სხვა ავსტრალიაში კატებს და კოალებს ხოცავენ 2015, 27 ივლისი, 16:30 ავსტრალიის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო 2 მილიონი უსახლკარო კატის დახოცვის შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს. ამ გადაწყვეტილებამდე ხელისუფლება იმან მიიყვანა, რომ კატები საფრთხეს უქმნიან სხვა ცხოველების სიცოცხლეს კი არა და, საერთოდ მათ არსებობას კონტინენტზე. პირველად კატები, ავსტრალიაში, ევროპელებმა ჩაიყვანეს 200 წლის წინ. კომფორტულმა ბუნებრივმა პირობებმა და დიდი რაოდენობის საკვების არსებობამ, საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ამჟამად კონტინენტზე 20 მილიონზე მეტი ველური კატა არის და მათი ნადირობის ობიექტები არა მარტო თაგვები და ვირთხები, არამედ ფაუნის იშვიათ სახეობების წარმომადგენლებიც არიან. ბუნების დამცველი ორგანიზაციების ცნობით, ველური კატები, ყოველდღიურად 75 მილიონამდე სხვა ცხოველს ანადგურებენ. უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე, 29 სახეობის ცხოველი დაკარგა ქვეყანამ. ავსტრალიაში ბიომრავალფეროვნების შემცირება მხოლოდ კატების ბრალი არ არის. არის სხვა ფაქტორებიც, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ამაში სწორედ კატებს მიუძღვით დიდი წვლილი. ამჟამად გადაშენების ზღვარზე 20-მდე სახეობის ძუძუმწოვარი, 20 სახეობის ფრინველი და 30 სახეობის მცენარე არის. ამრიგად, უახლოეს მომავალში, ავსტრალიაში, ველური კატების მასობრივი ხოცვა დაიწყება. ქვეყნის ხელისუფლებამ, მსოფლიო საზოგადოება დაარწმუნა, რომ ამ გეგმის შესრულებისას ყველაზე ჰუმანურ ხერხებს გამოიყენებენ. კატებს დაალევინებენ საწამლავს, რომლის მიღების შემდეგ, ისინი დაიძინებენ და აღარასოდეს გაიღვიძებენ. კატების ნაწილს კი სტერილიზაციის ჩატარების შემდეგ, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე გადაიყვანენ. ამ მიზნებისთვის, ავსტრალიის ხელისუფლებამ 750 ათასი დოლარი გამოყო. ავსტრალიაში მსგავსი პრობლემის წინაშე პირველად არ დამდგარან. 1939 წ. ხოჭოებთან ბრძოლის მიზნით, რომლებიც შაქრის პლანტაციებს ანადგურებდნენ, ქვეყანაში ლერწმის შხამიანი გომბეშო შემოიყვანეს. მაგრამ, ისინი ისე გამრავლდნენ, რომ ეკოსისტემას შეუქმნეს საფრთხე. დიდ ზარალს აყენებენ სოფლის მეურნეობას კურდღლებიც, რომლების პირველი ფლოტთან ერთად გამოჩნდნენ ქვეყანაში. ხოლო XIX საუკუნის ბოლოს გამოჩენილი აქლემები, დღეს არტეზიულ წყლებს მთლიანად სვამენ და სხვა ცხოველებს წყურვილით სიკვდილისთვის წირავენ. ბოლო წლებში, ავსტრალიის ხელისუფლების მსხვერპლი კოალაც გახდა. უკვე მოკლულია 700 კოალა. მათი ამოწყვეტის ინიციატივა ვიქტორიას შტატის ხელისუფლებას ეკუთვნის, რომლის ტერიტორიაზე, ამ ცხოველების რაოდენობამ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა და ცხოველებს საკვები შემოელიათ. შტატის ტერიტორიაზე 1 ჰექტქრზე 20 კოალა მოდიოდა, რაც ბუნებრივი რესურსების სრულ გამოფიტვას იწვევდა. ცხოველებს ასეთ პირობებში არ შეეძლოთ საკვების მოძებნა და შიმშილით იტანჯებოდნენ, ხოლო ბოლომდე გაკრეფილი ევკალიპტები, ზრდას ვეღარ ახერხებდნენ. შტატის ხელისუფლებამ, ვიდრე კოალების დახოცვის გადაწყვეტილებას მიიღებდა, სხვა მეთოდიბით სცადეს სიტუაციის გამოსწორება: მაგ., კოალების ნაწილი ტყის იმ ნაწილში გადაიყვანეს, სადაც ბევრი საკვები იყო, მაგრამ ცხოველები ისე იყვნენ მიჯაჭვულები თავიაანთ ტერიტორიას, რომ ახალ ადგილზე, შიშის და შფოთის გრძნობა არ ასვენებდათ, რის გამოც დისკომფორტს გრძნობდნენ, მადა ეკარგებოდათ და შიმშილით იღუპებოდნენ. კოალების შიმშილით და ტანჯვით სიკვდილს, ხელისუფლებამ ისევ მათი დახოცვა არჩია, ყველა ეთიკური ნორმის დაცვით და კოალებს ევთანაზია ჩაუტარეს. პერსპექტივაში ევკალიპტის ხეების რიცხვის გაზრდაც არის, მაგრამ ეს დროში გაწელილი პროცესია, რომლის განხორციელება სახელმწიფო დონეზე უნდა მოხდეს. ამჟამად, ვიქტორიას შტატის ხელისუფლება, ცხოველების დაძინების გარდა, სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. 342 6-ს მოსწონს
|