საქართველო პრემიერ-მინისტრის სამოქმედო გეგმა 2012, 2 ივლისი, 17:06 ახალმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სამოქმედო გეგმა გლდანში კვალიფიკაციის ამაღლების მშენებარე ცენტრთან წარადგინა.
მერაბიშვილმა კონკრეტული ინიციატივები გაახმოვანა. მისი თქმით, ხალხი 4 წლიან 1000 ლარიან ვაუჩერს იმ პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენებს, რაც მთავრობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ვერ თავსდება. ამ თანხით შესაძლებელი იქნება კომუნალური გადასახადების გადახდა, მედიკამენტებისა და სახელმძღვანელოების შეძენა, აგრეთვე სოფლად გლეხი შეძლებს სასუქის, საწვავის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას.
ახალმა პრემიერმა 100 დოლარიანი პენსიის შესახებ პრეზიდენტის დაპირებაც შეახსენა ხალხს და თქვა რომ ეს დაპირება 2013წლიდან შესრულდება.
მერაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქის დაზღვევისათვის ქვეყნის ბიუჯეტიდან 4წლის განმავლობაში 4 მილიარდი ლარი გამოიყოფა, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის კი-3 მილიარდი. მომავალი 4 წლის განმავლობაში, გეგმის მიხედვით 500 ახალი საწარმო შეიქმნება და დამატებით 90 ათასი ჰექტარი სავარგული იქნება ათვისებული.
პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას დასაქმების ახალი მინისტრის კანდიდატურა წარუდგინა- პაატა ტრაპაიძე. პაატა ტრაპაიძე კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტ"-ის ხელმძღვანელი იყო დღემდე. ეს კომპანია საქართველოში 2005 წლიდან არსებობს. მისი ძირითადი საქმიანობა გზების, ხიდების, გვირაბების, აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლების მშენებლობაა. ახალი მინისტრის კანდიდატურა ხვალ დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება. 165 5-ს მოსწონს
|