რელიგია მამა გაბრიელის სასწაულებრივი ზეთი(ნაწილი მეორე) 2023, 26 აგვისტო, 11:07 მამა დღეს 26 აგვისტოს დაიბადა გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც მამა გაბრიელი სალოსი, მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად აღიარებული.ამბობენ, რომ არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად — დღემდე უხრწნელია. მორწმუნეთა გადმოცემით კი მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.სწორედ მადლიერი პაციენტების რამდენიმე წერილს გაგაცნობთ დღეს. ***მკვდარი გამაცოცხლა ეს წერილი ჩემმა ფეისბუქელმა მეგობარმა მომწერა სამი წლის წინ, 26 აგვისტოს, მამა გაბრიელის დაბადების დღეს, და მისი ნებართვით მსურს თქვენც გაგაცნოთ: "კახა, გამარჯობა, გილოცავ დღევანდელ დღეს. ვიფიქრე, შენც უნდა გცოდნოდა ამბავი, რომელიც მე შემემთხვა და თითქმის მთელმა საბურთალომ იცის, რომელსაც ათეულობით თვითმხილველი ჰყავს. მეღიმება ხოლმე, როდესაც გავიგებ ნაამბობს იმაზე, თუ როგორ განიკურნა ვინმე მამა გაბრიელის ზეთით თუ საფლავზე ლოცვით არასასურველი მეჭეჭისა თუ წელის ტკივილისგან, და აი, რატომ: ეს მოხდა 1998 წლის 14 ოქტომბერს (სვეტიცხოვლობას). მაშინ მე ბ-ის ქუჩაზე ვცხოვრობდი. კარგად მოგეხსენებათ 90-იანელთა მძიმე და სამწუხარო მდგომარეობა. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ, ყველა "სიკეთესთან" ერთად ნარკომანიც ვიყავი, და არც ისე დაბალი "რანგის". მეგობარმა ცოლ-შვილთან ერთად გამომიარა და წავედით მცხეთობაზე (მაშინ ჩვენთვის სვეტიცხოვლობა არ არსებობდა), რომ იტყვიან, კაი "გაჩხერილები" (ჰეროინი). იქ კონცერტი, სახინკლე... წამოსვლისას თამრიკომ, მეგობრის მეუღლემ - აქ ერთი ბერის საფლავია და იქნებ ჩვენც შეგვევლოო. ძალისძალად წავყევით, მაგრამ გარეთ დაველოდეთ. ერთი კი მივაძახე ირონიულად, - ჩემთვის სანთელი დაანთე და სთხოვე, გადამარჩინოს-მეთქი. საღამოს შინ ჩაის ვსვამდი, მოვიდა ერთი უბნელი ბიჭი, ორჯონიკიძეში დადიოდა ხოლმე რაღაც საქონელზე. აი, რა დავითრიეო და მომიტანა, როგორც "სპეციალისტს", უმაღლესი ხარისხის ჰეროინი. ისედაც მაგრად ვიყავი, მაგრამ ხომ უნდა გამესინჯა... აღარაფერი მახსოვს, როგორ გამომათრიეს სამზარეულოდან.... შინ მხოლოდ ჩემი დედ-მამა იყო. დაურეკეს ერთ სასწრაფოს, ვერაფერი გააწყვეს. მოვიდა მეორე, მესამე, სულ ოთხი ბრიგადა. სახლთან ესკორტი დადგა. მოვარდა ჩემი ძმაც, ნათესავები. იყო ერთი წივილ-კივილი. თან საქმე ისაა, რომ ყოველი სასწრაფოს ბრიგადა მოსვლისთანავე 5 მილიგრამიან 'ნარკანს მიკეთებდა (სულ 20 გამიკეთეს!). ვისაც მედიცინა ესმის, იცის, ეს მკვდარსაც გააცოცხლებდა. შემდეგ - ადრენალინი გულში, დენი, მაგრამ არაფერი. 45 წუთის "გარდაცვლილი" ვიყავი. 4 ბრიგადა დამტრიალებდა თავს ნახევარი საათი. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ იყო ასეთი სურათი: მე გაშავებული, ბინტით ხელებგაკრული და თეთრ ზეწარგადაფარებული იატაკზე ვესვენე. დედაჩემი -გულწასულია... მამაჩემს მაშინ თვალთ დააკლდა. კარი ღიაა, მეზობლები - სართულის ბაქანზე უკვე დამონტაჟებულ საფერფლესთან, ქალები მოთქვამენ, სასწრაფოს ექიმები გარდაცვალების აქტს წერენ სიტყვებით: - ეს მერამდენე ახალგაზრდა შეეწირა ამ უბედურებას, ამათ არ გაიხარონ და ა.შ. როგორც უკლებლივ ყველა მეზობელი, ერთი მორწმუნე ქალიც ამოვიდა III სართულიდან, მანანა დ-ელიძე. სამთავროს მრევლი იყო. მაშინ, ეტყობა, ახალი დაწყებული იყო მამა გაბრიელის საფლავზე აღსრულებული სასწაულები. ამოვიდა, ღია კარებში უხმოდ შემოვიდა ამ წივილ-კივილში. დაიხარა, გადამხადა თურმე სახეზე და შუბლზე მამა გაბრიელის ზეთი მცხო - იქ ცოტა შეეწევაო. ეგ იყო და, წამოვხტი ხელებშეკრული. ის ახალგაზრდა ექიმი, რომელიც ჩემს "გვამთან" ჩაცუცქული გარდაცვალების აქტს ავსებდა, გულწასული დაცემულა და იქით გამხდარა მოსასულიერებელი. იქ ამბავი ატყდა... სავადმყოფოში გამაქანეს, სამი დღე მიკვლევდნენ. ის სანახევროდ შევსებული აქტი ახლაც მაქვს. მოკლედ, კახა, თავი შეგაწყინე, მაგრამ მინდოდა, შენც გცოდნოდა. გილოცავ კიდევ ერთხელ. ავად ვარ, თორემ მეც აუცილებლად ვიქნებოდი მცხეთაში დღეს. გაიხარე!" ავტორი: კახაბერ კენკიშვილი 25.08.2014 ***ჩემი ქალიშვილი სწავლობდა ავიაციის სასწავლებელში, სამოქალაქო ავიაციის პილოტის კურსებზე. ერთხელ, სასწავლო ფრენის დროს, შასი არ გაიხსნა. ეს განმეორდა რამდენჯერმე. საწვავი იწურებოდა. განწირულ მდგომარეობაში ხმამაღლა დაიყვირა: მამა გაბრიელ, მიშველე! თვითმფრინავმა გახსნა შასი და დაეშვა. ამ შემოდგომაზე მოსალოცად ჩავედით საქართველოში, რათა მადლობა გადაგვეხადა წმ. მამა გაბრიელისთვის. ჩემი ქმარი ანდრეი სათესლე ჯირკვლის კიბოთი დაავადდა. წმინდა გაბრიელისა და ყველა წმინდანის ლოცვით უფალმა განკურნა, სიმსივნე შეუმცირდა და საავადმყოფოდან გაწერის დროს ძირითადი დიაგნოზი შეუცვალეს! წმ. გაბრიელ ბერის ლოცვით, ღმერთმა გამოგვიგზავნა შესანიშნავი მართლმადიდებელი ექიმიც! მადლობა უფალს ყველაფრისთვის! ნინა, 2022 ***მაწუხებდა შუა ყურის ოტიტი, ყურებში ხმაური - ტინიტუსი, თავბრუსხვევა. მედიკამენტური მკურნალობა არაეფექტური აღმოჩნდა. 2019 წლის 10 ნოემბერს ლიტურგიის შემდეგ რწმენით ვთხოვე დახმარება წმინდა გაბრიელს და ვემთხვიე მის ხატს, რის შემდეგაც მოხდა განკურნების სასწაული. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის! ეკატერინე. 2022 ***მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის! მამა გაბრიელის ლოცვით ჩემმა შვილმა დაიწყო ლაპარაკი. ახლა ის 3, 5 წლისაა. ექიმებთან მივედით, გვითხრეს, რომ ყველაფერი კარგადაა - როცა წავა საბავშვო ბაღში, ალაპარაკდებოდა. ბაღში მივიყვანეთ, მაგრამ მხოლოდ 2 სიტყვის თქმა შეეძლო - დედა და მამა. ტელევიზიით გავიგე, რომ ქალაქში წმინდა გაბრიელის ხატი ჩამოაბრძანეს. შვილებთან ერთად ეკლესიაში წავედი. ღვთის მადლით გავიცანი დედა მარია, რომელსაც ჩემი უბედურება გავუზიარე. მან მასწავლა, თუ როგორ უნდა მელოცა, და ზეთი მეცხო. ყველაფერი გავაკეთე, როგორც დედაომ მითხრა. შემდეგ ისევ დავბრუნდი ტაძარში, რათა თაყვანი მეცა სიწმინდეებისთვის. ჩვენს თვალწინ მოხდა სასწაული: ჩემმა ბიჭმა დაიწყო მოკლე წინადადებებით საუბარი და ახალი სიტყვების წარმოთქმა! ჯერ მართალია ცოტა გაურკვევლად ლაპარაკობს, მაგრამ ცდილობს და ახერხებს. მე მჯერა, რომ უფალი დაგვეხმარა მამა გაბრიელის ლოცვით. წმიდაო მამაო გაბრიელ, ევედრე ღმერთს ჩვენთვის! ქსენია 2022 ***წმინდა გაბრიელის ლოცვით ჩვენს ოჯახში ჩვილი განიკურნა. არავითარმა წამალმა არ უშველა და ბავშვს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა ალერგიული გამონაყარი, რომელიც წყლულოვან ჭრილობებში გადაიზარდა. წმიდა გაბრიელის ლოცვის შემდეგ წყლულებზე წმინდა ზეთით ვაცხეთ და ყველა გაშრა, მეორე დღეს კი ბავშვი ჭრილობებისგან სასწაულებრივად განიწმინდა! საკვირველია შენი საქმეები, უფალო! მადლობას ვუხდით მამა გაბრიელს ლოცვისა და დახმარებისთვის. ნუ დაგვივიწყებ ცოდვილებს, წმიდაო მამაო გაბრიელ და ევედრე ღმერთს ჩვენთვის! ლუბა ბოგდანოვა *** მოსკოვის წმინდა დიდმოწამე ირინას სახელობის ტაძარში მობრძანებულ წმინდა გაბრიელის ხატის მოსალოცად მოვედი. ლიტურგიის შემდეგ იგალობეს დაუჯდომელი. შევიძინე წმინდა ზეთი, ეს იყო კვირას, 2019 წლის 24 ნოემბერს. ორშაბათს საღამოს კი სახლში უბედურება მოხდა: 2, 5 წლის ბავშვმა კარებში ხელი მოიყოლა. თითი ძლიერ დაუზიანდა და გაუმუქდა. ბავშვი კიოდა ტკივილისგან. გულმხურვალედ შევევედრე წმ მამა გაბრიელს შემწეობა. ბავშვს თითზე წმ მამა გაბრიელის ზეთი ვაცხე. აბსცესი გასკდა და სისხლი წამოვიდა, ტკივილი მაშინვე გაქრა. საღამოს თითს მოვარდისფრო ფერი დაუბრუნდა და მხოლოდ მცირე სილურჯე შეიმჩნეოდა. მადლობა ღმერთს! მადლობა წმინდა გაბრიელს დახმარებისთვის! ამინ! ირინა სავიცკაია 2022 *** ჩემს შვილს ჰქონდა ცერებრალური დამბლა, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება და დაძაბულობა. 19 წლის განმავლობაში თავისი ხელით წყალი ვერ მიჰქონდა პირთან. ტერფი სწორად არასდროს გადაუდგამს და ორი კაცის დახმარებით დაგვყავდა. მამა გაბრიელის ზეთის ხმარების შემდეგ, ეს მდგომარეობა მოეხსნა. ახლა, ხშირად ინვალიდის ეტლიდან გადმოდის და დამოუკიდებლად დადის. ნელ-ნელა უმჯობესდება მდგომარეობა. ეკა ნიაური რუსთავი *** მქონდა ფიბრომა და მიომა. საოპერაციო ვიყავი. სნეულების გამო ენა მიბუჟდებოდა. ნათესავმა მომიტანა მამა გაბრიელის ზეთი. ორჯერ რომ წავისვი, უკეთესობა ვიგრძენი. მესამედ რომ უნდა წამესვა, ენის დაბუჟება ისევ ვიგრძენი. მაინც არ მიშველის-მეთქი და იმ საღამოს ისე დავწექი, რომ აღარ წამისვია. იმავე საღამოს ვნახე სიზმარი: მღვდელი შემოვიდა დიდი წვერით სახლში და მითხრა: რომ გაიძახი არ მიშველა, არ მიშველაო, რამ უნდა გიშველოს, როცა არ გილოცნია?! აბა ილოცე, თუ არ გიშველოს?! შემომხედე მე, მღვდელი ვარ და წვერი მაქვს. წვერი რომ არ მქონდეს, მღვდელი ვიქნებიო? რომ იძახი მწამსო, არა ლოცულობ და რა რწმენა შენა გაქვს? ილოცე და გეშველებაო. გამომეღვიძა. გავაგრძელე ზეთის წასმა და თან ვლოცულობდი. გუშინ გადავიღე ექოსკოპია და განკურნებული ვარ. ექიმი გაკვირვებისგან კინაღამ გაგიჟდა. პელაგია თათარაშვილი საგურამო მამა გაბრიელის ზეთის მიღების წესი:ზეთის მოხმარებამდე ამბობთ ლოცვას "მამაო ჩვენო". შემდეგ მარჯვენა ხელის ნეკა თითს ჩააწებთ ზეთში და წაისვამთ შუბლზე - ჯვრის სახით, ისე როგორც პირჯვარის გადაწერის წესია, ანუ ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ (აღნიშნული ქმედება იცავს გონებას ბოროტისაგან). შემდეგ, შეგიძლიათ წაისვათ ჯვრის სახით მტკივნეულ ადგილზე. შინაგანი სნეულების შემთხვევაში კი დილაობით ნახევარი ჩაის კოვზი დღეში ორ-სამჯერ. ზეთის გამოყენება გამზადებულ საჭმელშიც შეიძლება, უშუალოდ თეფშზე გადმოღების შემდეგ კი ნახევარ ჩაის კოვზამდე მოსხმის სახით. ზეთში რაიმეს მოხარშვა და მისი გამრავალება სხვა ზეთის დამატებით დაუშვებელია. ზეთის გაყოფა და განაწილება ნებისმიერი ადამიანისთვის შეიძლება. იხილე პირველი ნაწილი <<<ამ ბმულზე>>> 149 3-ს მოსწონს
|