ოპიზა – სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო კერებს შორის უძველესი მონასტერია ტაო-კლარჯეთის სამონასტრო კოლონიზაციის უტყუარი მემატიანის გიორგი მერჩულის (X ს.) სიტყვით, იგი კლარჯეთის „ყოველთა უდაბნოთა უწინარეს აღშენებულ არს“ ძველი ბაზილიკა IX საუკუნეში გუმბათიან ტაძრად გადაუკეთებიათ. იგი მდებარეობს მაღალ მთაზე, „შავშეთისწყლისა და ანაკერტს შორის, ჭოროხის აღმოსავლით, აჭარის მთის კალთასა“ (ვახუშტი). ოპიზა ადრეულ ძეგლებში ასე იხსენიება: „წმიდაი და დიდი “უდაბნოი“, „განთქმული უდაბნო“, „დიდი უდაბნო კლარჯეთისაი“, „დიდებული ლავრა“, „უპირველესი ათორმეტთა უდაბნოთა" და ა. შ.
ოპიზაში ცხოვრობდნენ და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწენი: გრიგოლ ხანძთელი (759-861), მიქაელ პარეხელი (IX ს.), სერაპიონ ზარზმელი (IX ს.), გიორგი მაწყვერელი” IX-X სს.), გრიგოლ ოპიზელი (IX-X სს.), ათანასე ოპიზელი (XI ს.), ანტონ ოპიზელი (XII ს), ილარიონ ოპიზელი (XIII ს.) და სხვ. იქ დამზადებულ ხელნაწერთა შორის გამოირჩევა 913 წლის სახარება, რომელიც ამჟამად ათონის ქართველთა სავანეშია დაცული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობილ ოქროსმქანდაკებელთა ბეშქენ და ბექა ოპიზართა მოღვაწეობა, მათი ნამუშევარი (ბერთის სახარების ყდის მოჭედილობა, წყაროსთავის ოთხთავის ყდა და სხვ.) სრულად წარმოაჩენს როგორც XII-XIII საუკუნეების ქართული კულტურის მაღალ დონეს, ისე ოპიზის შემოქმედებითი მუშაობის მძლავრი ცენტრის სიდიადეს.
ხანძთა – სამხრეთ საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავანე და უმთავრესი კულტურულ-ინტელექტუალური კერა რომელიც VIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში დააარსა ზემოხსენებულმა გრიგოლ ხანძთელმა.
დღეს ყველას, ვისაც კი ქართული სკოლა დაუმთავრებია, მეტნაკლები წარმოდგენა აქვს ამ მოღვაწეზე (ეს ბუნებრივია, რადგან საშუალო სკოლაში საგანგებოდ ისწავლება „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“). ადრე, წინა საუკუნეებში ყოველ შემთხვევაში, XVIII-XIX საუკუნეებში მაინც, განსხვავებული ვითარება იყო.
„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ არ ჩანდა, გრიგოლის ვინაობა ბურუსით იყო მოცული. ამ ძეგლს, როგორც ჩანს, არ იცნობდა ქართული ჰაგიოგრაფიული კრებულის შემდგენელი დომენტი მესამე; გრიგოლ ხანძთელზე ძალზე ზოგადად მსჯელობდა ანტონ პირველი. 1845 წელს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართულ ხელნაწერებში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ იპოვა პეტერბურგელმა ქართველმა მოღვაწემ, არქეოლოგმა და ლექსიკოგრაფმა ნ. ჩუბინაშვილმა, მაგრამ ამას მოსალოდნელი შედეგი არ მოჰყოლია. მისი აღწერილობა ჯვრის მონასტრის სიძველეთა, კერძოდ, იქაური ხელნაწერებისა, საკმაოდ გვიან (1889 წ.) დაიბეჭდა და მკითხველ საზოგადოებას ბევრი ვერაფერი მისცა (საგულისხმოა, რომ მის ჩანაწერებში მოხსენიებული ხანძთისა და შატბერდის ძებნა მეცნიერებმა ევფრატის ხეობაში დაიწყეს).
1902 წელს იერუსალიმში გახლდათ ნ. მარი. მან გაიცნო ქართულ ხელნაწერთა კოლექცია. დაძებნა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, წაიკითხა და მაშინვე გაიგო, თუ რა ძეგლთან ჰქონდა საქმე; გადმოიღო მისი პირი და პეტერბურგში დაბრუნებულმა გახაგრძო ტექსტზე მუშაობა. თხზულების უკეთ გაგებისა და გრიგოლის სამოღვაწეო ადგილების დაზუსტებისა და შესწავლის მიზნით ნ. მარმა 1904 წელს იმოგზაურა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, მოიარა კლარჯეთი და შავშეთი, გაიცნო იქაური სიძველენი, დაადგინა ბევრი სავანის ადგილმდებარეობა (ამაში დიდად დაეხმარნენ ადგილობრივი ქართველები).
ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, 1911 წელს ნ. მარმა გამოსცა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების კრიტიკულად დადგენილი ქართული ტექსტი და ბრწყინვალე რუსული თარგმანი, მოგზაურობის ამსახველი ვრცელი დღიური და ბევრი ძეგლის სურათი. ასე დაუბრუნა ნ. მარმა ქართველ საზოგადოებრიობას სახელოვანი წინაპარი და მისი „ცხოვრება“.
გრიგოლ ხანძთელი იყო არა მხოლოდ ხანძთის სავანის დამაარსებელი, არამედ საერთოდ ტაო-კლარჯეთის სამონასტრო კოლონიზაციის ინიციატორი და სულისჩამდგმელიდ„ ადგილობრივი უმაღლესი ხელისუფლი. ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა მამამთავრის აშოტ კურაპალატის (გარდ. 826 წ.) დახმარებითა და ხელისშეწყობით, აგრეთვე მოწაფეთა და თანამოღვაწეთა დიდი ჯგუფის თანადგომით მან VIII საუკუნის 80-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა იქაურ სამონასტრო ცხოვრებას. მეტიც, გრიგოლმა აშოტთან ერთად, სათავე დაუდო მთელ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ და კულტურულ-აღმშენებლობით საქმიანობას სამხრეთ საქართველოში.
გრიგოლმა თავდაპირველად გააშენა ხანძთა – კლარჯეთის სავანეთა შორის ქრონოლოგიურად ოპიზის მომდევნო და მთელი მხარის სამონასტრო კოლონიზაციის საყრდენი ბაზა (ნ. მარის აზრით, ნუკა-საყდარი, სოფელ ფორთის ზემოთ, მდინარე კარჩხალის ხეობაში, ციცაბო კლდეზე, ძალზე მაღლა). მანვე დააარსა რამდენიმე მონასტერი კლარჯეთსა (შატბერდი, გუნათლე, მერე) და დასავლეთ საქართველოში (უბე). გრიგოლის ბაძვით მისმა ზოგიერთმა მოწაფემ და ახლობელმაც დაიწყო სავანეთა მშენებლობა, კერძოდ, საბამ აღადგინა იშხნის ტაძარი, დავითმა დააარსა მონასტერი მიძნაძორში, ზაქარიამ – ბარეთელთაში ილარიონმა – წყაროსთავში, თეოდორემ – ნეძვში, ქრისტეფორემ – კვირიკეწმინდაში და ა. შ.
გრიგოლ ხანძთელის სახელთანაა დაკავშირებული ტაო-კლარჯეთში კულტურულ-ლიტერატურული მუშაობის გაშლა და გაფართოება, ნიშანდობლივია რომ ახალდაარსებულ მონასტრებში იგი წიგნსაცავებს უყრიდა საფუძველს. ჩანს, იმთავითვე გათვალისწინებული ჰქონდა, რომ თითოეული სავანე მწიგნობრობის კერად უნდა ქცეულიყო. მართლაც, ასე მოხდა – ბევრი ზემოდასახელებული მონასტერი განათლების კერად ჩამოყალიბდა. ამაში მთავარი დამსახურება გრიგოლს მიუძღვის; არსებითად მისი თაოსნობით გაჩაღდა ტაო-კლარჯეთში მწიგნობრულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, საფუძველი ჩაეყარა იქაურ ლიტერატურულ სკოლას. გრიგოლი თვითონაც აქტიურად იღეწოდა შემოქმედებით არენაზე. მისი ბიოგრაფის ცნობით, გრიგოლს საბაწმინდის მონასტრის წესის საფუძველზე თავისი ძმობისათვის ქტიტორული ტიპიკონი შეუდგენია; ხანძთაში კარგა ხანს ინახებოდა „საწელიწადო იადგარი“ – ლიტურგიკული კრებული რომლის დამზადებაში გრიგოლის როლი ერთობ დიდი ყოფილა.
გრიგოლ ხანძთელის მიერ დანერგილი ტრადიციები დიდხანს გრძელდებოდა როგორც ტაო-კლარჯეთში საერთოდ, ისე ხანძთაში კერძოდ. ხანძთელ მწერალთაგან პირველ ყოვლისა, უნდა მოვიხსენიოთ ქართული პროზის დიდი ხელოვანი გიორგი მერჩულე, რომელმაც ხანძთაში დაწერა ჩვენი ეროვნული კულტურის ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობის ძეგლი „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება” ან სრულად „შრომაი და მოღუაწებაი ღირსადცხორებისაი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაი, ხანძთისა და შატბერდისა აღმაშენებელისაი და მის თანა ხსენებაი მრავალთა მამათა ნეტართაი“ (951 წ.). გიორგი მერჩულემ გრიგოლ ხანძთელის ახლობელთა ნაამბობითა და სხვადასხვა ისტორიულ-ლიტერატურული წყაროს საფუძველზე შეთზა მრავალმხრივ საყურადღებო ძეგლი, რომლითაც გაგვაცნო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრება, ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის პირველი ეტაპის გამოჩენილი მოღვაწეები და იმ დროის კულტურული ვითარება.
დიდად ფასეულია მისი ცნობები ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" დიდმნიშვნელოვანი საისტორიო წყაროა; ძველი საქართველოს ისტორიის მრავალი საცილობელი საკითხის გადასაჭრელად მის ჩვენებას გადამწყვეტი მნიშენელობა ენიჭება, მაგრამ ეს არაა მთავარი, მთავარი ისაა, რომ „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ დიდი მხატვრული ტილოა, ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის შედევრია. მის ავტორს აქვს დახვეწილი მხატვრული გემოვნება, ემარჯვება ბუნების სურათების ხატვა და მოქმედ“ პირთა ფსიქოლოგიური განცდების გადმოცემა.
გიორგი მერჩულე ქართული პროზის აღიარებული დიდოსტატია. მისი ნაწარმოები გამოირჩევა თემატიკური მრავალფეროვნებითა და იდეურ-აზრობრივი სიღრმით, ინტიმურ-ფსიქოლოგიური განცდებისა და ყოფითი რეალიების სრულყოფილი ასახვით. მისთვის დამახასიათებელია ხატოვანი და ძარღვიანი, ზოგჯერ სადა და მარტივი ენა, ბრწყინვალე, გამომსახველობითი ხერხები, განცდის სიწრფელე და უშუალობა. ქართული საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზროვნების ისტორიის თვალსაზრისით გიორგი მერჩულის მსოფლმხედველობა ცხოველ ინტერესს იწვევს. მწერალი ოფიციალური ქრისტიანული იდეოლოგიის მტკიცედ დამცველია, ქადაგებს პატრიოტიზმისა და კაცთმოყვარეობის იდეებს.
საყურადღებოა თხზულებაში გადმოცემული ქართველთა ეროვნული მთლიანობის იდეა. გიორგი მერჩულის აზრით, „ქართლი“ მხოლოდ ეთნოგრაფიულ-გეოგრაფიული ერთეული როდია, საქართველოა ყველგან, სადაც ღვთისმსახურება ქართულ ენაზე სრულდება. გიორგი მერჩულეს წვლილი შეუტანია ქართული ორიგინალური ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც. ხანძთის კულტურულ-ლიტერატურულ ტრადიციებზე აღზრდილმა ზოგიერთმა მოღვაწემ სხვაგანაც გამოიჩინა თავი – სხვა სავანეებში განაგრძო მუმაობა და შესამჩნევად გაამდიდრა ჩვენი საგანძური. მაგალითად, არსენ საფარელმა ისტორიულ-ლიტერატურული ხასიათის თხზულებანი დაწერა მცხეთაში, მაკარი ლეთეთელი საბაწმინდაში მონაწილეობდა პირველი (უძველესი) ქართული თარიღიანი ხელნაწერის – 864 წლის მრავალთავის გადაწერაში და სხვ. მწიგნობრულ-შემოქმედებითი საქმიანობა ხანძთაში შეინიშნება XI-XIII საუკუნეებშიც. დავიმოწმებთ რამდენიმე ფაქტს: მოსე ხანძთელმა გადაწერა „საწელიწდო საწინასწარმეტყველო" (1085 წ.), გიორგი ხანძთელმა (XI ს.) დაიხსნა ტყვედჩავარდნილი სახარება და შესწირა „უდაბნოსა ხანძთისასა“, სტეფანე ხანძთელმა (XII-XIII სს. გადაწერა დეკემბრის თვენი და ა.შ.
კლარჯეთის სავანეთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შატბერდი (ნ. მარის ვარაუდით სოფელ ფორთის ეკლესია. პ. ინგოროყვა ამ ნაგებობას ხანძთად მიიჩნევდა). მისი მიწა-წყალი ჯერ კიდევ აშოტ კურაპალატმა შესწირა ხანძთის მონასტერს, ხოლო შემდეგ, 826 წლის ახლოს, ბაგრატ კურაპალატის (826-876) ზეობაში, გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით იქ აშენდა „სიქადულ ყოვლადვე მახლობელთა მონასტერთა“, „დიდებული მონასტერი“ (გიორგი მერჩულე), „დიდი ლავრა“ (გრიგოლ ვაჩეძორელი), „დიდებული ლავრა“ (გიორგი მცირე). გრიგოლ ხანძთელი – „ხანძთისა და შატბერდის აღმაშენებელი“ ხშირად იმყოფებოდა შატბერდში, უშურველად ეხმარებოდა და ენერგიულად ხელმძღვანელობდა. იქაურ ძმობას მოუწოდებდა ეროვნულ-სარწმუნოებრივი მთლიანობისაკენ უღვივებდა ლიტერატურულ ინტერესს.
IX-X საუკუნეებიდან ცნობილია რამდენიმე შატბერდული მოღვაწე. პირველად უნდა დავასახელოთ სოფრონ შატბერდელი (IX-X სს.). „შატბერდისა ეკლესიისა განახლებით აღმშენებელი და უკუნისამდე გვირგვინი მისი“ (გიორგი მერჩულე), ღვაწლმოსილი შემოქმედი რომელსაც, გიორგი მერჩულეს სიტყვით, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერაც კი ხელემწიფებოდა და შეეფერებოდა. მისი თაოსნობითაა დამზადებული სამეცნიერო ლიტერატურაში კარგად ცნობილი ხელნაწერი, 897 წლის სახარება – ქართულ თარიღიან ოთხთავთა შორის უძველესი და უძვირფასესი ნუსხა (გადაწერის ადგილის მიხედვით ხელნაწერს შატბერდის ოთხთავი ეწოდა, მაგრამ, რადგან დიდხანს სვანეთში ინახებოდა, სოფელ ადიშში, ამიტომ ადიშის ოთხთავის სახელიც დაუმკვიდრდა. ამჟამად დაცულია მესტიის მუზეუმში). ამ ხელნაწერის მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ სახარების ქართული ტექსტი თუ მისი თარგმანი ფოტოტიპურად თუ სტამბურად რამდენჯერმე გამოქვეყნდა.
დიდ ინტერესს იწვევს სახარების მეორე შატბერდული ხელნაწერიც, რომელიც 936 წელს დაამზადა გაბრიელ შატბერდელმა, ხოლო 940 წელია მოხატა „კამარათ მწერალმა“ თევდორემ. შატბერდელ მოღვაწეთა შორის გამოირჩევა გაწაფული კალიგრაფი იოანე ბერა. რომელმაც 973 წელს გადაწერა და პარხალს შესწირა ოთხთავი (ამიტომაც ეს ხელნაწერი პარხლის ოთხთავის სახელითაცაა ცნობილი. იგი ერთხანს თურქ-ოსმალთა ტყვეობაში იყო და ვახუშტი აბაშიძემ დაიხსნა (XVIII ს.), 1922 წელს კი ბედნიერი შემთხვევით გადაურჩა უცხოეთში გატანას). იოანე ბერას მიერ გადაწერილი ოთხთავი ფრიად მნიშვნელოვანია წინაათონური რედაქციის სახარებათა შორის.
ირანე ბერამ – „მწერალმან შატბერდელმან“ 973–976 წლებში შეადგინა მოზრდილი კრებული, რომელიც შატბერდის კრებულის სახელითაა ცნობილი, მასში შესულია არაერთი ორიგინალური თუ თარგმნილი თხზულება, კერძოდ, გრიგოლ ნოსელის "კაცისა შესაქმისათვის“, ეპიფანე კვიპრელის „თუალთაი“ ბასილ კესარიელის „მხეცთათვის სახისა სიტყუაი", იპოლიტე რომაელის თხზულებანი (, „დავითისთვის და გოლიათისთვის განმარტებაი, „თარგმანებაი ქებაი ქებათაი“ და სხვ), „თარგმანებაი დავითი" ფსალმუნებისაი“ „და ა.შ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „მოქცევაი ქართლისაი“ – პირველხარისხოვანი ძეგლი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების და სარწმუნოებრივი მდგომარეობის (ადრეული ხანიდან IX საუკუნემდე, ჩათვლით) შესასწავლად. არაა გამორიცხული რომ ამ დიდებული თხზულების ავტორი უცნობი შატბერდელი მოღვაწე იყოს.
იოანე შატბერდელის მიერ შედგენილი კრებული ნათლად წარმოაჩენს შატბერდელთა მაღალ სულიერ კულტურას, დიდ მეცნიერულ ცოდნას. შატბერდში XI საუკუნეშიც ბევრი მწიგნობარი მოღვაწეობდა (გიორგი ათონელი, დავით ჯიბისძე, გრიგოლ ვაჩეძორელი, სტეფანე შატბერდელი და სხვ.). როდესაც ბაგრატ მეოთხემ (1027-1072) ქართული ეკლესიის საქმეთა მოსაგვარებლად გიორგი ათონელი მოიწვია (XI საუკუნის შუა წლებში), მას საცხოვრებლად ჯერ ნეძვი მიუჩინა (ქართლში), შემდეგ შატბერდი – „დიდებული ლავრაი კლარჯეთს შინა“. მართალია, არაა ცნობილი, რა სახის საქმიანობას ეწეოდა საპატიო სტუმარი შატბერდში, მაგრამ, საფიქრებელია, სასიქადულო შემოქმედი არც იქ იქნებოდა გულხელდაკრეფილი.
რასაკვირველია, არც ისაა ინტერესს მოკლებული, რომ ათონელ მოღვაწეს საცხოვრებლად შეურჩიეს შატბერდი, რომელიც ჯერ კიდევ „დიდებულ ლავრად“ იწოდებოდა. XI საუკუნეშივე გრიგოლ ვაჩეძორელმა „დიდსა ლავრასა შატბერდს“ გადაწერა ბასილ დიდისა და გრიგოლ ნოსელის, თხზულებათა თარგმანების შემცველი ნუახა. ორიოდე სიტყვა სტეფანე შატბერდელზე. ათონის ქართველთა მონასტრის მოღვაწეებმა გიორგი ათონელის მიერ თარგმნილი სახარების ავტოგრაფი დიდ წიგნსაცავში შეინახეს და მას აღარც კი ეკარებოდნენ. მის ნაცვლად ეკლესიაში ჰქონდათ მისი პირი –„საეკლესიო სახარებაი“ რომელსაც იყენებდნენ დედნად ახალი ნუსხებისათვის. ვინმე ზაქარია ბერმა მოახერხა გიორგისეული ტექსტის წიგნსაცავში შენახული ავტოგრაფიდან გადმოწერა. მისი ხელნაწერიდან კი პირი დაამზადა სტეფანე შატბერდელმა. სწორედ სტეფანეს ხელნაწერიდან მომდინარეობს ვანის სახარება, როგორც ამას მისი გადამწერი იოანე რომანაელი გვაუწყებს.
შატბერდიდან, გარდა დასახელებულისა, უნდა იყოს ზოგიერთი სხვა ხელნაწერიც. სახელდობრ, ქსნის ოთხთავი, რომელიც პალეოგრაფიული ნიშნებითა და ტექსტობრივ-ენობრივი რეალიების მიხედვით IX-X საუკუნეთა მიჯნას უნდა ეკუთვნოდეს, ვრცელი ჰომილეტიკური კრებული –"უდაბნოს მრავალთავი" (X სს.) მოსე ხანძთელის მიერ „დიდებულისა ლავრისა შატბერდისათვის” 1085 წელს გადაწერილი „საწელიწდო საწინასწარმეტყველო“, XII-XIII საუკუნეებში გიორგი მროველის ბრძანებით „ლავრასა დიდსა შატბერდსა“ გადაწერილი კრებული და ა.შ. საგულისხმოა, რომ 826 წლის ახლოს დაარსებული ქართული სავანე, ეროვნული სულიერი კულტურის მძლავრი კერა XII-XIII საუკუნეებშიც „დიდ ლავრად“ იხსენიებოდა.
პარეხი – გამოქვაბულთა კომპლექსი მდინარე კარჩხალის ხეობაში. სავანე დააარსა მიქაელ პარეხელმა (IX ს), რომელსაც გარს ეხვია თანამოღვაწეთა დასი. ადრე ძველ ქართველ მოწესეთა საიმედო საფარი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში დაინგრა, გაუკაცრიელდა და დავიწყებას მიეცა. ნ, მარმა დიდი ძიების შედეგად დაადგინა მისი ადგილმდებარეობა, გამოავლინა ეკლესიებისა და სატრაპეზოს, სემინარია-სასწავლებლის ნანგრევები, აგრეთვე საცხოვრებელი გამოქვაბულები. პარეხში ასევე გაჩაღებულა ლიტერატურული საქმიანობა. იქაურ მოღვაწეებს აღუწერიათ სავანის დამაარსებლის თავგადასავალი, „მიქაელ პარეხელის ცხოვრება“, რომელსაც, სამწუხაროდ, არ მოუღწევია, IX საუკუნის ძეგლი იქნებოდა.
იგი უთუოდ შეიცავდა ცნობებს სამცხისა და კლარჯეთის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი და საეკლესიო-სარწმუნოებრივი ცხოვრების შესახებ. პარეხში მოღვაწეობდა თავის დროზე საკმად აღიარებული მწერალი ილარიონი (IX-X სს), რომელიც, გიორგი მერჩულის სიტყვით, ისეთი სახელით სარგებლობდა, რომ მისგან გრიგოლ ხანძთელის თავგადასავლის აღწერასაც კი მოელოდნენ. თავისთავად საგულისხმო ფაქტია, პარეხიდან ვიცნობთ მწერალს, რომლის ლიტერატურულ მემკვიდრეობას არ მოუღწევია. გვაქვს ცნობა იქ შეთხზულ ძეგლზე, რომელიც არ შემონახულა. რომ არა “შემთხვევით გადარჩენილი ორიოდე“ ცნობა, არავითარი წარმოდგენა არ გვექნებოდა კლარჯეთის ამ ძველ სამწერლობო კერაზე.
ბერთა – მონასტერი მდინარე კარჩხალის ხეობაში მაღალ მთაზე. იქ ბერმონაზვნური ცხოვრების გაჩაღება IX საუკუნეების პირველი ნახევრით თარიღდება. მომდევნო ხანაში იგი გაძლიერდა და ქართული მწერლობის კერად იქცა. განთქმულია ბერთის ოთხთავები: 1. მეათე საუკუნის მეორე ნახევარში გადაწერილი, რომელიც 1830 წელს წაიღეს ამერიკელმა მისიონერებმა და დღესაც ოკეანის გაღმაა; 2. ბეშქენ ოპიზრის მიერ დამზადებულ ოქროჭედურ ყდაში ჩასხმული (XII ს.). ცნობილია იქაური მოღვაწე, „ბერთას აღზრდილი" ზეკეპე (X ს), რომელიც ოლიმპზე ამრავლებდა ხელნაწერებს. ბერთაში ლიტერატურული კერის არსებობას ადასტურება მონუმენტური ნაგებობის სემინარია-სასწავლებლის შენობის ნაშთიც.
თურქ-ოსმალთა მიერ კლარჯეთის ხელში ჩაგდების შემდეგ ბერთის მონასტერი ერთხანს შესამჩნევ როლს ასრულებდა ისლამის გამავრცელებელთა წინააღმდეგ საბრძოლველად ადგილობრივ ქრისტიანთა დარაზმვაში. შემდგომ ხანაში იგი გაძარცვეს და მეჩეთად გადააკეთეს, თუმცა, მისი გავლენა იქაურ ქართველებზე მაინც კარგა ხანს შეინიშნებოდა. ფრანგი მეცნიერების ნიკოლ და ჟან-მიშელ ტიერების ცნობით, ბერთის ტაძარი ამჟამად აღარ არსებობს.
მიჯნაძორი – მონასტერი მდინარე კარჩხალის ხეობაში. დაარსდა IX საუკუნის პირველ ნახევარში. ადრე საკმაოდ დიდი ყოფილა; ეკლესიასთან იყო მრავალი ნაგებობა, რომელთა ნანგრევებს ჩვენი საუკუნის დამდეგს, როდესაც იქ გახლდათ ნ. მარი, დიდი ფართობი ეჭირათ. ძველ ქართველთა სამოღვაწეო ადგილი, გაძარცული და გაპარტახებული, სიბრალულის გრძნობას იწვევდა. მიჯნაძორში მოღვაწეობდნენ მიშელ პარეხელი (IX ს.), კვირიკე მიჯნაძორელი (X ს.), ზოსიმე მიჯნაძორელი (XVI ს.) და სხვა ქართველი მწიგნობრები.
წყაროსთავი, ძველ საქართველოში ცნობილი იყო წყაროსთავის ორი დიდი ტაძარი; ერთი ჯავახეთში, კარწახის ტბასთან, მეორე კლარჯეთში, მდინარე კარჩხალის მარცხენა მხარეს. ნ. მარი იყო პირველი მეცნიერი, ვინც ნახა იქაური ნანგრევები, იგი მიიჩნია საგანმანათლებლო კერად, იქაც შენიშნა სემინარია-სასწავლებლის დარბაზი. წყაროსთავის მონასტერი IX საუკუნის პირველ ნახევარში დაარსდა; იქაურ მოღვაწეთაგან ვიცნობთ ექვთიმე გრძელს, გიორგი–პროხორე შავშელს, ეგნატი ხუცესმონაზონს, საბა მწერალსა და სხვ. ექვთიმე გრძელი განსწავლული პოლემისტი იყო, მონაწილეობდა ქართველ-სომეხთა საეკლესიო-სარწმუნოებრივ პაექრობაში (ღრტილა, 1046 წ.);
გიორგი-პროხორე შავშელი იქ აღიზარდა, იქ გაიცნო და შეიყვარა სამონასტრო ცხოვრება, ხოლო შემდეგ საფუძველი ჩაუყარა ჯვრის სავანეს იერუსალიმის ახლოს; ეგნატე ხუცესმონაზონი (XI ს) ძველი ხელნაწერების გამრავლებაზე ზრუნავდა, საბა მწერალი (XIII ს.) ხელნაწერებსაც ამრავლებდა და იამბიკოებსაც თხზავდა და ა.შ.
წყაროსთავიდან მოღწეულია რამდენიმე ხელნაწერი. მაგალითად, სახარება, რომელიც იოანე ფუკარალისძესა და გიორგი სეთაისძეს გადაუნუსხავთ 1195 წელს (მოუჭედავს იგი ბექა ოპიზარს). წყაროსთავიდანვეა მეორე სახარებაც, რომელიც სოფრონ მწიგნობარს მოუგია 1193-1207 წლებში. მისი ყდაც ბექა ოპიზარს მოუჭედავს. სამწუხაროდ, ეს ყდა კარგა ხანია დაკარგულია.
ანჩი კლარჯეთის უძველესი საეპისკოპოსო კათედრალი და მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა (იქ კათედრალის დაარსებას VI-VII საუკუნეებით ათარიღებენ). კლარჯეთის ისტორიული მოვლენების მსვლელობაში ანჩი აქტიურ როლს ასრულებდა. მისი ძლიერება და ავტორიტეტი ხელს უწყობდა კლარჯეთის ქრისტიანული სავანეების განმტკიცებასა და ქართული სახელმწიფოებრიობის აღმდგენას, მამულიშვილთა საქმიანობას, ხალხს ამხნევებდა და რაზმავდა მოძალებული მაჰმადიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ანჩელ მოღვაწეებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ კლარჯეთის სხვა სავანეების მწიგნობრებთან. ამან კი მათაც გაუღვივა ლიტერატურული ინტერესი, ზოგმა მოკრძალებული წვლილიც შეიტანა ქართული მწერლობის საგანძურში. ასეთ მოღვაწეთაგან შეგვიძლია დავასახელოთ ეზრა ანჩელი (X ს), რომელსაც დაუწერია ექვთიმე პალესტინელის საგალობელი, და განსაკუთრებით იოანე ანჩელი (XI-XIII სს, ) რომელსაც ეკუთვნი პატრიოტული გრძნობით გამთბარი „გალობანი ანჩის ხატისანი“.
აქვე დავძენთ, იოანემ, თამარ მეფის ბრძანებით, ანჩის ხატი ბექა ოპიზარს მოაჭედვინა. ბექას მიერ მოჭედილი ხატი ქართული ოქრომქანდაკებლობის შედევრი კლარჯეთში მაჰმადიან დამპყრობთა დამკვიდრების შემდეგ, 1664 წელს, თბილისში ჩამოიტანეს და ერთ-ერთ ეკლესიაში – „საპატრიარქოს საკათედრო ეკლესიასა ღვთისმშობლისასა“ დაასვენეს. ამის შემდეგ ამ ტაძარს, V საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების დიდებულ ძეგლს, რომელიც დაჩი უჯარმელის მეფობაში უნდა იყოს აგებული, ანჩისხატის ტაძარი, ანჩისხატი ეწოდა. იოანე ანჩელის მიერ ხოტბაშესხმული და ბექა ოპიზარის მიერ მოჭედილი ხატი ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
წყარო: ლევან მენაბდე – ძველი ქართული კულტურის კერები
გელათის ტაძარზე მზის საათის სიზუსტე დღემდე განცვიფრებს ადამიანს, საიდან იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა ასეთი იზუსტით ასტრონომია ან მშენებლობის ასეთი მაღალი ტქნოლოგიები, დღემდე განცვიფრებას, რომ იწვევს მსოფლიოში?
სტატია სუპერ...