x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სულ რაღაც ხუთიოდე სანტიმეტრი და ამ სტატიის ავტორი ვერასოდეს ვერ დაწერდა სტატიას ელვის დაცემით გამოწვეული საშიშროების გამო

image გუშინ უფროსთან და ორ თანამშრომელთან ერთად ქუთაისში მოგვიწია საქმიან შეხვედრაზე წასვლამ.
საკმაოდ გვიან დამთავრდა შეხვედრა და პრაქტიკულად ვერც კი მოვასწარით ან გვესადილა ან გვევახშმა. ჩემი რჩევით გადავწყვიტეთ სენაკიდან გადაგვეხვია და სამხედრო გზით გვესარგებლა ზუგდიდის მიმართულებით, თან ჩემი სოფელი უნდა გაგვევლო და ბებია მარიამი წინასწარ გავაფრთხილე სტუმრები, რომ მომყავდა.
ნოჯიხევის გზაზე ისეთმა თქეშმა მოგვისწრო გერმანული ბრენდის სპეციალური შეკვეთით დამზადებული მანქანის საქარე მინის გაწმენდას ძლივს ასწრებდნენ მინის მწმენდავები.
ამას დაემატა გამაყრუებელი გრგვინვის ხმა და ელვა. საჯიჯაოდან ხიბულას გზაზე წვიმამ უფრო იმატა და რამდენიმე წუთით იძულებული გავხდით მანქანა გაგვეჩერებინა. ელვამაც იმატა, ისეთი სურათი იყო თითქოს ელვა ვერტიკალურად კი არ ეცემოდა ხეებს არამედ ჰორიზონტალურად, ისეთი "დაძარღვული" ფორმის ელვა ეცემოდა სხვადასხვა ადგილებს.
მიუხედავად ძლიერი წვიმისა გადავწყვიტეთ გზა გაგვეგრძელებინა, რადგან ღია ადგილას მდგარ, საკმაოდ დიდი გაბარიტების მანქანას არ იყო გამორიცხული მაგნიტივით მიეზიდა ელვა.
როგორც იქნა გავიარეთ ჭანისწყლის ხიდი და სოფელ ნარაზენში გადმოვედით, უკვე ქარმაც იმატა. თუმცა გზის გასავლელი მონაკვეთი უკვე იმდენად ნაცნობი იყო ჩემთვის, რომ თვალდახუჭულსაც შემეძლო მგზავრობა.
გამოვცდით ნარაზენის თემის ცენტრს, გამოვცდით ნარაზენის ყოფილ ჩაის მეურნეობას, გამოვცდით ხეცერის ჩაის ყოფილი მეურნეობის შესასვლელს და მდინარე უმპიის დაღმართზე დავეშვით, ხიდი გადავიარეთ და მოგვიწია ქარსაფარი ზოლის გავლა, სადაც რამდენიმე ხეს უკვე დაცემოდა ელვა, ისეთი მხვილი ტოტები და გახლეჩილი ხის წვეროები ეყარა გზაზე, ის იყო გავცილდით ქარსაფარ ზოლს და სულ რაღაც 3 კილომეტრი დაგვრჩა ჩემი სოფლის სახლამდე ამ დროს მოხდა ის, რასაც ალბათ კარგა ხანი ვერ დავივიწყებ მე და ალბათ ჩემი უფროსი და კოლეგები.
ნარაზენის გამანაწილებელი ქვესადგურისაკენ მიმავალ 35 000 ვოლტიანი მაღალი ძაბვის სადენს ელვამ დაარტყა, საშინელი ნაპერწკლები გაიფანტა და მოგვესმა გუგუნი და დავინახეთ ცეცხლოვანი ბურთი, რაც გამოიწვია მეხამრიდი ხაზის გაწყვეტამ და მუშა ძაბვის ხაზზე დაცემამ. არ ვიცი რატომ არ იმუშავა ზუგდიდში ავტომატური გამორთვის სისტემამ, მაგრამ ის კი ვიცი, თუ როგორ გადაუარა ჩვენს მანქანას სანტიმეტრებში მაღალი ძაბვის სადენმა, რომელსაც ჯერ კიდევ ცეცხლი ეკიდა.
სწრაფად დავწიე მანქანა უკუსვლით, სადენი კარგა ხანს იკლაკნებოდა ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ, ბოლოს როგორც იქნა გზისპირას გაჩერდა, თუმცა არ იყო გამორიცხული სადენი ძაბვის ქვეშ ყოფილიყო. უფროსმა დაურეკა ცენტრალურ სადისპეტჩეროს და აუხსნა საქმის ვითარება, საიდანაც უთხრეს, რომ მთელი სისტემა გამორთულია.
ბუნებრივია გზა გავაგრძელეთ და მალე მივედით ჩემს სახლში, სადაც მარიამ ბებიამ გულუხვად გვმასპინძლა არც ჩემთვის ჩურჩხელას გატანა დავიწყებია.
გადავკოცნე, ჩავიხუტე ჩემი გამზრდელი ბებია და დავემშვიდობე.
მხოლოდ ანაკლიაში ჩასვლის მერე გავიაზრე თუ რას გადავრჩით.
საბრძოლო ვითარებაში ან განაღმვითი სამუშაოების დროს ბევრჯერ გამივლია სიკვდილის ხაზზე, მაგრამ ასე იდიოტური სიკვდილისათვის მზად არ ვიყავი.

2
125
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
125
  
2018, 5 სექტემბერი, 12:38
უღრმესი მადლობა...
უსაშინლესი ამინდი იყო, თან ადრე მაღალი ძაბვის სადენებს ადრე მეხამრიდი სპეციალური სადენი გასდევდა ბევრად მაღლა, ავბედით 90-იან წლებში დახსნეს სულ, აღდგენაზე კი არავის უზრუნია და უკვე ელვა პირდაპირ მაღალი ძაბვის სადენებს ეცემა...
2018, 5 სექტემბერი, 11:20
მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარივით წავიკითხე, თან რომ ყველაფერს წარმოიდგენ... გილოცავთ გადარჩენას )
0 1 2