თეატრი მარია კალასი. ცხოვრების და გარდაცვალების საიდუმლოებები 2016, 7 ივნისი, 9:15 მარია კალასი ყოველთვის ლეგენდებით იყო გარემოცული და მთელი ცხოვრების მანძილზე, ჭორების გავრცელების საფუძველს იძლეოდა: მან წონაში 92-დან – 64-კგ-მდე დაიკლო, ხოლო გახდომის ხერხი არავის გაანდო; ჯერ კიდევ ქორწინებაში მყოფი, საზღვაო კრუისში გაემგზავრა ბერძენ მილიარდელ, არისტოტელ ონასისთან ერთად; ხმა დაკარგა და სცენა დატოვა; სიცოცხლის მიწურულს, სულ მარტო დარჩა და სიკვდილამდე, 2 წლის მანძილზე, სახლიდან თითქმის არ გამოსულა. მისმა გარდაცვალებამაც არანაკლები პასუხგაუცემელი კითხვები გააჩინა. იყო ვერსია, რომ მომღერალი მოწამლეს და დანაშაულის დასაფარავად, სხეულს კრემაცია ჩაუტარეს. მარია ანა სოფია სესილია კალოგეროპულუ არასასურველი ბავშვი იყო – მშობლები ვაჟის დაბადებას ელოდნენ, მაგრამ გოგონა გაჩნდა. დედა, რამოდენიმე დღის მანძილზე, მის ნახვაზე უარსაც კი ამბობდა. მალე მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და დედა-შვილი ამერიკიდან სამშობლოში, საბერძნეთში, დაბრუნდნენ. 5 წლიდან პატარა მარია ფორტეპიანოს გაკვეთილებზე დადიოდა, ხოლო 8 წლის ასაკში – ვოკალშიც დაიწყო მეცადინეობა. მუსიკალური განათლება კონსერვატორიაში გააგრძელა, სადაც გამოცდილმა პედაგოგებმა, მაშინვე აღმოაჩინეს მისი უბადლო ნიჭი. მარია კალასი და ტულიო სერაფინი, 1949 წ. დიდ სცენაზე მისი დებიუტი ათენის სცენაზე შედგა – მან პარტია შეასრულა პუჩინის ოპერაში «ტოსკა». მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე, საბერძნეთში მღეროდა და მსოფლიომ 1947 წ. გაიცნო, როდესაც ვერონას ოპერის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის სცენაზე გამოვიდა. კალასმა ამ გამოსვლით, იტალიელი დირიჟორის, ტულიო სერაფინის ყურადღება მიიპყრო და ის ვენეციის თეატრში მიიწვიეს. სწორედ აქედან დაიწყო მისი კარიერული წინსვლა. იტალიაში მან ოპერის დიდი თაყვანისმცემელი, მდიდარი მეწარმე, ჯოვანი ბატისტა მენეგინი გაიცნო, რომელსაც შემდეგში, საკუთარი ბედიც დაუკავშირა. მარია კალასი და ჯოვანი ბატისტა მენეგინი
მარია კალასი ჯ. ვერდის ოპერაში «ტრავიატა» (ვიოლეტას პარტია)
1960 წელს მარია კალასმა სცენა დატოვა, ხოლო 1968 წელს აგვისტოში, მორიგი კონფლიქტის შემდეგ, მილიარდელის იახტიდან ჩავიდა და იმავე წლის ოქტომბერში, მან გაზეთებიდან შეიტყო, ონასისისა და ჟაკლინ კენედის ქორწინების შესახებ. ონასისი დაქორწინდა, მაგრამ არა მარიაზე. «მე ჯერ წონა დავკარგე, შემდეგ ხმა, ახლა კი ონასისიც», – თქვა ჟურნალისტებით გარშემორტყმულმა კალასმა. მარია კალასი და არისტოტელე ონასისი, 1960 წ. La Divina – ღვთაებრივი – ასე ეძახდა მარიას ხალხი. 1973 წ. მარია კალასი სცენას დაუბრუნდა. ის დი სტეფანოსთან ერთად, ევროპის ქვეყნებში, საკონცერტო ტურში მონაწილეობდა. იმავე წელს, ის ონასის შეურიგდა, რომელმაც მომღერალი დაარწმუნა, რომ ჟაკლინთან ქორწინება, მხოლოდ გარიგება იყო, რომელიც ამერიკის პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებისთვის სჭირდებოდა. 1975 წ. ონასისი გარდაიცვალა, ხოლო მარია კალასი 1977 წლამდე, ანუ მის გარდაცვალებამდე, აღარავის უნახავს. ოფიციალური დასკვნის მიხედვით, მომღერალი გულის შეტევით გარდაიცვალა. მაგრამ, მის თაყვანისმცემლებს შორის, სულ სხვა ვერსია იყო გავრცელებული. ამბობდნენ, რომ მარია მისმა აკომპანიატორმა ვასა დევერცმა მოწამლა. რომელსაც, თითქოს, მისი ქონების მითვისება ჰქონდა განზრახული. ამიტომ, მომღერალს საჭმელში ტრანკვილიზატორებს უმატებდა და სხვებთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლებდა, რითაც მის დეპრესიულ მდგომარეობას, კიდევ უფრო ამძიმებდა. თუმცა ეს ვერსია არ დადასტურდა. კალასის ყოდილი მეუღლის აზრით კი, მომღერალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მარია კალასის სხეულის კრემაცია მოახდინეს, ხოლო ფერფლი ეგეოსის ზღვაზე მოაბნიეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად მომღერალი, სიცოცხლეში, კრემაციის სასტიკი წინააღმდეგი იყო. სწორედ ამან აფიქრებინა მის თაყვანისმცემლებს, რომ კალასი თავისი სიკვდილით არ მომკვდარა და კრემაციით დანაშაულის დაფარვა მოხდა. რთული სათქმელია, როგორი იქნებოდა კალასის ცხოვრება და კარიერა, ონასის რომ არ შეხვედროდა. ის წლების მანძილზე ერთი და იგივე სიზმარს ხედავდა: გრძელწვერიანი მოხუცი (როგორც, მომღერალი ამბობდა – ღმერთი) მას რთული არჩევანის წინაშე აყენებდა – ხმა ან ონასისისადმი სიყვარული? სიზმარში ის ხმას ანიჭებდა უპირატესობას, მაგრამ როდესაც იღვიძებდა, იმის შიშით, რომ ორივეს დაკარგავდა, სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა. მარია კალასის საიდუმლოებები ჯერ კიდევ ამოუხსნელია და შესაძლებელია ვერასოდეს გავიგოთ, თუ რა ხდებოდა, გასული საუკუნის ყველაზე დიდი მომღერლის ცხოვრებაში. 2092 9-ს მოსწონს
|