x
მეტი
  • 21.01.2025
  • სტატია:139523
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512805
ლაშა მარგიანი: სულ რაღაც ლარნახევარი დააკლდა, რომ ადამიანად ჩაგვეთვალა..

image
წლების წინ, წინასაახალწლო პერიოდში, ერთ ღამეს, ძალიან შემაგვიანდა სახლში დაბრუნება.
მაშინ რუსთავში ვცხოვრობდი და ვაგზლიდან უნდა გავყოლოდი რამეს. უკანასკნელ მარშუტკას მივუსწარი როგორღაც.
ავედი და როგორც ხდება ხოლმე, მძღოლმა ორი ადგილი დარჩა და მოდი ბარემ ეს ორი ადგილიც შეივსოს და მაშინვე დავიძრებიო.
ამ დროს ერთი არყით გაჟთენთილი კაცი ამოვიდა, გაყვითლებული წვერით, ბინძური ტანსაცმლით, ლოთი უნდა ყოფილიყო, საშინელი სუნი ასდიოდა.
რაღაცნაირად არცერთ მგზავრს არ გვესიამოვნა მისი მარშუტკაში ამოსვლა.
მძღოლისკენ გადაიხარა და ფული არ მაქვს, ძმურად ისე გამიყოლეო, გულწრფელი, სუფთა ღიმილით სთხოვა.
მღოლმა ძალიან ამრეზით შეხედა, თავიდან ყოყმანი დაიწყო, ადგილს ტყუილად დაიკავებ, მეც კაპიკებზე ვმუშაობ, ისაო, ესაო, ვერაო, მაგრამ ბოლოს მაინც ჯანდაბას, დაჯექიო.
დაჯდა ეს არყის სუნით გაჟღენთილი კაცი, რაღაცნაირად თავისთვის, ჩუმად და საწყლად.
ჩვენ გვერდით იჯდა, მაგრამ თითქოს ჩვენთან ერთად არ იყო, თითქოს არცერთს არ გვინდოდა მასთნა რამე საერთო გვქონოდა.
უცებ ერთ-ერთ მგზავრს, გოგოს, საშინელი ხველა აუტყდა, ლამის დაიხრჩო ისეთი.
არა და არ ჩაუცხრა, უკვე სუნთქვა უძნელდებოდა იმ დონემდე მივიდა.
ატყდა ჩოჩქოლი, ყველა რაღაც რჩევას აძლევდა, იქნებ ამან გიშველოს, იქნებ იმანო, ვიღაცამ დაიყვირა წყალი უეჭველად უშველისო.
მივიხედ-მოვიხედეთ და ყველა მაღაზია დაკეტილი აღმოჩნდა, სიგარეტის ჯიხურებიც კი.
აბა ამ დროს საიდან მოვიტანოთ ახლა წყალიო, ესეც წამოცდა ვიღაცას, ისე, უაზროდ და უიმედოდ, თანაგრძნობის გარეშე, უფრო დაღლილობისგან.
რეალურად არცერთი არაფრის გამკეთებელი არ აღმოვჩნდით, მხოლოდ ცარიელ სიტყვებს ვისროდით, ვითომ დასახმარებლად.
ამ ღრიანცელში კი როგორღაც ეს მთვრალი კაცი თითქოს გამოფხიზლდა, გამოერკვა, ფეხზე წამოდგა და მე მოვიტან წყალს, ახლავეო.
კი მაგრამ საიდან? ჩაეკითხა ვიღაცა.
ერთი ადგილი ვიცი, ბოთლი მჭირდება მხოლოდ, ან ჭიქაო.
მძღოლმა რაღაც ცარიელი ბოთლი გამოიღო თავისი სავარძლის ქვემოდან და გაუწოდა.
თვალისდახამხამებაში გაუჩინარდა ლოთი, გოგონასთვის წყლის მოსატანად.
ამავდროულად მარშუტკას ორი ბიჭი მოუახლოვდა, არის ადგილებიო?
ის მოხუცი კაცი რახან გადავიდა, მარშუტკაში ზუსტად ორი ადგილი გათავისუფლდა, ერთი ის, რომელზეც თვითონ იჯდა და მეორე ისედაც შესავსები.
გოგონამ ხველება შეწყვიტა და სანამ ვინმე რამეს ეტყოდა ამ ახლადამოსულ ბიჭებს, მძოლმა ერთი კაცის მგზავრობის ფულს, ლარნახევარს დახარბებულმა გასძახა, კი ზუსტად ორი ადგილია თავისუფალი, მალე დაჯექით და წავიდეთო,
ბიჭებიც ამოვიდნენ და დასხდნენ.
რაღაცნაირად ყველას ხმა ჩაგვივარდა, სიტყვები სასულეში გადაგვცდა.
არავინ არაფერი არ ვთქვით.
თითქოს იმხელა ძალა და გაბედვა დასჭირდა ხმის ამოღებას,
როგორც მაშინ არავის აღმოხდა სხვა სიტყვები,
როცა ქრისტე პილატეს წინ იდგა და ყველა ჯვარს აცუს გაჰყვიროდა.
დაჯდა ეს ორი ბიჭი, კარი მოიხურეს და მარშუტკაც დაიძრა.
მხოლოდ ფანჯრიდან მოვკარი თვალი, ის არყითგაჟღენთილი ლოთი, წყლით სავსე ბოთლით ხელში, ჩქარი ნაბიჯებით როგორ მოდიოდა ჩვენკენ, ოღონდ იმიტომ კი არ ჩქარობდა, მარშუტკას რომ არ გაესწრო მისთვის, იმ გოგონას გულისთვის ეჩქარებოდა, მალე რომ მიეტანა მასთან წყალი და დახმარებიდა.
დაგვინახა, როგორ მივდიოდით და კი არ გამოგვეკიდა, გაჩერდა, თითქოს თავისი თავი ტვირთივით ყველას ერთბაშად ჩამოგვხსნა მხრებიდან და ასე გაგვიშვა, თავისუფლად.
არ ვიცი რატომ, მაგრამ სახეში ვუყურებდი, სახეში იმიტომ, რომ ჩვენგან განსხვავებით, მას ნიღაბი არ ეკეთა და სულ ბოლოს რაც დავინახე, იყო ის, რომ იღიმოდა, ნეტა გაბრაზებული სახე ჰქონოდა, მაგრამ არა, ის უბრალოდ იდგა და იღიმოდა და კი არ გვაგინებდა, თითქოს პატიებას გვთხოვდა მისი არსებობისთვის, ცხოვრების სიმწარისა და ჩვენივე არაადამიანობის გამო.
ეტყობა სრაფად ავსებდა ბოთლს და ტანიც დასველებოდა.
ქუჩის ყველა განათებაზე უფრო ნათელი გახდა, ყველა ვარსკვლავზე უფრო თბილი, მაგრამ ის მარტო დარჩა, თავისი მარტოობით მარტო კი არა, ჩვენგან მიტოვებული. ზამთარი იყო, ციოდა, კი არ ციოდა, ყინავდა.
ასე მივატოვეთ შუა ზამთარში, შუაღამით, შუა გზაზე, ერთი უარაფრო და უარავინო კაცი.
კაცი კი არა, ღმერთი. ჰო, ის ღმერთს უფრო ჰგავდა იმ მომენტში, ვიდრე კაცს.
დღემდე არ ვიცი, ღამე სად ან როგორ გაათია,
როგორ შეიშრო ტანზე სველი ტანსაცმელი, ან შეიშრო თუ არა საერთოდ, იქნებ მიეყინა, ან ის წყლით სავსე ბოთლი სად წაიღო, რა ბედი ეწია, ან რა იგრძნო და გაიფიქრა, როცა მიხვდა, რომ მივატოვეთ, განა ერთმა ან ორმა, ყველამ ერთად რომ მივატოვეთ.
არ ვიცი, რა დამემართა მაშინ, ჩვენ ყველას ერთად რა დაგვემართა. ჩვენ ზუსტად ასეთები ვიყავით მაშინ:
"ისინი თითქოს არ მრუშობენ, არ იტყუებიან, ცილს არ სწამებენ, კერპებს არ ეთაყვანებიან, კაცს არ კლავენ, თითქოს ლოცულობენ, მარხულობენ, ეზიარებიან კიდეც, მაგრამ მათ შეუძლიათ თავისუფლად გაცვან ჯვარს."
სულ რაღაც ლარნახევარი დააკლდა, რომ ადამიანად ჩაგვეთვალა, მიგვეღო, შეგვემჩნია, მიგვეცა ჩვენ გვერდით ყოფნის უფლება.
მაშინ მეგონა ეს მას სჭირდებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მას კი არა, ჩვენ გვჭირდებოდა, ჩვენ ვინც მას ასე მოვექეცით, ჩვენთვის იყო სასიცოცხლო იმ მომენტში მისი ჩვენ გვერდით ყოფნა.
"არაფერი შეცვლილა, ღმერთო, ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იყო... როგორც არის... როგორც იქნება... ტალახიან ხელებში ქვები გვიჭირავს, გულუბრყვილო და სათნო თვალებით კი თითქოს მთელი ცხოვრება ცას ავყურებთ, რომ არ გამოგვრჩე, რომ თუ იქ შემთხვევით თვალი მოგკარით, ცრემლის ღვრითა და მჯიღის ცემით დავემხოთ შენ წინაშე, მაგრამ თუ მიწაზე გამოჩნდი, განწირული ხარ."
რამდენი ახალი წელიც ჩემთან ერთად დადგება, იმდენჯერ, ცხოვრების ბოლომდე გამყვება ეს სევდა.
ღმერთო, შენთვის ამის გამო მილიონჯერ ნათხოვ მიტევებას, ნეტა ერთხელ მქონოდა შანსი იმ კაცისთვის პატიების თხოვნის და ჩახუტების. რატომ ვწერ ახლა ამ ყველაფერს, წლების შემდეგაც? დღეს კიდევ ერთმა მითხრა, რომ ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება მშვენიერია და რომ ყოველთვის ჯოჯოხეთურ ფერებში არ უნდა ვსახავდე მას.
მე კი არ შემეძლო, ამეხსნა მისთვის, რომ ტკივილი იქამდე იქნება, სანამ სამყარო იარსებებს და თუ ის არ არის შენთან, არის სხვასთან. ფოიერვერკებით განათებული ცის ქვეშაც, ათასობით ადამიანის სიხარულისა და გართობის ფონზე, სადღაც ახლაც ხდება ასეთი ამბები, სადღაც ყოველთვის ხდება ასეთი ამბები, იმ განსხვავებით, რომ მათ არსად არავინ მოყვება. " - ლაშა მარგიანი
0
207
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0