საქართველო როგორ გაანადგურა რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა ილორის უნიკალური ეკლესია 27 აპრილი, 16:31 ![]() ილორის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ილორში მდებარეობს, რუსული ოკუპაციის შედეგად კატასტროფულად დაზარალდა. ეს ძველი ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლი, რომელიც XI საუკუნით თარიღდება, რუსებმა რადიკალურად გადააკეთეს, რითაც მისი ორიგინალური არქიტექტურული და კულტურული იერი იავარჰყვეს. რუსებმა საგულდაგულოდ სცადეს ილორში ქართული კვალის წაშლა; მათ ეკლესიას დაამატეს რუსული საეკლესიო არქიტექტურისთვის დამახასიათებელი გუმბათი, რაც მის ორიგინალურ სახეს ამახინჯებს. გარდა ამისა, ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე არსებული ხუთი ქართული ლაპიდარული წარწერა, რომლებიც XI საუკუნით თარიღდებოდა და ქართული დამწერლობის სამივე საფეხურს (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული) წარმოადგენდა, გადალესეს და გადაფხიკეს. ეს წარწერები უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ქართული ეპიგრაფიკისა და ისტორიისთვის! საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ეკლესიის გარე ფასადები მთლიანად, ხოლო შიდა კედლები ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს, რითაც ილორის ტაძრის ისტორიული ტექსტურა და ორიგინალური მოხატულობა დაფარეს. ოკუპანტებმა ეს ყოველივეც არ იკმარეს და ტაძრის გარე ფასადზე კონდიციონერების სისტემები დაამონტაჟეს. ამ ვანდალიზმის მიზანი მარტივი გამოსაცნობია: რუსებს სურთ აფხაზეთში ქართული კვალის გაქრობა და აფხაზეთის - ამ ძირძველი ქართული კუთხის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ის საქართველოს ისტორიული რეგიონი სულაც არ ყოფილიყოს არასოდეს. ილორის ულამაზესი ეკლესია საუკუნეების მანძილზე დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური ცენტრი იყო. ის მდიდარი იყო ქრისტიანული სიწმინდეებით, მათ შორის ბედიის ბარძიმით და წმინდა გიორგის ხატით. რუსული ოკუპაციის შემდეგ ეს ძეგლი გახდა პოლიტიკური მანიპულირების ობიექტი. დღეს ამ ეკლესიის შესწავლა და რესტავრაცია შეუძლებელია აფხაზეთის ოკუპირებული სტატუსის გამო. ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, ამერიკა და ევროკავშირი აქტიურად ცდილობენ ამ ძეგლის დაცვას საერთაშორისო დონეზე, თუმცა უშედეგოდ. ილორი თანდათან სულ უფრო პარტახდება და მისი დაცვა სულ უფრო შეუძლებელი ხდება. ილორის ეკლესიის მაგალითზე ნათელი გახლავთ, რომ რუსეთის პროპაგანდა, თითქოს ის მართლმადიდებლობის და ტრადიციული ფასეულობების დამცველი იყოს, საზარელი ფარსია და მის უკან ყოველგვარი ღირებულებებისგან დაცლილი, ცინიკური იმპერიალისტური ზრახვები იმალება მხოლოდ. 37 შეფასება არ არის
|