x
რა უარყოფითი შედეგები მოჰყვება ჯგუფურ აზროვნებას

image

ადამიანები ხშირად ხვდებიან ისეთ სიტუაციაში, როცა უწევთ, რომ ჯგუფის წევრები იყონ. ეს შეიძლება იყოს სკოლაში საერთო პროექტზე მუშაობა თუ თათბირი სამსახურში, როცა საერთო გადაწყვეტილებაა მისაღები. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა ვინმემ წამოაყენოს იდეა, რომელსაც არ ეთანხმებით და თვლით, რომ საკმაოდ სუსტია. თუმცა თუ მას ჯგუფის ყველა წევრი დაეთანხმება, გამოჩნდება, რომ ჯგუფი უკვე მზად არის გადაწყვეტილების მისაღებად და მის შესასრულებლად. ასეთ დროს, დიდია ალბათობა, რომ თქვენ არ გამოთქვამთ საკუთარ აზრს და მიიღებთ უმრავლესობის მოსაზრებას. ჯგუფური აზროვნების ცნება პირველად გამოიყენა სოციალურმა ფსიქოლოგმა ირვინგ ჯენისმა. ეს არის კონსესუსისათვის მამოძრავებელი ფსიქოლოგიური ძალა გადაწყვეტილების მიმღებ მცირე ჯგუფში, რომელსაც ჰყავს დირექტიული ლიდერი და რომელიც უარყოფს ყველა საწინააღმდეგო აზრს, შედეგად კი მიღებული გადაწყვეტილება ხშირად არასწორია.

image

ისტორიაში ჯგუფური აზროვნების შედეგად მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების მრავალი მაგალითი არსებობს. მათ შორისაა ღორების ყურის შემთხვევა, რომელიც შეგვიძლია კუბის კრიზისის შემთხვევას დავუპირისპიროთ. ეს არის მაგალითი, როცა იმავე ჯგუფმა ვერ გაუძლო ჯგუფური აზროვნების ზეწოლას ერთ შემთხვევაში (ღორების ყურე) და გაუძლო სხვაში ( უბის კრიზისი).

1961 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დაფინანსებით საგანგებოდ გაწვრთნილი კუბელ ემიგრანტთა ჯგუფი ღორების ყურის გავლით გადასხლდა კუნძულზე, რათა გადაეყენებინათ ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი, ფიდელ კასტრო. „ღორების ყურის ოპერაცია“ მოულოდნელი თავდასხმა უნდა ყოფილიყო, ამიტომ საიდუმლო შეხვედრები იმართებოდა. თუმცა ამ შეხვედრებს ესწრებოდა პრეზიდენტი კენედი და არავის სურდა, რომ ეჭვი შეეტანა მის მოსაზრებებში, ამიტომ არ ჰქონდა ადგილი მეთოდოლოგიური გადაწყვეტლების მიღების პროცედურებს, რამაც გამოიწვია უსაფრთხოების ილუზია, ერთსულოვნების ილუზია და მრჩეველთა შორის პირადი ეჭვის ჩახშობა. საბოლოოდ, ეს შეჭრა მარცხით დასრულდა. ჯენისის მიხედვით, აქ ჯგუფური აზროვნების მიზეზი იყო შეჭიდულობა, საიდუმლოება, მიკერძოებული ხელმძღვანელობა და კრიტიკული მეთოდოლოგიის ნაკლებობა.

ხოლო კუბის კრიზისი იყო 13–დღიანი დიპლომატიური კრიზისი, როცა აშშ ეწინააღმდეგებოდა სსრკ–ს მიერ ატომური რაკეტების კუბაზე განლაგებას. მაშინ, როდესაც „ღორების ყურის“ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების დროს პრეზიდენტმა კენედიმ გამოიყენა დახურული ლიდერობის სტილი, კარიბის კრიზისის დროს მან გამოასწორა შეცდომა და მიმართა ღია ლიდერობის სტილს. მან ყურადღება გაამახვილა პრობლემის ალტერნატიულ გადაწყვეტებზე, მრჩეველებს სთხოვდა დისკუსიაში მონაწილეობის მიღებას, შეხვედრები უფრო ღია და ნაკლებად ფორმალური იყო, ჯგუფები შედგებოდა ქვეჯგუფებისგანაც და კენედი ზოგიერთ შეხვედრაზე არც კი ცხადდებოდა, რათა გავლენა არ ჰქონოდა გადაწყვეტილების მიღებაზე თავისი იქ ყოფნით. ამ ცვლილებებმა გააუმჯობესა გადაწყვეტილების მიღების პროცესი და კენედიმ შეძლო მოლაპარაკება რაკეტების გაყვანის შესახებ. როდესაც ჯენისმა შეამოწმა გადაწყვეტილების მიღების ახალი პროცესი, აღმოჩნდა, რომ აღარ ფიქსირდებოდა ჯგუფური აზროვნების სიმპტომები.

image

ლეტერმანი თუ ლენო: ჯგუფური აზროვნების ანალიზი NBC–ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში

ნეკმა (Neck, 1996) გააანალიზა ერთმანეთის მიყოლებით მიღებული ორი გადაწყვეტილება NBC–ს ხელმძღვანელების მიერ და იკვლია ის როლი, რომელიც ლიდერობამ შეასრულა ჯგუფური აზროვნების გაძლიერებით პირველ შემთხვევაში და მისი შერბილებით მეორე შემთხვევაში. როდესაც „ღამის შოუს“ წამყვანი ჯონი კარსონი 30 წლიანი მუშაობის შემდეგ პენსიაზე გავიდა NBC–ს ხელმძღვანელები ორი გადაწყვეტილების წინაშე დადგნენ. პირველი იყო ის, თუ ვინ დაიკავებდა კარსონის ადგილს: ჯეი ლენო თუ დევიდ ლეტერმანი. მეორე კი ეხებოდა იმას, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ იმ ვარსკვლავთან დაკავშირებით, რომელსაც არ აირჩევნდნენ.

პირველ შემთხვევაში, ჯენისის ჯგუფური აზროვნების ყველა მახასიათებელი სახეზე იყო. გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა NBC–ის პრეზიდენტი ბობ რაითი, იყო შეჭიდული, გარე აზრისგან იზოლირებული, ჰომოგენური და იყო სწორი გადაწყვეტილების მიღების სტრესის ქვეშ. რაითი ფიქრობდა, რომ ლენო უკეთესი წამყვანი იქნებოდა, ხოლო ლეთერმანი შუა დღის შოუს სტანდარტებს უფრო აკმაყოფილებდა. მან გააჟღერა თავისი ეს შეხედულება და ამის შემდეგ აღარავის უცდია მის გადაწყვეტილებასთან შეწინააღმდეგება, ამიტომ NBC–მ აირჩია ლენო. ეს გადაწყვეტილება კი გამანადგურებელი აღმოჩნდა NBC–სთვის, რადგანაც ლეთერმანი დათნხმდა CBS–ის კონტრაქტს ღამის შოუსთვის და დაუპირისპირდა ჯეი ლენოს შოუს. საბოლოოდ კი მას უფრო მაღალი რეიტინგი და შემოსავალი ჰქონდა.

მეორე გადაწყვეტილება იყო, თუ რა მოეხერხებინათ ლეთერმანისთვის, რადგანაც მათ „ღამის შოუსთვის“ აირჩიეს ლენო. ამ შემთხვევაში ჯგუფური აზროვნების ყველა მახასიათებელი სახეზე იყო, გარდა ორისა: ლიდერის მიერ კონკრეტული შედეგისთვის უპირატესობის მინიჭება და ჯგუფის იზოლაცია. ბობ რაითმა ნეიტრალური პოზიცია შეინარუჩნა და წაახალისა წევრები, რომ გამოეთქვათ თავისი მოსაზრება, ხოლო ექსპერტების იქ ყოფნამ აღმოფხვრა იზოლაციის პრობლემა. ამან გამოიწვია შეფასება კრიტერიუმების ფართო სპექტრის მიხედვით და დაკავშირებული ხარჯებისა და რისკების ფრთხილი შეფასება. მეორე გადაწყვეტილების ანალიზმა დაამტკიცა, რომ ჯგუფური აზროვნების დეფექტებს აქ არ ჰქონიდა ადგილი, გარდა ზოგიერთი მახასიათებლის არსებობისა.

ეს კვლევა ადასტურებს, რომ ლიდერის ქცევა და ექსპერტების არსებობა მნიშვნელოვანი ფაქტორებია ჯგუფური აზროვნების სიმპტომების შემცირებაში, როდესაც ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს.

დასკვნა

რადგანაც არ არსებობს ერთი მიდგომა, რომელიც აუცილებლად შეამცირებს ჯგუფურ აზროვნებას, ამიტომ საჭიროა იმის მხედველობაში მიღება, რომ არ არსებობს ჯგუფისა თუ ინდივიდების ფიქსირებული ატრიბუტები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეს ფენომენი და ლიდერობას შეუძლია ჯგუფურ აზროვნებასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან არიდება იმით, რომ 1. ყურადღებით იყოს ამ ფენომენის მახასიათებლებისა და სიმპტომების მიმართ; 2. მიიღოს უსაფრთხოების ზომები ამის ასაცილებლად და ყველაზე მნიშვნლოვანი 3. იმის გაცნობიერება, რომ ლიდერობის როლი დიდ როლს ასრულებს ორივეში, როგორც ჯგუფური აზროვნების შემცირებაში, ასევე გაზრდაში.

0
92
შეფასება არ არის
ავტორი:ნატო ლაღიძე
ნატო ლაღიძე
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0