სისხლის სამართალი "კარგით რა მთელ ოჯახს ხომ არ დავიჭერთო" - ზაზა სარალიძის პრესკონფერენციის დეტალები 2018, 9 ივნისი, 19:57
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მკვლელობის ფაქტზე 6 თვიანი ლოდინის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მირზა სუბელიანი დააკავა, რითაც უკმაყოფილოა სასტიკად მოკლული დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე. დაკავებულია კიდევ ერთი პირი, ვინმე მერაბ მორჩაძე და ორივე დაკავებული მიხეილ კალანდიას და მისი ოჯახის ნათესავია.სუბელიანის დაკავების ფაქტს ზაზა სარალიძე პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სუბელიანის დაკავება მისთვის არის მორიგი ტყუილი შსს-ს მხრიდან: - " რაც შეეხება დღევანდელი ნაბიჯის გადადგმას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, მივესალმები ამ გადადგმულ ნაბიჯს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რა ბრალდებაც წაუყენეს ბატონ მირზა სუბელიანს, ეს დამაკმაყოფილებელი არ არის, იმ გადმოსახედიდან, თუ რა დანაშაულებრივი წვლილი მიუძღვის ამ ბატონს ამ საქმესთან დაკავშირებით. არ არის წარდგენილი ბრალი ამ საქმეში უხეშად ჩარევისთვის.მირზა სუბელიანის დღევანდელი დაკავება ჩემთვის იყო ის გადმოგდებული საკენკი, ასე ვთვლი მე, ეს იყო ძალიან უმეცარი ნაბიჯი ხელისუფლებიდან თუ ძალოვანი უწყებიდან, რომ თითქოს მე გავჩერდები, მე იქ არ მქონია საუბარი მხოლოდ სუბელიანზე, ბევრი პირი ჩამოვუთვალე, პლუს მიხეილ კალანდია, პლუს საქმის პროკურორები, რომლებიც პირდაპირ პასუხისგებაშია მისაცემი, რომელიც უკვე საფუძველია დაკავების.... მირზა სუბელიანი როდესაც კალანდიების ოჯახში იმყოფებოდა, იქ მანამდე იმყოფებოდა მისი მეუღლე და მისი შვილი, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ მირზა სუბელიანმა წარადგინა საგამოძიებო უწყებაში, რომ მიეცა ჩვენება. თუ მირზა სუბელიანმა ნახა ეს მკვლელი, მინდა მივმართო საზოგადოებას და თვითონ გახარიას უწყებას, მისმა შვილმა არ ნახა, რომლის მოწვევითაც იყვნენ მისულები? მისი შვილი არ არის დაკავებული ამ საქმის ორგანიზატორობისთვის." შვილმოკლულმა მამამ პრესკონფერენცია ადვოკატთან ერთად გამართა, რომელმაც მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა აქვე ყურადღება გაამახვილა არაერთ დაუდგენელ და გამოუძიებელ ფაქტზე, რაც აღნიშნულ მკვლელობას უკავშირდება. ჟურნალისტების შეკითხვებს ზაზა სარალიძე პასუხობდა: - " მისი მეუღლე, ძალიან კარგად იცოდა, რატომ არ არის დაკავებული მისი მეუღლე, რომელმაც იცოდა მკვლელი ვინ არის? ასევე არის კიდევ ერთი ქალბატონი, მიხეილ კალანდიას დედა, რომელმაც იცოდა მკვლელი სადაც იყო და არ შეატყობინა.ზუსტად ასეთი მოთხოვნები როდესაც მე მქონდა პროკურატურაში ბატონ ზვიად ფხაკაძესთან, ასეთი პასუხი მივიღე - „კარგი რა მთელ ოჯახს ხომ არ დავიჭერთ?“. დამნაშავე ვინც არის, ყველა დასაჭერია აბსოლუტურად - განაცხადა ზაზა სარალიძემ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მირზა სუბელიანი იყო ქვემო ქართლის პროკურორი, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სოზარ სუბარმა გენინსპექციის უფროსად დანიშნა - ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ზაზა სარალიძე.
|
საწყალ ბავშვს ძალზე ცუდი საძმაკაცო ჰყოლია, ფაქტს ბევრი შეესწრო და ჩვენებას არ იძლევიან, ვერ ამოიძირკვა ეს დამპალი კრიმინალური მენტალიტეტი საქართველოში.