x
მეტი
  • 03.03.2025
  • სტატია:140677
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513538
5 სახალისო ისტორია ეროსი მანჯგალაძეზე
image

3 მარტს ქართველ მსახიობს და სპორტულ კომენტატორს ეროსი მანჯგალაძეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა.რუსთაველის თეატრში მრავალი მნიშვნელოვანი როლებით დაამახსოვრა თავი მაყურებელს: ზიმზიმოვი (გ. სუნდუკიანის "პეპო"), ლოპესი (ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), გვადი (ლ. ქიაჩელის "გვადი ბიგვა"), ოიდიპოსი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), აპრაკუნე (ი. ვაკელის "საქმიანი კაცი"), დათვი (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა”), თავადი ვანო (ა. ცაგარელის "ხანუმა"), აზდაკი (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე") და სხვა.


კინოში შექმნა კომედიური სახეები: ალექსანდრე ("წარსული ზაფხული"), სევერიანი ("თოჯინები იცინიან"), სამჭკუაშვილი ("ქვევრი"), მღვდელი ("ლონდრე"), ჩორეხი ("ნატვრის ხე") და სხვა.


ეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შემოგთავაზებთ 5 სახალისო ისტორიას მისი ცხოვრებიდან.




***


როდესაც გიორგი ტოვსტონოგოვმა გორკის „მდაბიონი“ დადგა, ტეტერევის როლზე მან ეროსი მიიწვია. პირველ სპექტაკლს პირველი აღიარება მოჰყვა. თუმცა მისი სრულფასოვანი დებიუტი ინსტიტუტის დასრულების შემდეგ შედგა სპექტაკლში – „ღრმა ფესვები“. იმ დროს ყველა სპექტაკლი შემოწმებას ცეკაში გადიოდა. აფიშის ტექსტიც კი მოწმდებოდა. ცენზურა ცეკას იდეოლოგიის განყოფილებას ევალებოდა, რომელსაც მაშინ შადური ხელმძღვანელობდა. როდესაც შადურს დასაბეჭდად გამზადებული აფიშის ტექსტი მიუტანეს, მან აფიშა დაიწუნა. ცეკას მდივანს მთავარი როლის შემსრულებლის სახელი არ მოეწონა – სახელი ეროსი საბჭოთა მსახიობს არ შეეფერება, ეს ბერძნული ღმერთის სახელიაო. მოდი, ეროსის ნაცვლად ერასტი დავწეროთო. ამაზე ეროსი ძალიან გაბრაზდა და სპექტაკლში თამაშზე საერთოდ უარს ამბობდა. ბოლოს ცეკამ კომპრომისული ვარიანტი გამოძებნა – აფიშაზე ეროსის სახელი შეამოკლეს და ერ. მანჯგალაძე დაწერეს.



***



ცნობილია, რომ ეროსი მანჯგალაძე მარტო ცხოვრობდა. მარტოობას, როგორც მისი მეგობრები ამბობდნენ, ერთი უჯიშო, ყრუ და კოჭლი ძაღლი ატანინებდა, რომელიც ქვეყანას ერჩია. ეს ძაღლი მოსკოვში აჩუქეს, იაპონური ჯიშის იყო და სახელი ტანგო ეროსიმ დაარქვა, ბავშვობაში სოფელში ძროხა ჰყავდა ტანგო და იმის საპატივცემულოდ. ტანგოს იცნობდა მთელი ვაკე, რადგან ხშირად იკარგებოდა და ბარნოვის ქუჩის მცხოვრებლები თავგამოდებით ეძებდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ეროსის სიხარული ეს ძაღლი იყო. მართლაც ისე უყვარდა, რომ როდესაც რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი გასტროლების დროს რუმინეთში ძაღლის წაყვანის უფლება არ მისცეს, ბუქარესტში გამგზავრებაზე უარი თქვა, სანამ პირობა არ მიიღო, რომ ძაღლს კინოლოგი მოუვლიდა.
ერთი ამბავიც მომხდარა. გასტროლების დასრულების შემდეგ საბჭოთა საელჩოში ქართველ მსახიობებს ბანკეტი გაუმართეს. ელჩმა ეროსის სთხოვა, სადღეგრძელო ეთქვა. ტანგოს გაუმარჯოსო, უთქვამს. რა თქმა უნდა, არც ელჩმა და არც იქ დამსწრე საზოგადოებამ, ქართველების გარდა, ეროსის ძაღლზე არაფერი იცოდნენ. იფიქრეს, მსახიობმა ეს სადღეგრძელო არგენტინული ტანგოს საპატივცემულოდ შესვა და ორკესტრმაც მაშინვე ტანგო დაუკრა.
ტანგოს გარდაცვალება ძალიან განიცადა თურმე ეროსიმ და დიდი პატივით დაასაფლავა კუს ტბაზე. სესილია თაყაიშვილს და დოდო აბაშიძეს სამძიმრის დეპეშა გაუგზავნიათ - "ქელეხი არ გამოგვაპაროთ, თქვენი კეთილისმსურველები." გაიგო ეროსიმ, ვინ გაუგზავნა დეპეშა და დიდხანს არ ელაპარაკებოდა არც სესილიას და არც დოდოს.
***

ეროსი მანჯგალაძეს ფეხით სიარული ძალიან უყვარდა და თბილისის ქუჩებში მისი ნახვა საკმაოდ ხშირად იყო შესაძლებელი.

რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიასთან ერთი მათხოვარი იჯდა, რომელსაც მსახიობი შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა და მანეთიანს უდებდა ქუდში.

ერთხელ, როდესაც ხელოვანი რუსთაველის თეატრში მიდიოდა, კვლავ ჩაუარა ცნობილ მათხოვარს და ჯიბეში ხელი ჩაიყო მანეთიანის ამოსაღებად, თუმცა აღმოაჩინა, რომ საფულე სახლში დარჩენოდა.

ეროსი მანჯგალაძემ გამოსავალი მალევე იპოვნა, ჩანთიდან “კავკასიური ცარცის წრის” მთავარი გმირის – მოსამართლე აზდაკის ქუდი ამოიღო და მათხოვრის ადგილი დაიკავა, თან აზდაკის ფრაზას გაიძახოდა:

– ქრთამს ვიღებ, ქრთამს ვიღებო…

ქუჩაში მოსიარულეებმა იცნეს მსახიობი და მის ქუდში ფული დაუნანებლად ჩაყარეს. ეროსი მანჯგალაძის ქუდი რამდენიმე წუთში გაივსო.

მსახიობმა თავის ქუდში მოგროვილი ფული მთლიანად მათხოვრის ქუდში გადაყარა და ღიმილით უთხრა:

– აი, ძმაო, მთელი წლის ჩაიბარეო.

შემდეგ კი წამოდგა და გზა თეატრისკენ განაგრძო.




***


ეროსი მანჯგალაძე – ერთნაირად წარმატებული იყო როგორც სცენაზე, ასევე საფეხბურთო რეპორტაჟების დროსაც. ის შესანიშნავად ართმევდა თავს ამ ორ საქმეს. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ სპექტაკლი და საფეხბურთო მატჩი ერთმანეთს ემთხვეოდა. ასეთ დროს, დიდი ეროსი უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა და გამოსავლის ძებნა კურიოზულ სიტუაციაში აგდებდა.
ერთხელ, სპექტაკლი „ჭინჭრაქა” და თბილისის „დინამოს” სათასო მატჩი კვლავ ერთმანეთს დაემთხვა. სპექტაკლის რეჟისორმა, მიხეილ თუმანიშვილმა ეროსი მკაცრად გააფრთხილა:
– იცოდე, სპექტაკლს ვერ გააცდენ. უნდა ითამაშო. გაცდენა არ გაბედო, პირადად შეგამოწმებო.
მეორე მხრივ, ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ძიძიგურმაც იგივე უთხრა ეროსის...
ბევრი ფიქრის შემდეგ, ეროსიმ დახმარება ერთ ნაკლებადცნობილ მსახიობს სთხოვა (მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ), რომელიც უბადლო იმიტატორი იყო და განსაკუთრებით კარგად ბაძავდა ეროსის. ერთი სიტყვით, ეროსიმ ეს მსახიობი „დინამო” სტადიონზე მიიყვანა, საკომენტატორო ჯიხურში გამოკეტა, რომ ბლეფი არავის შეემჩნია. თვითონ კი, „ჭინჭრაქას” სათამაშოდ გაემართა. სპექტაკლი რომ მორჩა, ეროსი პირდაპირ თეატრიდან გაემართა ტელერადიოკომიტეტის შენობაში, რომ როგორც მაშინ იყო მიღებული, აკაკი ძიძიგურს ხლებოდა და დავთარში ხელი მოეწერა, გაწეული სამუშაოს შესახებ. მატჩი იმ დროისთვის უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. ბატონი კაკო ძიძიგური ეროსის დერეფანში შეეფეთა და გაოცებულმა შეხედა. მერე კი გაეცინა, კაბინეტში შეიპატიჟა და ჰკითხა:
– ხომ არ დაიღალე, რა სწრაფად მოსულხარო.
– დიახ. ვფიქრობდი, ხელს მოვაწერ და გავიქცევი, რეპეტიცია მაქვსო. – მიუგო ეროსიმ და ერთი სული ჰქონდა, ხელი მოეწერა და წასულიყო. თამაშის ანგარიში ჯერ არ იცოდა და ბატონ კაკოს რომ ეკითხა, სწორ პასუხს ვერ გასცემდა.
კაკო ძიძიგურმა კი, ეროსის ალმაცერად შეხედა. შემდეგ ჩართო რადიო და ეროსის გასაკვირად, მისი დუბლიორის ხმა გაისმა. საქმე ისაა, რომ თამაშის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და რადგან სათასო მატჩი იყო, დამატებითი დრო დაინიშნა. თამაში „დინამომ” მოიგო. კაკო ძიძიგურმა კი, ბოლომდე მოასმენინა „ლაივში” ეროსის თავისივე რეპორტაჟი და მშვიდობიანად გაუშვა.



***


ეროსი მანჯგალაძე ასეთ კურიოზს ყვებოდა: „სამოცდახუთი წელია. მთელი თეატრის დასი მოსკოვში ვიმყოფებით. მხოლოდ არა გასტროლებზე, არამედ საკავშირო უწყებრივი თასის საფეხბურთო ფინალის სათამაშოდ. ჩვენ, არც მეტი და არც ნაკლები, უშიშროების კომიტეტის („კაგებე“) ცენტრალური აპარატის გუნდს უნდა შევხვედროდით, რომელიც იმ დროს უძლიერესი იყო. თანაც ფინალი მოსკოვში ტარდებოდა და ყველა გვეუბნებოდა, განწირულები ხართო. ჩვენ კი მოგება გვინდოდა და ერთ ეშმაკობას მივმართეთ. წინა დღეს მოსკოვში თბილისის „დინამომ“ მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა და ჩვენი ბიჭები თბილისში უნდა დაბრუნებულიყვნენ. მე და რამაზ ჩხიკვაძე სასტუმროში მივადექით „დინამოელებს“. მიშა მესხი დავიმარტოხელეთ და ვთხოვეთ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში გრიმით ეთამაშა ჩვენი გუნდის შემადგენლობაში „კაგებეს“ წინააღმდეგ. მიშა არც კი შეყოყმანებულა, ისე დაგვთანხმდა. მეორე დღეს მიშას გრიმი გავუკეთეთ და რომ არ „დავმწვარიყავით“, ჩვეული მარცხენა თავდასხმის მაგივრად, დაცვის ცენტრში გავამწესეთ... ეს, რა თქმა უნდა, ნომინალურად. სინამდვილეში კი მიშამ „კაგებეს“ გუნდის წევრებს „მუსრი გაავლო“... ყველას ორ-ორჯერ ატყუებდა და ისე გაჰქონდა გოლები. მატჩზე მყოფი უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმირ სემიჩასტნი ისე იყო აღფრთოვანებული ქართველი „მცველის“ თამაშით, რომ ყვიროდა: ბრავო, ბრავო, ონ იგრაეტ, კაკ მესხიო... პირველი ტაიმი ხუთით ნული მოვუგეთ საბჭოთა მზვერავებს. შესვენებაზე კი მიშა გამოვცვალეთ და ის აეროპორტში გაემგზავრა და თბილისში დაბრუნდა. მეორე ტაიმში „კაგებემ“ შემოგვიტია და სამი გოლიც გაგვიტანა, მაგრამ ჩვენც შევუგდეთ ერთი და საბოლოო ჯამში 6:3 მოვუგეთ... მატჩის გმირი რომ მოიკითხეს, ჩვენ მას ის ფეხბურთელი წარვუდგინეთ, რომელიც განაცხადში გვყავდა და სემიჩასტნიმ ერთი კი შეხედა მას, მაგრამ აღარაფერი უთქვამს და მიხვდა თუ არა ტრიუკს, ვერ გავარკვიეთ. აი, ამგვარად გავაცურეთ საბჭოთა დაზვერვა, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო ანალოგიური სამსახურები ვერაფერს უხერხებდნენ“.

0
117
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0