x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82964
  • ვიდეო:334281
  • სურათი:440636
სიკვდილმისჯილი ხომალდების სასაფლაო ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე

სიკვდილმისჯილი გიგანტი, რომელსაც მთელი თავისი არსებობის მანძილზე გადაჰყავდა მგზავრები, გადაჰქონდა ნავთობი, კონტეინერები ან სულაც იარაღი, უკანასკნელად იღებს გეზს. ეს რეისი მისთვის ძალიან მოკლე იქნება: რამდენიმე წუთის შემდეგ ხომალდი მთელი ძალით შეეჯახება ქვიშიან სანაპიროს, რომელიც მისი სასაფლაო გახდება. ამ დროს ის ძალიან ჰგავს საბრალო ვეშაპს, რომელმაც თავის მოსაკლავად ოკეანის ნაპირზე გამოსვლა გადაწყვიტა, მაგრამ თუ ვეშაპების ამგვარი ქცევის მიზეზი დღემდე გამოცანად რჩება ადამიანებისათვის, ხომალდთან მიმართებაში ყველაფერი ცხადია და გარკვეული.



image


ნაპირზე გამორიყვის შემდეგ ხომალდს ჭიანჭველებივით შეესევიან ადამიანები და იწყებენ მის დაჭრასა და დაშლას პნევმატური ჩაქუჩებით და გაზის აპარატებით. გემების სიცოცხლის ეს უკანასკნელი დღეები მეტად მომგებიანი ბიზნესია, მაგრამ უზარმაზარი საფრთხის შემცველი და საშიში საქმიანობაა, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

მაშ ასე, მოდით ერთად ვნახოთ, როგორ მიცურავენ ინდოეთის ოკეანის სანაპიროსთან ვეტერანი გემები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რათა აქ პოვონ სამუდამო განსასვენეებლი.



იდეის დაბადება



image


ხომალდების და გემების სიცოცხლის ხანგრძლივობა არც ისე დიდია. ის დაახლოებით რამდენიმე ათეული წელი გრძელდება. უფრო დიდხანს ცოცხლობენ მხოლოდ უნიკალური, რაღაცით გამორჩეული ხომალდები, რომლებიც კაცობრიობისათვის ძვირფასია, დანარჩებები კი 30-40 წლიანი მოგზაურობის შემდეგ სასაკლაოზე ხვდებიან, თუ რა თქმა უნდა, ტაიფუნის ან გრიგალის გამო მანამდე არ აღმოჩნდნენ ოკეანის ფსკერზე. წინათ, როცა გემებს ძირითადად ხისგან აკეთებდნენ, საქმე გაცილებით მარტივად იყო: თითქმის ყველა მასალა, რისგანაც ხომალდი იყო გაკეთებული, იწვებოდა უნარჩენებოდ ისე, რომ ბუნებას არანაირ ზიანს არ აყენებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ადამიანებმა დაიწყეს გემების აგება ლითონის მასალისაგან, შემდეგ კი მათი საშუალებით ათასნაირი მავნე ნივთიერებების გადაზიდვა, სიტუაცია შეიცვალა - ლითონი არ იწვის და ის გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ხე.



image



თავდაპირველად სიკვდილმისჯილი ვეტერანების დაშლის პროცესი საკმაოდ ცივილიზებულ ხასიათს ატარებდა და ხელსაყრელი იყო როგორც მისი ძველი მფლობელის, ასევე უტილიზაციის ჩამტარებელი კომპანიისთვისაც. გემი შეჰყავდათ მშრალ დოკში ან მას უბრალოდ დასვამდნენ მეჩეჩზე, შემდეგ ნაწილობრივ შლიდნენ, ხოლო მისი დიდი ნაწილი ახალ სიცოცხლეს იძენდა, მაგრამ ისევე, როგორც ყოველთვის, ყველაფერი ერთმა შემთხვევამ შეცვალა:



image



1960 წელს ბერძნულ ხომალდ MD Alpine-ს კატასტროფა დაატყდა თავს: ხომალდი საშინელ გრიგალში მოჰყვა, რომელმაც ის გარიყა აღმოსავლეთ პაკისტანის სანაპიროზე მდებარე პატარა ქალაქ ჩიტაგონგთან ახლოს (დღეს ეს ტერიტორია ბანგლადეშის დამოუკიდებელ სახელმწიფოს ეკუთვნის). გემის მფლობელებს აღარ გააჩნდათ არც რესურსები, არც ტექნიკური შესაძლებლობები იმისა, რომ ხომალდი შეეკეთებინათ და უკან, ზღვაში დაებრუნებინათ. ის ფაქტიურად მიაგდეს და შემდგომი 5 წლის განმავლობაში გონებაგამჭრიახმა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გემიდან მოიტაცეს ყველაფერი, რისი წაღებაც კი შეიძლებოდა; თუმცა ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, ვერ მოიპარეს - გემის კორპუსი კიდევ კარგა ხანს იჟანგებოდა ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. 1965 წელს მასზე ყურადღება გაამახვილა მეპატრონემ ადგილობრივი მეტალურგიული ქარხნისა, რომელიც საშინლად განიცდიდა ნედლეულის უკმარისობას. ხომალდის ნარჩენები მან მიზერულ ფასად შეიძინა გემის ყოფილი მფლობელისაგან, დაჭრა ის ნაწილებად და ბრძმედის ღუმელში გადასადნობად გაამწესა, სადაც, სავარაუდოდ, ვეტერანი გემის კორპუსისაგან სრულიად ახალი ნივთები დაამზადეს.



image



1970-იანი წლების დასაწყისში მსგავსი ოპერაცია განმეორდა პაკისტანის გემის Al Abbas-ის მისამართით, რომელიც ძალიან იყო დაზიანებული ბანგლადეშის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. განსხვავება მხოლოდ ერთი იყო: Al Abbas სპეციალურად მიიყვანეს სიტაკუნდში, სადაც უკვე არსებობდნენ მუშები, რომელთაც გემის დაშლის გამოცდილება ჰქონდათ. გემის დაშლა ბერძნულ ხომალდზე გაცილებით უფრო ოპერატულად მოხერხდა და სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს მოუვიდა ვიღაცას თავში ერთი შეხედვით, არცთუ ისე ცუდი იდეა: საზღვაო ვადაგასული ხომალდების დაშლა სარფიან ბიზნესად ექცია.



გემების მსოფლიო სასაფლაო



image



ერთი შეხედვით, ეს იყო გენიალური იდეა: ჯერ ერთი, ახლად დამოუკიდებლობა მიღწეულ ბანგლადეშს არ გააჩნდა არანაირი ნედლეული მეტალურგიული მრეწველობისათვის, ხოლო მოთხოვნილება მის მიერ გამოშვებულ პროდუქციაზე არაჩვეულებრივად დიდი იყო; ამ პრობლემის გადაჭრა კი შეეძლო იაფფასიან ჯართს - მაგალითად, ძველი ხომალდების ნარჩენებს. მეორეც, ბანგლადეშში არსებობდა ფენომენალურად დიდი სამუშაო ძალა: 1970-იანი წლების შუახანებში მისმა მოსახლეობამ უკვე 70 მილიონს გადააჭარბა...



image



მოსახლეობის რაოდენობის უსწრაფესი ზრდა დღესაც მიმდინარეობს და ამჟამად ამ ქვეყანაში 160 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამ მილიონებიდან ადამიანების უმეტესი ნაწილი მზად იყო მიზერულ თანხად ემუშავა ყოველგვარი სოციალური დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის უგულებელყოფის, სამედიცინო მომსახურეობის არქონის და გამოსასავლელი დღეების გარეშე, საარსებო მინიმუმის მოსაპოვებლად.

მესამე, თავად ჩიტაგონგის ბუნებრივი პირობები თითქოსდა სპეციალურად იყო განკუთვნილი ხომალდების უტილიზაციისათვის. ფართო ქვიშიანი სანაპიროები ოკეანეში გასასვლელი უმცირესი დახრით, მაღალი ტალღები ზღვის მოქცევის დროს – საოცრად აიოლებდა სიკვდილისათვის განწირული ლითონის ვეშაპების ნაპირზე გამორიყვას.




image




თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩიტაგონგი სულაც არ წარმოადგენს ხომალდების სასაფლაოს. აფრიკაში, მავრიტანიის ქალაქ ნაუდიბუსთან ახლოს მდებარე ოკეანის სანაპიროზე იხრწნება ათასობით გემი მსოფლიოს სხვადსახვა კუთხიდან, რომლებიც ბედის ანაბარად არიან აქ მიტოვებულნი. მათში ბუნებრივი გზით მიმდინარეობს ლითონების კოროზიის პროცესი. ბანგლადეშის, ინდოეთის და პაკისტანის უტილიზაციის ცენტრებში აქედან მისული ხომალდებიდან რამდენიმე თვეში ფაქტიურად არაფერი რჩება. დაშლის პროცესი ყველა ქვეყანაში ფაქტიურად ერთნაირად მიმდინარეობს.




image




უმტესწილად ძველი ხომალდის მფლობელი მას შუამავლის საშუალებით ყიდის. შუამავალი სწრაფად უცვლის გემს სახელს და მწარმოებელი ქვეყნის დასახელებას (ევროპის და ამერიკის განვითარებული ქვეყნები კრძალავენ თავიანთი დროშის ქვეშ მცურავი გემების განადგურებას სამხრეთაზიელი ღატაკების ხელით), შემდეგ კი ის გააქვს აუქციონზე. საბოლოოდ მას ყიდულობს რომელიმე კომპანია, რომელიც გემების უტილიზაციითაა დაკავებული. განაჩენგამოტანილი ხომალდი უკანასკნელს რეისს აკეთებს თავის სასაფლაომდე, სადაც მისი ნაწილებად დაშლა ხდება.



image



ზღვის მოქცევის გავლენით ცარიელი გემი ქვიშიან სანაპიროზე გამოირიყება და მყარად ჯდება ქვიშაში, რის შემდაგაც მას შეესევა ათობით მუშა (მათ შორის საკმაოდ ბევრია არასრულწლოვანი), რომლებიც მას აცლიან ყველა დეტალს: სავარძლებს და სხვა ავეჯს, კაბელებს, რომლებშიც ფერად ლითონებისგან დამზადებული სადენებია, პარალელურად სათბობის ავზიდან და საინჟინრო სისტემიდან ხდება ტექნოლოგიური სითხეების გადმოღვრა. შემდეგ უკვე საქმეს შეუდგება სხვა ბრიგადა, აღჭურვილი აერომჭრელებით, რომლებიც ხომალდს საბოლოდ აქუცმაცებენ პატარა ნაწილებად.




image



უტილიზაციის პროცესი ძალიან პრიმიტიულია და თითქმის არამექანიზირებული. გემის კორპუსიდან გამუდმებით ცვივა პატარა ნაწილები, ლითონის ნამსხვერევები, ასევე იშლება ძრავა და ყველა სხვა ნაწილი, უმცირეს დეტალებამდე. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ამ პატარა სახელმწიფოში ზედმეტი არაფერი არაა- ნაპირზე გამორიყული ლითონის ვეშაპიდან სულ მალე აღარაფერი რჩება და მის ადგილს უკვე ახალი ობიექტი იკავებს.



image



გემების დაშლის მრეწველობის არნახული ზრდა სამხრეთ აზიისა და აფრიკის დაბალგანვითარებულ ქვეყნებში ყველასათვის ხელსაყრელი იყო: ალანგი, ჩიტაგონგი და გადანი 1970-1990 წლებში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მსოფლიოს ყველაზე დიდი გემთდამშლელი ცენტრის სახელის მოპოვებაში. ხომალდების რიცხვი ათასობით განისაზღვრებოდა, ხოლო მათი ტვირთამწეობა მილიონი ტონობით. ეს სქემა ძალზე ხელსაყრელი იყო გემების ყოფილი მეპატრონეებისთვისაც : ისინი არამარტო თავიდან იცილებდნენ ზედმეტ ტვირთად ქცეულ მოძველებულ ხომალდებს, არამედ მილიონობით დოლარსაც იჯიბავდნენ (ევროპის და ამერიკის დოკებში გემების უტილიზაცია ძალიან ძვირადღირებული მომსახურებად ითვლება).




image



კმაყოფილი იყვნენ მეტალურგიული ქარხნების მესვეურებიც, რადგან ისინი ასიათასობით ტონა ჯართს იღებდნენ, რაღა თქმა უნდა, კარგ ფულს შოულობდნენ დამშლელი კომპანიების მეპატრონეებიც. ყველაზე მეტად დაზარალებული კი იყვნენ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ ახდენდნენ გემების დაშლას- ღატაკი ბანგლადეშელები, ინდუსები და პაკისტანელები, რომლებიც გროშების ფასად ასრულებდნენ და დღესაც ასრულებენ მძიმე და საშიშ სამუშაოს. თავად განსაჯეთ-ყველაზე საუკეთესო სპეციალისტები 12 საათიანი მძიმე სამუშაო დღის შემდეგ 10-12 $-ს იღებენ, ხოლო შედარებით დაბალი დონის მუშების დღიური გამომუშავება ამის ნახევარსაც კი ვერ აღწევს. მიუხედავად ასეთი მათხოვრული ხელფასისა, მუშაობის მსურველთა რიცხვი არ იკლებს და ეს იმ დროს, როცა ეს საქმიანობა სასიცოცხლო რისკებთანაა დაკავშირებული: სათბობის ავზებში ხშირად გროვდება მომწამლავი სითხეები, ხოლო გაზის საჭრელის გამოყენებამ შეიძლება საშინელი აფეთქება გამოიწვიოს, რაც არაერთხელ მომხდარა. ასე მაგალითად, 2016 წლის 1 ნოემბერს პაკისტანის ქალაქ გადანში ნავთობმზიდის დაშლის დროს მოხდა აფეთქება, რომელმაც 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღო 60-მდე კაცმა.




image



ამ მუშებისათვის არ არსებობს არანაირი დაზღვევა, არანაირი სამედიცინო მომსახურება, არაა დაცული შრომის უსაფრთხოების ელემენტარული წესები. მოკლედ, ისინი ბედის ანაბარა არიან მიგდებულნი... ვინ იცის, რამდენი უბედური შემთხვევა მომხდარა ამ ანგარებში, რომლის შესახებაც არავის არაფერი არ შეუტყვია.




image



გემის დემონტაჟზე მომუშავე მუშა შეიძლება დაიღუპოს აფეთქების დროს, დაიწვას ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, გაიგუდოს დახურულ სივრცეში დაგროვილი მავნე აირების ზეგავლენით, მოიწამლოს მავნე ნივთიერებებით, გარდაიცვალოს ან დასახიჩრდეს გემიდან გადმოვარდნილი ლითონის ნაჭრის დაცემით, აიკიდოს ონკოლოგიური დაავადება ტყვიასა და სხვა მძიმე მეტალებთან მუდმივი კონტაქტით, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას მათი ბედი ნაკლებად აღელვებს....



image



ადამიანებზე არანაკლები ზიანი ადგება ადგილობრივ ბუნებას. ეკოლოგიური საფრთხე გემების დემონტაჟის დროს ძალიან დიდია. ის გარეგნულად ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა არანაკლებ მძიმე. რა თქმა უნდა, იქ, სადაც არაფრად აგდებენ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ბუნებაზე ვინღა იფიქრებს და იზრუნებს? არადა ბაზელის კონვენციის დადგენილებით დაწესებული წესების მიხედვით გემების დაშლის დროს მიღებული ყველა მავნე ნივთიერება ადგილზე უნდა დახარისხდეს, შენახულ იქნას სპეციალურად დაცულ კონტეინერებში და განადგურდეს შესაბამისი წესით, მაგრამ ფაქტობრივად ყველაზე ახლო ადგილი, სადაც მათი თავიდან მოშორება შეიძლება, გახდა ინდოეთის ოკეანე. სანაპიროს წყლები და თავად სანაპიროს ტერიტორია, სადაც დაშლა მიმდინარეობს, სტიქიური უბედურების ზონადაა ქცეული, თუმცა ეს აქ არავის ადარდებს.




image



ჩიტაგონგის, ალანგის და გადანის სანაპიროებზე დაასრულა არსებობა ათასობით გემმა, სწორედ ეს სამი ცენტრი აკონტროლებს ამ ბიზნების 80%-ს. კიდევ 15% მოდის ჩინეთისა და თურქეთის ამგვარი ტიპის, ოღონდ შედარებით ცივილიზებულ დაწესებულებებზე, თუმცა იქ მიმდინარე სამუშაოებიც არანაკლებ კრიტიკას იმსახურებს პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების მხრიდან.




image



მხოლოდ 5% ამ სახის მრეწველობისა მიმდინარეობს ცივილიზებული წესით, სერთიფიცირებულ დოკებში, სადაც ტექნოლოგიური პროცესი სავსებით პასუხობს უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნებსა და ეკოლოგიურ ნორმებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სამხრეთ აზიის მზიან სანაპიროებზე მდგომარეობა ოდნავ გამოსწორდა, ისინი ძველებურად წარმოადგენენ საფრთხეს როგორც ადამიანების, ასევე ბუნებისათვის... და კიდევ, ეს ადგილები ნამდვილი სამოთხეა ფოტოგრაფებისათვის, რადგან იშვიათი, დამთრგუნველი სანახაობა რკინის ვეშაპების დაშლისა გაცილებით სულისშემძვრელია და ეფექტური, ვიდრე უმწეო, ბებერი, სიკვდილისათვის განწირული გიგანტების ხილვა.



imageimageimageimageimage







2
578
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
578
  
9 ნოემბერი, 12:28
ჩემი ბოლო paycheck იყო € 32746 ოპერაციული ონლაინ. მე სრული დრო ვარ სტუდენტი და მუშაობს ორი საათის განმავლობაში ჩემს ლეპტოპზე.იგი ძალიან კარგავს ამდენ ფულს, როდესაც სხვა ადამიანს უნდა იმუშაოს იმდენად ნაკლებად.მიიღეთთ პოზიცია მე ვთხოვ თქვენ რეაგირება ახლავე! ასე რომ, მხოლოდ ამ ვებგვერდის გავლა ....

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ w­w­w­.­C­a­s­h­7­2­.­C­o­m
8 ნოემბერი, 10:41
ძალიან კარგია როგორც ყოველთვის!
0 1 2