ავსტრალიური კომპანია Lucapa Diamond–ი ალმასების მოპოვებით არის დაკავებული ანგოლაში. ქვეყანაში, ალმასის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საბადო ლულო (Lulo), ლუანდის აღმოსავლეთით, ქალაქიდან 600 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. იქ უკვე 6 ალმასი იპოვეს, თითოეული 100 კარატის.
ფართომასშტაბიანი მოპოვებითი სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარებას საჭიროებს. ამიტომ, წიაღისეულის მოპოვების რაიონებში, მომპოვებელი კომპანია, გზებს აშენებენ. მშენებლობისას, უკვე დამუშავებული ქანების ნაშალ მასალას იყენებენ, რომელიც სპეციალური მექანიზმთ ხარისხდება – 280 კარატზე მძიმე და მსუბუქ ქვებად. საქმე იმაშია, რომ ანგოლაში მოპოვებული ყველაზე მძიმე ალმასი 278 კარატს იწონიდა. ამიტომ, დამახარისხებელი მექანიზმი სწორედ ამ სიდიდეზე იყო დაყენებული ანუ ქანების დაშლის შემდეგ, იმ ქვების შესწავლა ხდებოდა, რომლებიც 280 კარატზე ნაკლებს იწონიდა, ხოლო დანარჩენი – გზის მშენებლობაზე იგზავნებოდა. და ასე გრძელდებოდა, ვიდრე წელს, დამახარისხებელი მანქანის ოპერატორმა, მანქანის ეკრანზე, შემთხვევით, 404 კარატიანი ალმასი არ შეამჩნია. რეკორდულად მსხვილი ზომის ქვა 16 მლნ. დოლარად გაიყიდა, ხოლო Lucapa Diamond კომპანიამ დამახარისხებელ მანქანაზე 1000 კარატიანი ქვის ზომის ზღვრული მაჩვენებელი დააფიქსირა. აპარატის მოდერნიზება კომპანიას 2, 75 მილიონი დაუჯდა, ანუ ერთი საშუალო ზომის ალმასმა გადაფარა მთელი დანახარჯები. თუმცა, კომპანიის აქციონერებმა სავსებით მართებული საკითხი წამოჭრეს იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ მდიდარ საბადოზე, შეიძლებოდა ადრეც ყოფილიყო დიდი ზომის ძვირფასი ქვები. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქვები, სხვა ნარჩენებთან ერთად, გზის მშენებლობაზე გამოიყენეს.
ამჟამად, კომპანია Lucapa Diamond-ის ხელმძღვანელი უკვე გაყვანილი გზის აყრას და გადამუშავებას არ გამორიცხავს.