x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
სამცხე-ჯავახეთში საიდუმლო ქრისტიანეთ ასპარეზზედ დიდად დაიმსახურეს თავი რამდენიმე საიდუმლო მღვდელმა

imageსამცხე-ჯავახეთში საიდუმლო ქრისტიანეთ ასპარეზზედ დიდად დაიმსახურეს თავი რამდენიმე საიდუმლო მღვდელმა, ორბელიანებმა, ხმალაძეებმა და სალარიძეებმა. ამათ შორის ფრიად გამოჩენილი ყოფილა ვასილი მღვდელი ორბელიანი, რომელიც იერუსალიმიდამ 1757 წ. წამოსულა საქართველოში. ეს მღვდელი
ანაფორას თურმე აშკარად ატარებდა. ამავ ვასილის დროს
ყოფილან მღვდლებად გრიგოლი, დიმიტრი და დესპოდე
ეპისკოპოზი. ესენი ყველგან ქართველთ ამხნევებდნენ, მომავლის იმედებს უნერგავდნენ და თან არწმუნებდნენ: მაგრად
იყავით, მომავალი ჩვენია, ჩვენ ქრისტიან ქართველებთან
დავკავშირდებითო. საიდუმლო ქართველნიც, რასაკვირველია,
გმირულად მოქმედებდნენ და იღვწოდნენ, ყველაფერს ითმენდნენ.



1805 წ. ამ მღვდლების ამბავი შეუტყვია ვიღაც ფანატიკოს ხოჯას, დავა აუტეხია და ეს დავა კონსტანტინეპოლს წასულა, იქაური შეიხ ულისლამი დიდად განრისხებულა. იქიდამ ახალციხის სელიმ ფაშას დიდი საყვედური და
მუქარის წერილი მოსვლია. ფაშა გაცეცხლებულა, მაშინვე
დაუბარებია ეს მღვდელნი და უკითხავს:
— შევიტყე, ქრისტიანების სჯულს არა სჯერდებით და
სხვებსაც ახვევთ თავზედ?
— არა, ჩვენო ფაშავ, ჩვენ იმდენი დრო სადა გვაქვს
და ან, როგორ მოვახერხებთ ამას.
— მე დამარწმუნეს, მასთან დიდი საყვედურიც მომივიდა. გთხოვთ, ჩემს საბრძანებელს მოშორდეთ და წახვიდეთ
აქედგან?
— ჩვენ მაგას ვერ ვიზამთ.
— დახოცილ იქმნებით და აქ-კი არ დაშთებით!
— დაგვხოცე, მაინც ბოლო ეგ არის ჩვენი.
— უსათუოდ მოისპობით, მოშორდით აქაურობასა.
— ერთს წუთსაც ნუ გვაცოცხლებთ, თუ ჩვენზედ რამე
ეჭვს იქონიებთ. თუ ან ვისმე თათარს ათქმევინებთ, რომ
იმას ჩვენ ქრისტიანურად ვალოცებთ, ან მათში სადმე რამე
გვექადაგოს ქართველებზედ.
— მაშ თქვენ თათრის ოჯახებში რად დაიარებით, იმათში რა გესაქმებათ, რა გინდათ?
— ისინი ჩვენი დოსტები არიან.
— მე ეგ არ ვიცი; ბრძანება ასეთია, ან მოშორდით
ახალ-ციხეს და ან გათათრდით.
— ვერც ახალციხეს მოვშორდებით, ვერც გავთათრდებით. აქედამ არსად წავალთ.
— იმას გარეშე, რომ თქვენ ჩვენს თათრებში ქრისტიანობას ავრცელებთ და ქართულად ლაპარაკობთ, ახალ-ციხიდამ რუსის მთავრობას ცნობებსაც უგზავნით, აქ რუსების
მოყვანა გინდათ. თუ არ წახვალთ, იცოდეთ, დაიხოცებით.
მე გიბრძანებთ, წახვიდეთ.
— არ წავალთ, არა, არა. რაც გენებოს, ისა ჰქენით,
ჩვენთან ლაპარაკი უბრალოა.
— გირჩევთ, დაგვთანხმდეთ, თორემ თქვენი საქმე ცუდად იქმნება.
ფაშამ დარიგება მისცა და შინ გაისტუმრა. საპასუხო
დროდ მეორე დღე იყო დანიშნული, მაგრამ მეორე დღესაც
იგივე პასუხი მიიღო ფაშამ, რომელიც დაემუქრა: საქმე სიკვდილით გათავდებაო.
ესენი წავიდნენ შინ, შეკრიბეს ქრისტიანი ქართველები
და გადასწყვიტეს: ჩვენ აქედგან ფეხს არ მოვიცვლითო.
დანიშნულს დღეს წავიდნენ ფაშასთან და მოახსენეს,
აქედგან ვერსად წავალთ და ვერც გავთათრდებითო. ფაშას
ჯავრი მოუვიდა და კვალად მისცა სამი დღის ვადა.
მესამე დღეს წარსდგნენ ფაშის წინაშე და ასეთი პასუხი
მისცეს: „ვიდრე ცოცხლები ვართ, აქედგან წასულებს ვერ
გვნახავ, აქ დავრჩებით და აქვე დავიხოცებით".
ფაშამ გადასწყვიტა, ეს სამივე კაცი სიკვდილით დაესაჯა.
ახალციხის ციხის გალავანში ფაშა სცხოვრებდა, დიდი მედრესეც იქ იყო და ქრისტიანეთ საჯალათოც. აქ პირველად თავი მოსჭრეს ვასილ მღვდელს, ორბელიანს, რომელმაც თავის
მოჭრის წინად ფაშას მუქარით უთხრა:
— ყველას ხომ ვერ დასჭრი თავებს, დღეს თუ ხვალ
სამაგიერო მოგეკითხება ქრისტიანეთაგან.
ვასილის შემდეგ დესპოდე ეპისკოპოსი სტანჯეს, ჰგვემეს და თავი გააგდებინეს. გრიგოლ მღვდელს ამათის საცოდავობის ცქერით გული წაუვიდა და გარდაიცვალა. ესე რომ
მისი დასჯა და თავის მოაჭრა ვეღარ მოასწრეს. ეს შემთხვევა მოხდა 1806 წ., შემოდგომის პირზედ.
წყარო - სამცხე-საათაბაგო
ისტორიული და ეთნოგრაფიული ცნობები ხალხზედ, ვაჭრო- ბაზედ, კათოლიკობასა და მათ სამღვდელობაზედ და სხვანი.
აღწერილი და დაბეჭდილი ზ. ჭიჭინაძისაგან.image

0
55
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0