ორი მეზობელი ერთმანეთთან ძალიან ახლოს ცხოვრობდა. მოვიდა ზამთარი და ირგვლივ ყველაფერი თოვლმა დაფარა. ერთი მეზობელი დილით ადრე ნიჩბით გამოვიდა, რომ სახლის წინიდან თოვლი გადაეყარა და შესასვლელი გაეწმინდა. ვიდრე გზას წმენდდა, მეზობლის სახლს გახედა. აინტერესებდა, მისი სახლის შესასვლელი რა მდგომარეობაში იყო. აღმოჩნდა, რომ მეზობელს უკვე მოესწრო თოვლის გატანა და სახლისაკენ მიმავალი ბილიკის გაკეთება.
მეორე დღეს ისევ მოვიდა თოვლი. პირველი მეზობელი კიდევ უფრო ადრე ადგა და შეუდგა საქმიანობას. გაიხედა და მეზობლის ბილიკი უკვე გამზადებული იყო.
მესამე დღეს, მუხლებამდე თოვლი მოვიდა. პირველი მეზობელი კიდევ უფრო ადრე ადგა, რომ კარ-მიდამო მოეწესრიგებინა... მეზობელს კი - უკვე სწორი და ლამაზი გზა ჰქონდა თოვლში “გაჭრილი".
იმავე დღეს, მეზობლები ერთმანეთს ქუჩაში შეხვდნენ. ილაპარაკეს აქეთურზე, იქეთურზე და პირველმა მეზობელმა, ისე თითქოს სიტყვამ მოიტანაო, ჰკითხა მეორეს:
— მისმინე, მეზობელო, როდის ასწრებ თოვლისაგან სახლის შესასვლელის გაწმენდას? რამდენი გამოვიხედე, სახლში შესასვლელი ბილიკი ყოველთვის გამზადებული გაქვს. მეორე მეზობელს ჯერ გაუკვირდა, ხოლო შემდეგ უპასუხა:
— სიმართლე რომ გითხრა, არასოდეს გამიწმენდია. ჩემთან მეგობრები მოდიან და მისვლა-მოსვლაში იტკეპნება.