x
ეთნოცენტრიზმის მიმართება ეთნიკური უმცირესობებისადმი არსებულ ნეგატიურ წინარწმენებთან
imageინდივიდის მიერ საკუთარი თავის შესახებ, მისი ვინაობის, დანიშნულების ძიება და კვლევა ოდითგანვე აქტუალური თემაა. ის, თუ ვინ არის ადამიანი, რა არის მისი ცხოვრების არსი და მიზანი, სად და ვის გვერდით არის მისი ადგილი, საყოველთაო ინტერესის საგანს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, აკადემიურ სფეროში იდენტობისა და ეთნიკურობის შესწავლა ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად მოიაზრება.

ადამიანი „სოციალური ცხოველია“. მისი სრულფასოვნება და ფუნქციონირება მნიშვნელოვნად განსაზღვრულია მისი ჩართულობით სოციალურ ურთიერთობებში. სოციუმთან ინტერაქციის დროს ინდივიდი გარკვეული ჯგუფების წევრი ხდება, ეს ჯგუფები განსხვავდებიან სტაბილობისა და მნიშვნელობის მიხედვით. არასტაბილური ჯგუფები სიტუაციური საჭიროებების პასუხად იქმნება და მათ მიმართ ინდივიდს ემოციური მიჯაჭვულობა არ გააჩნია, თუმცა ერთ-ერთი ფუნდამენტური ჯგუფი, რომლის მიმართ კუთვნილებაც პიროვნების სტაბილურ სოციალურ იდენტობას განაპირობებს, ეთნიკურ ჯგუფად იწოდება. ეთნიკური იდენტობა ყველაზე ფართო სახის სოციალური/კოლექტიური იდენტობაა. ფრედრიკ ბარტი ეთნიკურობას/ეთნოსს ჯგუფების მაორგანიზებელ პროცესად მიიჩნევს. ეთნიკურობა სოციალური ჯგუფების იდენტობისა და სტრუქტურის კონფიგურირებას ახდენს (Barth, 1969). ეთნიკური ჯგუფის მიმართ ინდივიდს მიკუთვნებულობის განცდა უყალიბდება, რაც პირდაპირ კავშირშია მის მიერ საერთო მიზნების აღქმა-გაცნობირების პროცესთან და შედეგად უზრუნველყოფს მის მზაობას, იბრძოლოს ამ ფასეულობების დასაცავად(ურუშაძე, 2016). აქედან გამომდინარე, გარდაუვალი ხდება ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება. რაც დროთა განმავლობაში უფრო ჭარბ და მწვავე ხასიათს იღებს. დგება საკითხი, ეთნიკური დაპირისპირების მრავალშრიანობის შესწავლისა.

ვითვალისწინებთ რა ეთნიკური ჯგუფების მრავალგვარობას, მივიჩნევთ, რომ მათ შორის დაპირისპირება სხვადასხვა მიზეზითა და გამოხატულებით შეიძლება გამოვლინდეს. ამჯერად მინდა ყურადღება გავამახვილო უშუალოდ ეთნიკური უმრავლესობის მიერ უმცირესობაზე მიმართულ ნეგატიურ ცრურწმენებზე და მათ მიზეზებზე, ვინაიდან ისეთი კონსტრუქტი, როგორიცაა ცრურწმენა, ადამიანთა აღქმების, კატეგორიზების, დამახსოვრების და შემეცნების განმსაზღვრელია, რაც გავლენას ახდენს ადამიანების მიერ სხვა ჯგუფის წევრების შეფასებაზე. ეს კოგნიტურ-აფექტური სისტემა კი ინდივიდის იმ იდეოლოგიის ნაწილია, რომელიც სამყაროს შესახებ მის პოლიტიკურ და სოციალურ ხედვას განსაზღვრავს(Cunningham, Nezlek, Banaji, 2004). აქდან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ რომ ცრურწმენა პიროვნების შემადგენელი ნაწილია, მისი შეცვლით მთლიანად სამყაროს პატერნის შეცვლა იქნება შესაძლებელი(Allport, 1954). ცრურწმენების გამომწვევი მიზეზის შესწავლით, ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების მიზეზის გაგებაც შესაძლებელი იქნება, ეს კი ხელს შეუწყობს იმ საშუალებების წარმოჩენას, რომელიც კონფლიქტის მოგვარებაში დაეხმარება ადამიანებს.

იმისათვის, რომ ინდივიდმა თავის არსებობაში გარკვეული აზრი დაინახოს და ადგილი დაიმკვირდოს საზოადოებაში, იგი იდენტობის ჩამოყალიბებას იწყებს. უპირველესად საკუთარ თავს ეთნიკურ ჯგუფს აკუთვნებს. ინდივიდის მიერ ზოგადად სამყაროს და შესაბამისად, კონკრეტული ასპექტების კატეგორიებად დაყოფა გარდაუვალი პროცესია. ვინაიდან, კატეგორიზაციას აღძრავს სიმარტივის და სიცხადის მოთხოვნილების სურვილი (Ford & Stangor, 1992; Macrae, Hewstone, & Griffihs, 1993; Macrae, Milne, & Bodenhausen, 1994; Tajfel, 1981; Tajfel & Wilkes, 1963). ჩვენ მივისწრაფვით, რომ რაც შეიძლება მეტად განვასხვავოთ ადამიანები სხვადასხვა კატეგორიის ფარგლებში და ერთ კატეგორიაში მოქცეულნი კი მაქსიმალურად მსგავსად აღვიქვათ. ამ დაყოფისას „მე“-ს ერთ კატეგორიაში მოქცევისას დაუყოვნებლივ ჩნდება კატეგორია „სხვა“-ც. ჰენრი ტაჯფელი სოციალურ იდენტობას კატეგორიზაციისათვის საჭირო ინსტრუმენტად განიხილავს, რომელსაც პიროვნება სამყაროს მოწესრიგებული აღქმისათვის იყენებს (Owens, 2006). ტაჯფელი ხაზს უსვამს ჯგუფის შიგნითა და და ჯგუფს-გარეთა (out-group) განსხვავებების მნიშვნელობასა და როლზე იმ კუთხით, რომ წარმატებულ ჯგუფთან კუთვნილების განცდა ამაღლებს თვითშეფასებას. ტაჯფელის აზრით, სწორედ ამის გამო ხდება, რომ ადამიანებს ახასიათებთ საკუთარი ჯგუფის უპირატესობების წარმოჩენა და განსხვავებული (არ არის აუცილებლად კონკურენტი იყოს) ჯგუფის ნაკლოვანებების გაზვიადება. ვითარების ამგვარად წარმოჩენა კი თვითშეფასების ამაღლებას ემსახურება, რადგან ის გაიგივებულია უშუალოდ ჯგუფის წარმატებასთან. ჯგუფის წარმატებულობის ხარისხის გაზვიადებით, მატულობს ინდივიდის თვითშეფასების ხარისხიც (Tajfel & Turner, 1979). სწორედ იმავე პრინციპი უდევს საფუძვლად ტენდენციას, რომ ინდივიდებმა დადებითი შინაარსის მახასიათებლები საკუთარ ჯგუფს უფრო მარტივად მიაკუთვნონ (შიდა-ჯგუფური ფავორიტზმი), ვიდრე გარე ჯგუფს და პირიქით, ნეგატიური მახასიათებლები არა საკუთარი ეთნიკური ჯგუფს, არამედ გარე ჯგუფისკენ მიმართონ (გარე-ჯგუფური დაკნინება)( Dasgupta, 2004).


უნდა აღვნიშნოთ ტაჯფელისა და კოლეგების მიერ შემუშავებული სოციალური იდენტობის თეორია, რომლის განხილვა ეთნოცენტრიზმის ჭრილში აუცილებელია. სოციალური იდენტობის თეორიის მთავარი ჰიპოთეზა მდგომარეობს შიდა ჯგუფის იდენტობის ხარისხსა და ჯგუფთაშორისი დაპირისპირების ალბათობას შორის არსებულ პირდაპირპორციულ კავშირში. თეორიის ავტორების მიხედვით, ინდივიდის ძლიერ იდენტიფიცირებას შიდა ჯგუფთან, მივყავართ გარე ჯგუფის მიმართ გაზრდილ უარყოფით დამოკიდებულებამდე, რაც თავის მხრივ, კონფლიქტის ალბათობას ზრდის. ხოლო ერთ-ერთი ფაქტორი, რომელზეც ნეგატიური ჯგუფთაშორისი დამოკიდებულება შეიძლება იყოს დაფუძნებული, არის სწორედ ეთნიკურობა(Houghton, 2009).

ვსაუბრობთ რა საკუთარი ჯგუფის აღმატებულ ხარისხში განხილვაზე და მისთვის უპირატესობის მინიჭებაზე, ამ შემთხვევაში შეგვიძლია „სოციალური დომინანტობის თეორია“ მოვიშველიოთ, რომელიც დგას ინდივიდის ფუნდამენტურ სურვილზე, რომ სხვა ჯგუფებთან შედარებით, საკუთარი ჯგუფი ფლობდეს უმაღლეს სოციალურ სტატუსს(Houghton, 2009). თეორია ხაზს უსვამს ისეთ საკითხებს, როგორიცაა დომინანტი ჯგუფის მიერ იერარქიულობის, უთანასწორობის, უმცირესობის დისკრიმინაციის ლეგიტიმაცია. სოციალური დომინანტობის ორიენტაციის კონსტრუქტი გულისხმობს, თუ რამდენად ძლიერია პიროვნების მიმღებლობა ისეთი იდეოლოგიებისა, რომლებიც ამართლებს უთანასწორობას და იერარქიას. ეს, გარკვეულწილად, გამოწვეულია ადამიანის სურვილით, საკუთარი ჯგუფი იყოს დომინანტური. ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან სოციალური დომინანტობის ორიენტაციის მაღალი მაჩვენებლით, მიდრეკილნი არიან, გამოავლინონ ეს სურვილი დაქვემდებარებული ჯგუფების წარმომადგენლების მიმართ ცრურწმენების ამოქმედებაში(Sidanius, Pratto, 1999).

ცრურწმენებს საფუძვლად სხვა მრავალ ასპექტთან ერთად საფრთხის განცდის არსებობაც უდევს. როგორც მსჯელობის დასაწყისში აღვნიშნეთ, ინდივიდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონკრეტულ ჯგუფთან კუთვნილება მისი ბიოლოგიურად თუ სოციალურად დეტერმინირებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ამიტომ როდესაც ჯგუფში ჩნდება შეხედულება იმის შესახებ, რომ მეორე ჯგუფი შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, წარმოიქმნება საფრთხის განცდა(Stephan, 2000). საუბარია ჯგუფთაშორის საფრთხის თეორიაზე, რომელშიც საფრთხის ორი ტიპი გამოიყოფა: რეალისტური და სიმბოლური. პირველ შემთხვევაში იგულისხმება საფრთხე, რომელიც ემუქრება ჯგუფის ძალაუფლებას, ეკონომიკურ რესურსებს და ზოგად კეთილდღეობას, კარგად ყოფნას. ხოლო სიმბოლური საფრთხე არის საშიშროება, რომელიც ჯგუფის რელიგიას, ღირებულებებს, რწმენებს, იდეოლოგიას, ფილოსოფიას, მორალს ემუქრება. საგულისხმოა, რომ ჯგუფთაშორისი საფრთხის თეორია აქცენტს აკეთებს აღქმულ საფრთხეზე. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად რეალურია საფრთხე. სწორედ აღქმული საფრთხის არსებობა იწვევს გარე ჯგუფების მიმართ უარყოფითი ცრურწმენების გაჩენას(LeVine & Campbell, 1972; W. G. Stephan et al., 1998, 1999).

შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დომინანტური ჯგუფის მიერ ეთნიკური უმცირესობის წევრებზე მიმართულ ცრურწმენებს საფუძვლად სწორედ საფრთხის შეგრძნება უდევთ.

წინამდებარე საკითხის განხილვისას, ნათელი გახდა, რომ ცრურწმენების წყარო არის ადამიანის მიდრეკილების შედეგი, მოახდინოს მოვლენების და საგნების კატეგორიზაცია და შესაბამისად, აღიქვას ადამიანები არა ინდივიდებად, არამედ რომელიმე ჯგუფის წევრებად. აღმოჩნდა, რომ უმეტესად ცრურწმენებზე გავლენას ახდენს ადამიანების ტენდენცია, უპირატესობა მიანიჭონ საკუთარ ჯგუფს, რაც მათ მაღალ თვითშეფასებას ამყარებს. ვითვალისწინებთ, რა ცრურწმენების ამ მახასიათებელს, ნათელი ხდება თუ რატომ არის მასთან მჭიდრო კავშირში ეთნოცენტრიზმი. ვინაიდან ეს უკანასკნელი საკუთარი ჯგუფის, როგორც ყველაზე მნიშვნელოვნად წარმოდგენას გულისხმობს, მისი უპირატესობის გამოსაკვეთად, ჯგუფის წევრები სხვა ჯგუფის გაუფასურებას იწყებენ და მის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებებს ამჟღავნებენ. ყველაზე მეტად კი ეს „ტაქტიკა“ მათივე საარებო გარემოში დამკვიდრებულ ეთნიკურ უმცირესობაზე ვრცელდება.

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:მარი როჭიკაშვილი
მარი როჭიკაშვილი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0