პოეზია ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის, “შემოღამება მთაწმინდაზედ”, შესახებ 2018, 20 ივნისი, 19:50
ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების ერთ-ერთ უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს ლექსი - „შემოღამება მთაწმინდაზედ“. ეს ლექსი 1833 წელსაა დაწერილი, მაშინ, როდესაც ნიკოლოზ ბარათაშვილი 16 წლისაც არ იყო, თუმცა მის წლოვანებას და ნაკლებ გამოცდილებას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ შექმნილიყო უძლიერესი, ძალიან ღრმა და ემოციური ლექსი. ბარათაშვილის შემოქმედების ეს გენიალური ლექსი მთლიანად რომანტიკული განწყობილებისაა. მკითხველში ლექსი შესავლიდანვე იდუმალების განცდას ბადებს მთაწმინდის „დამაფიქრველი, ვერანა, იდუმალი“ შემოგარენის ასახვით. სულის შემძვრელ გარემოს ამშვენებს „ცვარნი ციურნი“ და ციაგი ცისა. ამით პირველი სტროფიდანვე შემოაქვს პოეტს მიწისა და ზეცის დაპირისპირება. მიწიერი სილამაზე ზეციურის ანარეკლია, რადგან ისინი წმიდა ტაბლას ემსგავსებიან და გუნდრუკის სურნელს აფრქვევენ. ლექსის დასაწყისი გვამზადებს უმთავრესი დაპირისპირების გასააზრებლად. საწუთრო - სასუფეველი, ამაოება - მარადისობა, ნაღველი - ნეტარება. აქ საინტერესოა, რომ ავტორის ემოციები, შინაგანი განცდები წარმოდგენილია სინამდვილის სურათებთან ერთად და ყოველივე ამის ერთიანობა, კი საოცარ ემოციურ მთლიანობას ქმნის. ამ ლექსში ბარათაშვილმა მთლიანად წარმოადგინა თავისი შინაგანი, სულიერი სამყარო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბარათაშვილი ერთნაირი უშუალობით, სიზუსტით აღიქვამს რეალურ საგნებსა და სულიერ მოვლენებს. „თავისი ფორმით ეს ლექსი არის აღსარება და, ამასთან ერთად, იგი ინტონაციურად ლოცვასაც გვაგონებს. ამის კარგი მაგალითი პირდაპირ პირველივე სტროფში გვხვდება. „ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ“. ამგვარი ორმაგი მიმართვა თითქოს ქრისტიანული ლოცვის დასაწყისს იმეორებს“ - წერს გურამ ასათიანი.
ამ ლექსში ვერ შევხვდებით ისეთ ადგილებს, რომლებიც ამოვარდნილია ლექსის საერთო მდინარებიდან. თითოეული ნიუანსი ერთმანეთში გადადის და საერთო მთლიანობის ნაწილი ხდება. აქ პეიზაჟს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. პეიზაჟში კი ცის მნიშვნელობას ძალიან დიდი ადგილი აქვს. ცის პეიზაჟები აქ გამოყენებულია ისე, როგორც გარე-სინამდვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონპონენტი, განუყოფელი ნაწილი რეალური მშვენიერებისა. ამგვარი ელემენტი პოეზიაში გარკვეული სიახლე იყო, ვინაიდან ქართულ კლასიკურ ლირიკაში, ძირითადად, ცის ელემენტი პირობითი პოეტური სახეების შესაქმნელად გამოიყენებოდა. გარდა ამისა, გურამ ასათიანი აღნიშნავს, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილს წინამორბედთაგან განსხვავებით, განვითარებული აქვს ჰაერის მძაფრი შეგრძნება, რეალური საგნები აქ დანახული არიან არა ცარიელ სივრცეში, არამედ იმ თავისებურ ელფერში, რომელსაც მათ შემოღამების ჰაერი აძლევს: ბინდში, ციაგში, ყვავილთა მიერ დაკმეულ გუნდრუკში, მაისის მწუხრში. ლექსი რომ მთლიანად რომანტიკულია და ყველა მისი ნაწილი ამაზე მეტყველებს, უკვე ვთქვით, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ლექსში ჩანს მიწიერი ტვირთისაგან გათავისუფლება. აქ ყველაფერი მიწიდან ცისკენ არის მიმართული. ამასთანავე, აქ იგრძნობა სამყაროს იდუმალ და მარადიულ ძალებთან სულიერი დაკავშირებაც. აქედან გამომდინარე, ამ ლექსის პოეტურ განწყობილებაში მთავარია რომანტიკული ამაღლება. ამის გვერდით, ლექსში „შემოღამება მთაწმინდაზედ“ ჩანს და იგრძნობა კიდეც შინაგანი ბრძოლის ტენდენციაც.
„აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,
მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან! მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება, გულის–თქმა ჩემი შენს იქითა... ეძიებს სადგურს, ზენაართ სამყოფს, რომ დაშთოს ის ამაოება...“ მიუხედავად ამ შინაგანი გაბრძოლებისა, მთელი ლექსის განწყობილება მაინც ნაღვლიანია და მიუღწეველი. თითქოს ესეც კი განუხორციებელი ოცნების სევდიანი შეგრძნებებით არის სავსე. თუ დავაკვირდებით ლექსის ფინალს, ვნახავთ, რომ აქაც იგრძნობა გარკვეული სევდა. ფინალურ ნაწილში ოპტიმიზმსაც ხედავენ, თუმცა ამასთან ერთად, ეს ადგილი სინამდვილესთან შერიგებაზე მეტყველებს და არა მასთან შებრძოლებაზე. გურამ ასათიანი წერს - „იმედი, ნუგეში, აქ გამოთქმულია თითქმის იმავე სევდიანი კოლოთი, რომელიც მთელ ლექსს გასდევს, რადგან ეს არის არა ბედისწერის დაძლევის გამომხატველი განწყობილება, არამედ თვით სამყაროს კანონზომიერებაში რაღაც მასთან შემრიგებლის, შემგუებლის აღმოჩენის ცდა“: „ ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, საამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად! როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად! მწუხრი გულისა - სევდა გულისა - ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს, რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!“ გურამ ასათიანი ძალიან საინტერესოდ აღნიშნავს იმასაც, რომ აქ ჯერ კიდევ არ არის ბედთან შეჭიდების მოტივი ისეთივე განვითარებული და სრულყოფილი, როგორც „მერანში“ გვხვდება შემდგომ. ამის გამოა, რომ არ არის ტრაგიზმიც, რომელიც „მერანის“ ოპტიმიზმს, მის შეურიგებელ, დაუოკებელ, დაუმარცხებელ განწყობილებას განსაზღვრავს. აგრეთვე საინტერესოა, ლექსის სტრუქტურაც. აქ ერთმანეთს ენაცვლება თოთხმეტმარცვლიანი და ოცმარცვლიანი ლექსი. პირველი მათგანით დაწერილი სტროფი უფრო პათეტიკურია, ხოლო მეორეთი - უფრო აღწერილობითია. შეიძლება ითქვას, რომ ამ ლექსში თითოეული სიტყვა, ფორმა, თითოეული ფრაზა ორგანულადაა შეზრდილი მის შინაარსთან. აქვე უნდა ითქვას, რომ ბარათაშვილის ამ ლექსში ვხვდებით წყვილ, ჯვარედინ და შინაგან რითმებს. ამის გამოა, რომ კონკრეტულ სქემაზე ლაპარაკი ჭირს, ვინაიდან პოეტს არჩეული არ აქვს ერთი კონკრეტული სტილი. ამის გამო, კანონზომიერებებზე საუბრის დროს უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ერთადერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი, რაც პოეტურ სტილსა თუ კანონზომიერებებს ქმნის, პოეტის შინაგანი, სულიერი, განცდებია. გრიგოლ კიკნაძე ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაზე ამბობს, რომ თუ ბევრი რომანტიკოსის შემოქმედება მოქანცული და იმედგაცრუებული ადამიანის გრძნობებსა და შეხედულებებს გადმოსცემდა, ბარათაშვილის პოეზიისათვის დამახასიათებელია უკეთესი მომავლისაკენ სწრაფვა. პოეტს ყოველთვის ჰქონდა სიცოცხლის წყურვილი, რომელიც მომავლის იმედს უნერგავდა და სევდას უქრობდა. იგი საიმედოსა და სასიხარულოს ეძებდა ყველგან, როგორც ბუნების წიაღში, ისე ადამიანთა საზოგადოებაში. ეს ძიება ყოველთვის ნაყოფიერი არ იყო. ამის მიუხედავად, პოეტი ძიებაზე უარს არასდროს ამბობდა. როგორც გრიგოლ კიკნაძე წერს: – მას სჯეროდა რომ, ბოლოს და ბოლოს, „გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს“. გერონტი ქიქოძე ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის „შემოღამება მთაწმინდაზედ“ შესახებ წერს - „ ქართული შემოქმედი სულის ამ უდიდეს ძეგლში ბარათაშვილმა განსაცვიფრებელი პოეტური სიძლიერით „ადგილნი ვერანანი და უდაბურნი“ გარდააქცია მისტიკური და წინააღმდეგობის შინაგანი ბრძოლების ტანჯული სულის გამომხატველ სარკედ“. აქედან კარგად ჩანს, რომ ბარათაშვილის ბუნება სავსეა მწუხარებითა და სევდით. ასევე, გერონტი ქიქოძის მიხედვით, პოეტის ბუნება აღსავსეა რაღაც გამოუთქმელი მისტიკური იდუმალებით. მდუმარე და ღრმად ჩაფიქრებულია. ის გულს მოკვდავს ავიწყებინებს საწუთროებას, ამა სოფლის ამაოებას და ათასჯერ უფრო უბედურს ხდის იმას, ვინც ვერ პოულობს „სადგურს, ზენაართ სამყოფს“ ან არა სცნობს „განგებას ციურს““. ეკატერინე გურგენიძე თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი 13090 1-ს მოსწონს
|