x
მორმონიზმი და ლგბტ ახალგაზრდების სუიციდის რიცხვი იუტას შტატში
image

მორმონთა საზოგადოებაში ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ბევრი წეს-ჩვეულება და რწმენა არსებობს, რომლებიც ეხება სწავლას, მუშაობას, სადღესასწაულო რიტუალებს, ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ერთიერთობებსა და სხვა. კონკრეტულად სექსუალობასთან დაკავშირებით, მათ არა ერთი რწმენა და წეს-ჩვეულება აქვთ, რომლებიც უკავშირდება უმწიკვლოებას, კოცნას, პორნოგრაფიას, ჰომოსექსუალიზმს, ქორწინებას, შობადობის კონტროლსა და სხვა მრავალ საკითხს (Sexuality and Mormonism, n.d.). ამჟამად აღვწერ მხოლოდ ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებულ იმ მნიშვნელოვან პრინციპებსა და წესებს, რომლებიც არსებობს მორმონთა ეკლესიაში. „ადამიანთა უფლებების კამპანიის“ ვებ-გვერდის მიხედვით, მიუხედვად იმისა, რომ ჰომოსექსუალიზმი შესაძლოა იყოს დაბადებიდან თანდაყოლილი, მორმონებს მიაჩნიათ, რომ ის სურვილები და მოთხოვნილებები რაც გააჩნიათ ამ ადამიანებს აუცილებლად უნდა იქნას გაკონტროლებული. ისინი ერთმანეთისგან მიჯნავენ ჰომოსექსუალურ ქცევასა და მიზიდულობას (Stances of Faiths on LGBTQ Issues, n.d.). მათი რწმენების მიხედვით, მიზიდულობა ცოდვა არ არის, მაგრამ ამ მიზიდულობის მოთხოვნილების შესაბამისად მოქმედება უკვე ცოდვაა - „გძულდეს ცოდვა მაგრამ გიყვარდეს ცოდვილი“.

თავდაპირველად მორმონებს მიაჩნდათ, რომ ჰომოსექსუალიზმი იყო „განკურნებადი“ მდგომარეობა, მაგრამ ამჟამად ისინი აცხადებენ, რომ „ინდივიდები არ ირჩევენ იყვნენ ჰომოსექსუალები“ და თერაპია, რომელიც ფოკუსირდება „სექსუალური ორიენტაციის შეცვლაზე“ არის „არაეთიკური“. მორმონები არ უარყოფენ გეი ან ლესბოსელ წევრებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მუდამ გააკონტროლებენ თავიანთი სექსუალური ორიენტაციიდან მომდინარე სურვილებსა და მოთხოვნილებებს. მათ საზოგადოებაში სასტიკად აკრძალულია სექსუალური კონტაქტი ერთი სქესის ადამიანებს შორის. მორმონთა ეკლესია აგრეთვე ეწინააღმდეგება ერთსქესიანთა ქორწინებას. 2016 წლის ნოემბერში მათ განაცხადეს, რომ ასეთი წყვილები გარიყულები იქნებიან ეკლესიიდან. გარდა ამისა, „ადამიანთა უფლებების კამპანიის“ მიხედვით (HRC), ჰომოსექსუალ წყვილებს არ აქვთ თავიანთი შვილების - აყვანილისა თუ ბიოლოგიურის - მონათვლის უფლება; აგრეთვე, მათ შვილებს არ შეუძლიათ დაესწრონ წირვა-ლოცვას ეკლესიაში მოზარდობის ასაკამდე სანამ არ აიღებენ ეკლესიის პრეზიდენტისგან ნებართვას. ეკლესიის პოლიტიკა ლგბტ ადამიანების მიმართ დიდი ხანია დაპირისპირების წყაროა ეკლესიის შიგნით თუ გარეთ და წევრებს შორის უთანხმოების სერიოზულ მიზეზს წარმოადგენს.

ახლა კი მიმოვიხილავ მაიკლ ბარკერის, დენიელ პარკინსონისა და ბენჯამინ ნოლის სტატიას „ლგბტ მორმონთა კრიზისი: პასუხი სუიციდის ემპირიულ კვლევაზე“, რომელშიც მოყვანილი და განხილულია მორმონთა საზოგადოებაში, ლგბტ ახალგაზრდების სუიციდის რისკის შესახებ სხვადასხვა კვლევაში მიღებული მონაცემები და საკითხები. მორმონთა საზოგადოების ლგბტ მოზარდებში თვითმკვლელობის მცდელობის რიცხვი ორჯერ აღემატება ჰეტეროსექსუალ მოზარდებში თვითმკვლელობის მცდელობის რიცხვს. გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ამ მოზარდებს უფრო მეტად ახასიათებთ დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, ნივთიერებების ბოროტად გამოყენება და სხვა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გეი, ლესბოსელ ან ტრანსგენდერ ადამიანად ყოფნა ყოველთვის არ წარმოადგენს სუიციდის რისკ-ფაქტორს. გარდა ამისა, ის ლგბტ მოზარდები, რომელთაც ჰყავთ მხარდამჭერი მშობლები და მეგობრები, გრძნობენ თავს უფრო დაცულად და არ არიან ფსიქიკური პრობლემების რისკის ქვეშ. ამის საპირისპიროდ კი, ლგბტ მოზარდები, რომლებიც უარყვეს ოჯახის წევრებმა და რომელთაც არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ მათ გარშემო მყოფი ადამინებისგან, მეტად არიან მიდრეკილნი სუიციდისადმი.


მშობლების მხრიდან ლგბტ მოზარდების უარყოფა ხშირად გამოწვეულია ადგილობრივი ეკლესიის ლიდერებისა და კონკრეტულად მორმონთა ეკლესიის კულტურის მიერ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ლგბტ საზოგადოებაში სუიციდის რისკი მოზრდილობის ასაკშიც მაღალია. გარდა ამისა, მათთან კიდევ უფრო მეტად აღინიშნება ნარკოტიკის, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება და დეპრესია. აღსანიშნავია, რომ ამ რისკ-ფაქტორებისა და სუიციდის რიცხვის შემცირება შესაძლებელია „ოჯახური ინტერვენციებით, რომლებიც ხელს უწყობენ უიმედობისა და დეპრესიის სიმპტომების შემცირებას“ (Mustanski and Liu, 2013). ბარკერი და სხვ., სტატიაში (2016) აღნიშნავენ აგრეთვე, რომ მხარდამჭერი საზოგადოებები და სკოლები ამცირებენ თვითმკვლელობის რისკს ლგბტ მოზარდებში. სკოლების ანტი-ჰომოფობიურმა ინტერვენციებმა, როგორიცაა მაგალითად გეი-ჰეტეროსექსუალების ალიანსები (Gay-Straight Alliances, GSAs), შესაძლოა შეამცირონ სუიციდური აზრები და მცდელობები ლგბტ სტუდენტებში.

სტატიაში (Barker et al., 2016) აღნიშნულია, რომ 2011 წლის შემდეგ იუტას შტატში მოზარდთა თვითმკვლელობის მაჩვენებელი გაორმაგბულია. მისი საშუალო რიცხვი აღემატება მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით სუიციდის რიცხვის საშუალო მაჩვენებელს. მრავალი კვლევა ადასტურებს სუიციდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მოზარდებს შორის იუტაში სხვა შტატებთან შედარებით. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ლგბტ მოზარდებში, განსაკუთრებით კი მათთან, ვინც მორმონთა რელიგიიის წარმომადგენლები არიან.

ბეკერი და სხვ., სტატიაში აღნიშნავენ (Barker et al., 2016), რომ იუტას შტატში 2011 წლიდან სუიციდის რიცხვის გაორმაგებული მაჩვენებელი დაკავშირებულია მორმონთა ეკლესიის წესებთან ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ. თვითმკვლელობა გახდა წამყვანი მიზეზი სიკვდილიანობისა ამ ასაკობრივ ჯგუფში. მართალია კორელაცია არ გულისხმობს მიზეზ-შედეგობრიობას, თუმცა ამის და მიუხედავად მაინც მნიშვნელოვანია შევისწავლოთ ამ კორელაციის ფაქტორები, რათა განვსაზღვროთ თუ რომელ მათგანს შეუძლია ახსნას კაუზალური კავშირი.

სუიციდის გაორმაგებული მაჩვენებელი აგრეთვე ეხმიანება სოციალურ მედიაში ლგბტ საკითხებისადმი გაძლიერებულ ყურადღებასა და მათ განხილვას, განსაკუთრებით კი იუტაში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებული დებატები ხდება სულ უფრო და უფრო აქტუალური. ამას ემატება მორმონთა ეკლესიის მხრიდან წამოსული აშკარა კრიტიკა და წინააღმდეგობა ერთსქესიანთა ქორწინების მიმართ. ამ ყოველივემ კიდევ უფრო მეტად გაზარდა ჰომოფობია და ანტი-ლგბტ დამოკიდებულებები ოჯახებში. შესაბამისად აშკარაა, რომ ამ ჯაჭვს მივყავართ ოჯახების მხრიდან ლგბტ მოზარდების უარყოფამდე, რაც შედეგად ზრდის სუიციდის რისკს ამ მოზარდებში.

მართალია ეს და სხვა კვლევები, დაკვირევებები და მონაცემები პირდაპირ არ პასუხობს ჩვენს კითხვებს ლგბტ ახალგაზრდებში სუიციდის რიცხვის მაჩვენებელთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი ზრდიან ჩვენს შეშფოთებასა და მეტ ყურადღებას ამ ახალგაზრდების კარგად ყოფნაზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და სუიციდის რისკზე.

0
68
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ კავთუაშვილი
თამარ კავთუაშვილი
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0