x
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები
image

ხარისხის სტანდარტი დაყოფილია მიმართულებებად.

ხარისხის სტანდარტის მიმართულებებია:

ა) უსაფრთხოება და დაცულობა - მიმართულება, რომელშიც მოცემულია ის ძირითადი ასპექტები, რომლითაც ხასიათდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების უსაფრთხოება და დაცულობა, ასევე მოცემულია ის შედეგები, რომელიც ეხება როგორც ბავშვის, ასევე, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკურ და ემოციურ დაცულობას;


ბ) კურიკულუმი და მეთოდოლოგია - მიმართულება, რომელშიც მოცემულია იმ მეთოდური საშუალებების მახასიათებლები, რომლებიც განაპირობებენ ბავშვზე ორიენტირებულ სწავლებას და ხელს უწყობენ ხარისხის სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას;

გ) ფიზიკური გარემო - მიმართულება, რომელშიც მოცემულია ბავშვის განვითარების ხელშემწყობი ფიზიკური გარემოს მახასიათებლები;

დ) ურთიერთობა - მიმართულება, რომელშიც მოცემულია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სივრცეში ჩამოსაყალიბებელი ურთიერთობები და ბავშვის განვითარების ხელშემწყობი სოციალური გარემოს მახასიათებლები;

ე) საგანმანათლებლო პროცესი - მიმართულება, რომელშიც მოცემულია ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის შემადგენელი კომპონენტები და პროცესის ეფექტიანად წარმართვის მახასიათებლები;

ვ) ოჯახისა და თემის მონაწილეობა - მიმართულება, რომელშიც მოცემულია შედეგები, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ოჯახის აქტიურ მონაწილეობას ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ყოველდღიურ საქმიანობაში და უზრუნველყოფს პოზიტიურ ურთიერთკავშირებს დაწესებულებასა და ბავშვის ოჯახს შორის;

ზ) კულტურული მრავალფეროვნება და ინკლუზია - მიმართულება, რომელშიც მოცემულია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემასთან და თითოეული ბავშვის თანაბარ ჩართულობასთან დაკავშირებული მახასიათებლები, მიუხედავად მისი საჭიროებისა, შესაძლებლობისა, კულტურული, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით განსხვავებულობისა;

თ) მართვა და შეფასება - მიმართულება, რომელშიც მოცემულია ხარისხიანი პროგრამის დაგეგმვის, განხორციელების, შეფასებისა და მხარდაჭერის პრინციპები.

3. ყოველი მიმართულება მისაღწევი შედეგების - სტანდარტების სახით არის წარმოდგენილი. თითოეული სტანდარტისთვის განსაზღვრულია შედეგის მიღწევის მაჩვენებლების - ინდიკატორების ჩამონათვალი.

ამ შემთხვევაში განვიხილავ ერთ-ერთ მიმართულებას: უსაფრთხოებასა და დაცულობას.

  • სტანდარტი - დაწესებულება ზრუნავს თითოეული ბავშვისა და თანამშრომლის ფიზიკური ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე. სტანდარტის ინდიკატორები:
  • image

    ა) დაწესებულების ფიზიკური გარემო შექმნილია “ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ’’ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;

    ბ) დაწესებულებას აქვს მკაფიოდ გაწერილი პროცედურები თითოეული ბავშვისა და დაწესებულების თანამშრომლების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად (გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, მედიკამენტების საჭიროების თუ სხვა შემთხვევებში);

    გ) უშუალოდ ბავშვთან მომუშავე საგანმანათლებლო პერსონალს (თითოეულ ჯგუფში - მინიმუმ ერთს) აქვს პირველადი გადაუდებელი დახმარების შემსწავლელი თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

    დ) დაწესებულებას გააჩნია ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციის მექანიზმები;

    ე) დაწესებულებას აქვს და საჭიროების შემთხვევაში, იყენებს საგანგებო სიტუაციების მართვის სტრატეგიას, რომელიც საგანაგებო სიტუაციებისას სხვადასხვა პირთა პასუხისმგებლობებს მოიცავს(ხანძარი, მიწისძვრა, წყალმოვარდნა, ქარიშხალი, მეწყერი, ზვავი და სხვა);

    ვ) დაწესებულებაში უზრუნველყოფილია თითოეული ბავშვის პირადი ჰიგიენის ნორმების (ხელის დაბანა, საპირფარეშოს მოხმარება, კბილების გახეხვა) დაცვა;

    ზ) დაწესებულების თანამშრომლები მოქმედებენ “წყალი, სანიტარია და ჰიგიენა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;

    თ) თითოეულ ბავშვს აქვს დასვენებისა და ძილის საჭიროების დაკმაყოფილების შესაძლებლობა;

    ი) ბავშვებს აქვთ მოძრავი თამაშების ეზოში (მინიმუმ ერთი საათი სრული დღის შემთხვევაში), ხოლო ძლიერი უამინდობის შემთხვევაში (ქარიშხალი, სეტყვა, ძლიერი ყინვა) შენობაში თამაშის შესაძლებლობა;

    კ) დაწესებულების როგორც შიდა სივრცეში, ისე ეზოში იკრძალება თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლური სასმელების მოხმარება;

    ლ) პროგრამის ფარგლებში დაწესებულების ტერიტორიიდან ბავშვების გაყვანის შემთხვევაში (ექსკურსია, ლაშქრობა და სხვა) დაცულია მათი უსაფრთხოება;

    მ) დაწესებულებაში ბავშვების კვებით უზრუნველყოფის შემთხვევაში გათვალისწინებული და დაცულია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის “ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის პირობები;

    ნ) ეზოში ყოფნისას თითოეული ბავშვი ჩაცმულია ამინდის შესაბამისად.

  • სტანდარტი - დაწესებულება ზრუნავს თითოეული ბავშვისა და დაწესებულების ყველა თანამშრომლის ემოციური უსაფრთხოების დაცვაზე. სტანდარტის ინდიკატორები:
  • ა) დაწესებულებაში წახალისებულია თითოეული ბავშვის მიერ იდეებისა და აზრების თავისუფალი გამოხატვა;

    ბ) დაწესებულების გარემო თითოეული ბავშვისთვის პროგნოზირებადია - ყოველმა მათგანმა იცის საქმიანობათა თანმიმდევრობა და რას მოელიან მისგან;

    გ) დაწესებულების ფიზიკური გარემო ნაცნობია თითოეული ბავშვისთვის - ყოველმა მათგანმა იცის შენობისა და ეზოს ძირითადი ობიექტების ფუნქციური დანიშნულება;

    დ) თითოეულ ბავშვსა და დაწესებულების ყველა თანამშრომელს აქვს პირადი სივრცე მიკუთვნებულობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად;

    ე) დაწესებულების თანამშრომლები კეთილგანწყობილნი და ემოციურად გაწონასწორებულნი არიან ერთმანეთისადმი და ბავშვებთან ურთიერთობისას;

    ვ) დაწესებულების თანამშრომლები პატივს სცემენ თითოეული ბავშვის ემოციებს და ადეკვატურად რეაგირებენ მათზე - გამოხატავენ ემპათიას;

    ზ) თითოეული ბავშვი უმეტესად, აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო პროცესში; ძირითადად, გამოხატავს დადებით ემოციებს, არ შფოთავს და არ იძაბება;

    თ) თითოეულ ბავშვს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციების გამოხატვის საშუალება იმგვარი ფორმით, რომელიც ზიანს არ მიაყენებს სხვებს და საკუთარ თავს.

    image

  • სტანდარტი - თითოეულ ბავშვს აქვს არჩევანის თავისუფლება და გადაწყვეტილების მიღების საშუალება საკუთარი ინტერესების შესაბამისად. სტანდარტის ინდიკატორები:
  • ა) დაწესებულების თანამშრომლები ხელს უწყობენ თითოეული ბავშვის დამოუკიდებლობას;

    ბ) აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელი აკვირდებიან, უსმენენ თითოეულ ბავშვს, ითვალისწინებენ ბავშვის მოსაზრებებსა და ინტერესებს;

    გ) თითოეული ბავშვი არის საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების უშუალო მონაწილე;

    დ) თითოეულ ბავშვს ყოველდღიურად აქვს საშუალება, აირჩიოს საქმიანობები და გამოსაყენებელი საგანმანათლებლო რესურსი როგორც ჯგუფში, ისე - მის გარეთ.

  • სტანდარტი - დაწესებულების თანამშრომლები ქმნიან არაძალადობრივ და არადისკრიმინაციულ გარემოს. სტანდარტის ინდიკატორები:
  • ა) დაწესებულების თანამშრომლები პროგრამის ფარგლებში იცავენ ბავშვის უფლებათა კონვენციას;

    ბ) დაწესებულების თანამშრომლებს შეუძლიათ ძალადობის სხვადასხვა ფორმის (ფიზიკური, ემოციური, სექსუალური ძალადობა, უგულებელყოფა) ნიშნების ამოცნობა;

    გ) დაწესებულების თანამშრომლები იცნობენ კანონმდებლობით დადგენილ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს და ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, მოქმედებენ აღნიშნული პროცედურების შესაბამისად;

    დ) აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელი თითოეულ ბავშვთან ურთიერთობისას, ამკრძალავი სიტყვების, ტყუილისა და დაშინების ნაცვლად, იყენებენ პოზიტიურად ფორმულირებულ დებულებებსა და მართვის სტრატეგიებს;

    ე) დაწესებულების თანამშრომლები იცავენ თითოეული ბავშვისა და ოჯახის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობას, არ განიხილავენ ბავშვს/ბავშვის ოჯახს მისი და სხვა ბავშვების თანდასწრებით;

    ვ) დაწესებულების თანამშრომლების დამოკიდებულება თითოეული ბავშვისა და უფროსის მიმართ არადისკრიმინაციულია;

    ზ) დაწესებულების თანამშრომლები უყურადღებოდ არ ტოვებენ ბავშვებისა თუ უფროსების მიერ სხვადასხვა ნიშნის საფუძველზე (ეთნიკური, ენობრივი, რელიგიური, განსხვავებული საჭიროებების, ასაკის და სხვა) გამოვლენილ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ან ქცევას და ხელს უწყობენ სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას;

    თ) დაწესებულების თანამშრომლები მუშაობენ მშობლებთან ბავშვთა უფლებების საკითხში მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით.

    0
    158
    შეფასება არ არის
    ავტორი:მარი როჭიკაშვილი
    მარი როჭიკაშვილი
    158
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0