გარდაიცვალა გურამ ბზვანელი-"ჩავაქრე სანთელი" 17 მაისი 2015, 22:29:24
AUTO PLAY
გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი, მომღერალი, პოეტი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, გურამ ბზვანელი. გურამ ბზვანელი 1934 წლის 3 აგვისტოს დაიბადა თბილისში. მისი ოჯახი წარმოშობით ვანის რაიონიდან, სოფელი ბზვანიდან არის, საიდანაც მოდის გვარის ამჟამინდელი ფორმა, რომლითაც ტყეშელაშვილი არის შეცვლილი.[1] გურამს სიმღერა ბავშვობიდან ეხერხებოდა და ასევე ბავშვობიდანვე დაიწყო სიმღერების წერა.თავიდან მხოლოდ თავისთვის წერდა, მაგრამ შემდეგში მისი მეგობრები ასრულებდნენ. პირველი შემფასებელი მისი შემოქმედებისა სწორედ მეგობრები იყვნენ. პირველმა კინორეჟისორმა გიზო გაბისკირიამ შესთავაზა „ლექსი მეგობრობაზე“, რეზო ამაშუკელმა კი „ბუტია“, რომელზეც დაწერა სიმღერები. ასევე ნოდარ დუმბაძემ მისცა მას ლექსი „სიმღერა თბილისზე“. კომპოზიტორის მეშვეობით ამ ლექსებზე შექმნილ სიმღერებს მთელი თბილისი მღეროდა. 1953 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. 1954-1960 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, საფეიქრო ფაკულტეტზე. ეს წლები მისი შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერი წლები იყო. როცა სტუდენტი გახდა ინსტიტუტში უკვე სწავლობდნენ თამაზ ცინცაძე და გურამ ბაკურაძე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტურ ოლიმპიადაზე, შეასრულეს სიმღერა თბილისზე, რომელიც ძალიან მოეწონათ ორკესტრის ხელმძღვანელებს და ისინი ორკესტრის წევრებად მიიღეს. მათი თხოვნით ორკესტრის ხელმძღვანელებმა გურამ ბზვანელსაც მოუსმინეს, მიიღეს და ურჩიეს, რომ მოეფიქრებინათ მათ თუ როგორ შეექმნათ კვარტეტი. მეოთხე წევრი გახდა შოთა ხარაბაძე, კვარტეტისთვის მუსიკას და ტექსტებს გურამ ბზვანელი წერდა. პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვარტეტის პოპულარობა მალე გასცდა თბილისის ფარგლებს და მთელი საბჭოთა კავშირი მოიცვა, გასტროლები ჰქონდათ თითქმის ყველა რესპუბლიკაში, 1957 წელს მოსკოვის მეექვსე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში გეპეის კვარტეტი გამოვიდა თავის ორკესტრთან ერთად. კვარტეტი ფესტივალის ლაურეატი გახდა. ეს იყო ერთადერთი თვითშემოქმედი საესტრადო კოლექტივი, რომელმაც ეს კილდო მოიპოვა. 1958 წელს გურამ ბზვანელი და გეპეის კვარტეტი ალეკსანდრ ფაინციმერმა მიიწვია მოსკოვში მუსიკალურ კომედიაში, „გოგონა გიტარით“, გადასაღებად, ფილმში მთავარ როლს ლუდმილა გურჩენკო თამაშობს. პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბზვანელი მუსიკალური ცოდნის გაღმავების მიზნით თბილისის კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტზე სწავლობდა, 1960-1965 წლებში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ იყო პიონერთა სასახლის მუსიკალური ხელმძღვანელი. ასევე მუშაობდა 23-ე საშუალო სკოლის სამუსიკო ათწლედის ხელმძღვანელად, მინიატურების სახელმწიფო თეატრში მუსიკალურ ნაწილის გამგედ, ხოლო 1988 წლიდან მუშაობდა თბილისის მესამე სამუსიკო სასწავლებლის დირექტორად.
15
|
|