ილია ჭავჭავაძის მიერ რუსეთ-საქართველოს საუკუნოვანი ურთიერთობის შეფასება 15 ივლისი 2023, 15:44:41
AUTO PLAY
ილია ჭავჭავაძის მიერ რუსეთ-საქართველოს შორის მე-19 საუკუნის განმავლობაში არსებული ურთიერთობის შეფასება. ილია ჭავჭავაძე - "ასი წლის წინათ" 1899 წელს გამოქვეყნებული წერილი. აღნიშნულ წერილში 1800 წლიდან მოყოლებული მე-20 საუკუნის დასაწყისამდე, მთელი ერთი საუკუნის განმავლობაში არსებული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა აქვს შეჯამებული ილია ჭავჭავაძეს. წერილი ილიამ ამ სიტყვებით დაასრულა: "ასე შემოვიდა რუსის ჯარი ტფილისში. ამ დიდის ყოფით და ამბით დახვდა რუსეთის ჯარს მეფე და ერი. სასოწარკვეთილმა მეფემ და ერმა ძლივს ნუგეშით და იმედით გაიცოცხლა გული. მეფის კარიდამ დაწყებული უკანასკნელ ქოხამდე სიხარულმა გაშალა თავისი სანატრელი ფრთა, სიხარულმა ხსნისამ და ნუგეშისამ. დიდი ხანია საქართველოს ამისთანა ბრწყინვალე დღე აღარ ენახა. ყველას, დიდიდამ პატარამდე, ქალით კაცამდე, გული აევსო იმ სანატრელ იმედითა, რომ რუსის მხედრობის დაბინავება საქართველოში საქართველოს მოუვლენს იმ მშვიდობიანობას, იმ მოსვენებას, იმ პატრონობასა და მფარველობას, იმ ბედნიერადა და უტკივრად შინაურ ცხოვრებას, რომელთათვისაც ამდენს საუკუნეების განმავლობაში ასე თავგამეტებით, ასე თავდადებით იბრძოდა საქართველოს შვილი და თავისის სისხლით ჰრწყავდა ყოველს კუთხეს თავისის ქვეყნისას. ამ ღირსსახსოვარ დღიდამ საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა. დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დასცხრა ომისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლ-შვილებზე, გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამა-პაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრად-ღა დაგვრჩა. დაუდგა ახალი ხანა, ხანა მოსვენებულის, უშიშარის ცხოვრებისა, სისხლდანთხეულ და ქრისტეს ჯვრისათვის ჯვარცმულ საქართველოს, რომელიც ღმერთმა სააქაო სამოთხედ გაუჩინა ადამიანს და კინაღამ ერთ დიდ სასაფლაოდ არ გადაექცა მისს თავდადებულ შვილებს, რომელნიც უმწედ, უნუგეშ, ყველასაგან შორს, მარტოდ-მარტო იხოცებოდნენ ქრისტეს სარწმუნეობის სადიდებლად და თავისის ვინაობის გადასარჩენად. დაიდვა საზღვარი მშვიდობის-მყოფელ ცხოვრებისა. ის დღეა და ეს დღე, ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს, კვლავ სასოება-გაღვიძებული მეფე და ერი, გულწრფელად მიენდო თავისს მომავალსა, დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშინით ფრთაშესხმული. დღეს, 26 ნოემბერს 1899 წ., სწორედ ასი წელიწადია მას აქეთ."
27
|
|