x
მეტი
  • 10.12.2018
  • სტატია:83573
  • ვიდეო:334389
  • სურათი:441503
ერეკლე II-ს შთამომავალი შაჰის სამსახურში

imageბაჰრამ არიანა დაიბადა1906 წლის 17 მარტს ქ. თეირანში. დედის მხრიდან მეფე ერეკლე II-ს შთამომავალი იყო.


მისი ნამდვილი სახელი – ჰოსეინ მოთამედი მანუჩეჰრი თონექაბონი გახლდათ, რომელიც 1950 წელს შეიცვალა.


არიანამ საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო აკადემია დაამთავრა და 1955 წელს, პარიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორის ხარისხიც მიიღო.


როცა 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ირანში ინგლისისა და საბჭოთა კავშირის ჯარები შეიჭრნენ, მან ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ბოლოს, ბრიტანელებმა დააპატიმრეს.


1964–1965 წლებში, სამხრეთ ირანში (ისპაანი, ხუზესთანი, ფარსი) წარმატებით აღკვეთა ადგილობრივი ტომების გამოსვლა შაჰის მიწის რეფორმის წინააღმდეგ. 1965-დან 1969 წლამდე გენერალი არიანა არმიის შტაბს ხელმძღვანელობდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბაჰრამ არიანა სიმპათიით იყო განწყობილი პრეისლამური ირანის ტრადიციებისადმი, შეიარაღებულ ძალებში მას არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, რომლებმაც გაავრცელეს ხმა, რომ არიანა გეგმავდა სამხედრო გადატრიალებას შაჰის წინააღმდეგ.

image1969 წელს მან იქორწინა ახალგაზრდა სორაია ასარზე, რომელსაც ახალი სახელი მიაღებინა – არიანუში.


გენერალ არიანას ნაციონალისტური შეხედულებები მეტისმეტად რადიკალური აღმოჩნდა: სურდა, „წმინდა წიგნად“, ყურანის ნაცვლად, შაჰნამე გამოეცხადებინათ.


ასევე, თვლიდა, რომ საჭირო იყო სპარსული ანბანის უარყოფა და ლათინურ დამწერლობაზე გადასვლა, რის გამოც შაჰის უშიშროების სამსახურმა „სავაქ“-მა სათანადო ზომებს მიმართა. 1971 წელს, გენერალმა, მეუღლესთან ერთად, ირანი დატოვა და პარიზში გადასახლდა.

imageრევოლუციის პერიოდში, ბაჰრამ არიანამ „ირანის განთავისუფლების არმია“ („აზადეგან“) ჩამოაყალიბა. ამ ორგანიზაციის წევრებს ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც „ფუნდამენტალისტ მონარქისტებს“, რომლებიც ფეჰლევიანთა დინასტიის აღდგენას ცდილობდნენ. „აზადეგან“-ის მთავარი შტაბ-ბინა პარიზში მდებარეობდა და მასში გაწევრიანებულნი იყვნენ, როგორც ნაციონალისტები, ასევე, – ზომიერი მემარცხენეები და მონარქისტები.


„აზადეგან“-ის მტკიცებით, ირანში 12 ათასი მომხრე, მათ შორის, შეიარაღებულ ძალებშიც ჰყავდა. ორგანიზაციას მხარს აქტიურად შაჰის ადმირალი ქამალ ჰაბიბოლაჰი უჭერდა. მაგალითად, 1981 წლის აგვისტოში, „აზადეგან“-ის მებრძოლებმა, ჰაბიბოლაჰის ხელმძღვანელობით, რამდენიმე სამხედრო კატერი გაიტაცეს. მოგვიანებით, ორგანიზაცია ირანის უშიშროების ძალებმა ("ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი"; საიდუმლო პოლიცია "სავამა") გაანადგურა.

ბაჰრამ არიანა გარდაიცვალა პარიზში 1985 წლის ივლისში.


ლიტერატურა:
1. "Iranian Personalities. General Bahram Ariana". Iran Chamber Society. Retrieved 4 January 2016.
2. Rezvani, Babak (Winter 2009). "The Fereydani Georgian Representation". Anthropology of the Middle East 4 (2): 57.
3. Brian Murphy. The Root of Wild Madder: Chasing the History, Mystery, and Lore of the Persian. (2005), p. 193.
4. Anoushiravan Ehteshami (1995). After Khomeini: the Iranian Second Republic. Psychology Press. p. 15.
5. "Defense & Foreign Affairs", February 1981.
6. The New York Times. June 27, 1985.
7. The New York Times. August 19, 1981.
8. "Iran: Piracy, Protests And Polemics", David S. Jackson; Sandra Burton; George Russell, Time Magazine, 24 August 1981.
9. The New York Times. June 27, 1985.

0
466
2-ს მოსწონს
ავტორი:ვასილ პაპავა
ვასილ პაპავა
466
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0