომელიც, თავის თანმხლებ საბა საფარელთან ერთად მღერის. ქუჩის მუსიკას ერთი წლია რაც მისდევს

საბა

• როგორც ვიცი მუსიკალური განათლება არ გაქვს მიღებული, როდის აღმოგაჩნდა სიმღერის ნიჭი?
- დიახ, არანაირი მუსიკალური განათლება არ მაქვს მიღებული, არასოდეს მივლია ვოკალის პედაგოგთან. სიმღერა თორმეტი წლიდან დავიწყე, სახლში ვმღეროდი. შემდგომ ოჯახმაც აღმოაჩინა, რომ შემეძლო მემღერა. ცხრამეტ წლამდე სახლში ვმღეროდი. არსებობს პირველი ვიდეოჩანაწერი სადაც 12 წლის ვარ და „Hallelujah“-ს ვმღერი


• რა არის ყველაზე საინტერესო, ქუჩის მუსიკაში?
- ქუჩის მუსიკაში ყველაზე საინტერესო ალბათ, მაღალი თავისუფლების ხარისხი არის, როდესაც ქუჩაში მღერი ხარ სრულიად თავისუფალი, რაც გინდა შეასრულე, არავინ გზღუდავს. ასევე არ იცი ვინ მოგისმენს, შეიძლება ვინმეს ისე მოეწონო, რომ სტაბილური სამსახური შემოგთავაზოს, თუნდაც რომელიმე ბარში, კლუბში ან რესტორანში გაგიკეთოს შენი სპეციალური საღამო.

საბა

• როგორ ფიქრობ რა უნდა გაკეთდეს ქუჩის მუსიკის განვითარებისათვის?
- აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ხალხის შთაბეჭდილება, ქუჩის მუსიკოსების მიმართ საგრძნობლად ამაღლდა, იმის შემდეგ, როდესაც საქართველოში პირველად „ქუჩის მუსიკოსების კონკურსი“ ჩატარდა და ვფიქრობ, რომ ხშირად უნდა ტარდებოდეს მსგავსი კონკურსები ქუჩის მუსიკის განვითარებისთვის, ეს ჩვენთვის, ისევე როგორც სხვა ქუჩის მუსიკოსებისთვის ახალი გამოწვევა იქნება.

• რთულია გაყვე ქუჩის მუსიკას?
ვიტყოდი, რომ ქუჩის მუსიკოსობა ადვილი ნამდვილად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან და საბასთან ბევრი ადამიანი მოსულა, რომლებიც ჩვენს მიმართ უდიდეს სითბოს გამოხატავენ, ამას გარდა არსებობენ ადამიანების ის კატეგორია, რომლებიც უბრალოდ მოდიან და უმიზეზოდ გლანძღავენ, თუნდაც უაზრო კომენტარებით ჩაგივლიან (გადმოძახილით) და ეს ყველაფერი ჩვენზე ძალიან მოქმედებს.

• როგორც ვიცი საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტში სწავლობ, როგორ ახერხებ სწავლას და მუსიკის შეთავსებას?
- მივხვდი, რომ ცხოვრებაში ორი საქმის ერთდროულად გაკეთება არ შემიძლია და შეძლებისდაგვარად დილით მივდივარ უნივერსიტეტში და სახში რომ ვბრუნდები შემდეგ ქუჩის მუსიკით ვკავდები.

• რა მოგიტანა ქუჩის მუსიკის ფესტივალში გამარჯვებამ?
- ქუჩის მუსიკოსების ფესტივალში საბა საფარელთან ერთად ჟიურის და ლაუნჯ „მეტროპულის“ რჩეული გავხდი, ასევე მოვიპოვე მეორე ადგილი, სიმართლე, რომ გითხრათ არ მწყენია ის, რომ პირველი ადგილი ვერ ავიღე, რადგან პირველი ადგილი უნიჭიერეს ვოკალისტს, თორღვას ერგო. სულ ბოლო ადგილას, რომ გავსულიყავი ჩემთვის მნიშვნელოვანი მაინც ის იქნებოდა, რომ მე და საბა ჟიურის რჩეულები გავხდით, რადგან ჟიურში პროფესიონალი მუსიკოსები ისხდნენ: ნუცა ჯანელიძე, აჩი ფურცელაძე და გელა გნოლიძე. მათი შეფასება იმ მომენტში ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე პირველი ადგილის მოპოვება.

საბა

• უცხოურ პროექტებში მონაწილეობაზე არ გიფიქრია?
- ძალიან ბევრჯერ მიფიქრია და დიდი სურვილი მაქვს რომელიმე უცხოურ პროექტში მივიღო მონაწილეობა, თუმცა ვფიქრობ, რომ ჯერ საზღვრებს არ გავცდე და უპირველესად საქართველოდან დავიწყო.

• შენი აზრით ქართულ მუსიკალურ პროექტებში, გამარჯვება ჟიურის სამართლიანობაზეა დამოკიდებული?
- ვფიქრობ, რომ ჟიურის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ გავლენას ახდენს ხალხზე, ჟიურის წევრები ხალხს სწორი არჩევანის გაკეთებას უადვილებენ.

• რით განსხვავდება ქართული და უცხოური ქუჩის მუსიკა?
- როგორც ვიცი უცხოეთში ქუჩაში სიმღერა გარკვეულ ლიცენზიასთან არის დაკავშირებული რაც ჩვენს ქვეყანაში არ არის. სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი.
მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში ბევრი კარგი ქუჩის მუსიკოსია, მათზე არაფრით ნაკლები ქართველი ქუჩის მუსიკოსები გვყავს, იმიტომ არ ვამბობ, რომ მეც ქუჩის მუსიკოსი ვარ, უბრალოდ ამ სფეროში ბევრს ვიცნობ და თამამას შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში უნიჭიერესი ქუჩის მუსიკოსები არიან.

• საჩუქარი რომელიც საზოგადოებისგან მიგიღია
- საჩუქარი მივიღეთ ერთი არაჩვეულებრივი ადამიანისგან, რომელმაც ქუჩის მუსიკისთვის, აპარატურა გვაჩუქა, მისი მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება. ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის და საბასთვის ხალხის სითბო და სიყვარულია, რომელსაც ჩვენს მიმართ გამოხატავენ, სწორედ ეს გვაბედნიერებს ჩვენც.

საბა

• როგორ ფიქრობ, რა მოსწონთ მსმენელებს შენს ნამღერში? ვნახეთ ვიდეო სადაც ასაკოვანი ქალბატონი შენს სიმღერაზე თავისუფლად ცეკვავს
- ჩემს ნამღერზე ვერ ვისაუბრებ რადგან, საკუთარ თავზე საუბარი ძალიან მიჭირს. შემიძლია ვთქვა, რომ რასაც მე და საბა საფარელი ძველი ქართული სიმღერების გაცოცხლებით ვაკეთებთ, საზოგადოებას იზიდავს და სიამოვნებას ანიჭებს. რაც შეეხება იმ ვიდეოს, ეს ვიდეოც ჩვენთვის უცხო ადამიანმა გადაიღო და უეცრად გავარდა სოციალურ ქსელში. ის ქალბატონიც, რომელიც ცეკვავს იმ მომენტში, ჩვენთვის ასევე უცხო იყო და მის მერე ძალიან ხშირად მოდის ჩვენთან, ცეკვავს და ხალხსაც ახალისებს. ძალიან გვიხარია, ეს ყველაფერი რადგან ადამიანების სახეებზე ღიმილი ჩნდება.

• როგორია შენი სამომავლო გეგმები?
- ზუსტად ვიცი რომ ყოველთვის ვიმღერებთ და დავუკრავთ, სხვადასხვა სივრცეში და სცენაზე. მიუხედავად ყველაფრისა არანაირად არ ვაპირებთ ქუჩის მუსიკის მიტოვებას .

ავტორი: გურამ არუთინაშვილი

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0