x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მატერჰორნი – მკვლელი მთა

image


მატერჰორნი - ალპების მთების ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასაპყრობი მწვერვალია და მას ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს. ყოველწლიურად, 3 000-მდე ალპინისტი ცდილობს მწვერვალის დაპყრობას, უმრავლესობა მიზანს ვერ აღწევს და უკან ბრუნდება, მომავალში ხელმეორედ ცდის იმედით. მაგრამ, წელი არ გადის, რომ ვინმე არ დაიღუპოს. მაგ., 1981-დან - 2011 წლამდე პერიოდში, მწვერვალის მსხვერპლი 223 ადამიანი გახდა. ანუ წელიწადშ, საშუალოს, 7-8 ადამიანი არის დაღუპული. საერთოდ კი, მწვერვალის დაპყრობის მცდელობისას, 500-მდე ადამიანი გარდაიცვალ. imageმიუწვდომელი მწვერვალი

imageმატერჰორნის მწვერვალი შვეიცარია-იტალიის საზღვარზე მდებარეობს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან - 4478 მ-ია. მთას არასწორი პირამიდის ფორმა და ძალიან ციცაბო ფერდობები აქვს, მწვერვალთან სიახლოვეს კი - კლდე, პრაქტიკულად ვერტიკალურია.

ჯერ კიდევ XVIII საუკუნის ბოლოს, შვეიცარელი გეოლოგი ოპას ბენედიქტ დე სოსიური, მატერჰორნის შესწავლის შემდეგ, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამ მთის მწვერვალზე ასვლა შეუძლებელი იყი. მას შემდეგ, ათწლეულების მანძილზე, მწვერვალი მიუწვდომლად ითვლებოდა და ალპინისტების ყურადღების მიღმა რჩებოდა. არავის უნდოდა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, იმის დამტკიცება, რომ მეცნიერი ცდებოდა.
დრო გადიოდა და XIX საუკუნის მეორე ნახევრისთვის, ალპინისტებმა ამ მთების ყველა 4 ათასიანი მწვერვალი დაიპყრეს. მხოლოდ მატერჰორნი დარჩა მიუწვდომელი. ეს სიტუაცია ბევრი ალპინისტისთვის გამოწვევა იყო და ბევრმა მოსვენება დაკარგა. შეიძლება ითქვას, რომ ზოგისთვის, მწვერვალის დაპყრობის სურვილი, აკვიატებადაც კი იქცა. მატერჰორნის დაპყრობა ბევრმა სცადა, მაგრამ... ზოგი რთული რელიეფის გამო დაბრუნდა შუა გზიდან, ზოგიც - ცუდი ამინდის გამო.

მატჩი ინგლისი – იტალია

ინგლისელი ალპინისტი ედუარდ უიმპერი თანამემამულეებს გულზე დიდად არ ეხატებოდათ. ამ ახალგაზრდა კაცს ყველა თავხედად მიიჩნევდა, რადგან ის არასდროს იცავდა ბრიტანული ალპინიზმის წესებს. პროფ. ჯონ ტინდალი, ლიდერი და ბრიტანეთში აღიარებული მთათამპყრობელი და მისი მომხრეები, თვლიდნენ რომ მწვერვალზე ასვლამდე, საჭიროა მთის შესწავლა, მისი ბუნების შეცნობა, მათი სილამაზით ტკბობა, მაგრამ არ შეიძლება მთის შეჯიბრის და ნიძლავის ობიექტად, არენად ქცევა. უიმპერი კი სულ სხვა ტიპის ადამიანი იყო. ის განსხვავებულად აზროვნებდა. მისთვის მთავარი მთის შესწავლა კი არა, დაპყრობა იყო, თან ნებისმიერ მიზნად. მან 8-ჯერ სცადა მატერჰორნის დაპყრობა. უნდოდა, რომ პირველი ყოფილიყო, ამ მწვერვალის დამპყრობ, ალპინისტების სიაში. მაგრამ, მთა თითქოს არ იღებდა მას. უიმპერი კი არ ეშვებოდა და მიზნისკენ მანიაკალური ფანატიზმით მიიწევდა. image

1865 წლის 13 ივლისს, დილის 5:30 საათზე ალპინისტების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში ედუარდ უიმპერი, ლორდი ფრენსის დუგლასი, რობერტ ჰედოუ, ჩარლზ ჰადსონი, გამცილებელი მიშელ კრო და მამა-შვილი, ასევე გამცილებლები, პიტერი და პიტერი ტაუგვალდერები იყვნენ, მატერჰორნის მწვერვალზე ასასვლელად, შვეიცარიის სამთო კურორტიდან, - ცერმატიდან გავიდნენ. ისინი ძალიან ჩქარობდნენ, რადგან, ინფორმაცია ჰქონდათ, რომ პრაქტიკულად, მათთან ერთად, მთის მეორე მხარეს, იტალიელი ალპინისტების ჯგუფი აპირებდა სტარტის აღებას. ვინ გაიმარჯვებდა ინგლისი-იტალიის უჩვეულო მატჩში? ვის დანებდება მატერჰორნი? ალპინისტებისთვის მთის ურთულეს რელიეფს, ამ კითხვებით მიღებული სტრესიც ემატებოდა.
ამინდი კარგი იყო. უიმპერის ჯგუფმა, შუა დღისთვის, ზღვის დონიდან 3350 მ. სიმაღლე დაძლია და იქვე დაბანაკდა. უმცროსი ტაუგვალდერი და კრო დაზვერვაზე წავიდნენ, რომ მეორე დღისთვის, ყველაზე ოპტიმალური მარშრუტი შეერჩიათ და დროც დაეზოგად. რამდენიმე საათის შემდეგ, ისინი კმაყოფილები დაბრუნდნენ და ყველა დაარწმუნეს, რომ მწვერვალისკენ მიმავალი გზა ძალიან რთული არ იქნებოდა.
მომდევნო დღეს, ირიჟრაჟა თუ არა, ჯგუფმა მწვერვალისკენ აიღო გეზი. გზის პირველი ნაწილი, მართლაც ადვილი გასავლელი აღმოჩნდა და როგორც მოგვიანებით, უიმპერმა აღნიშნა, დიდ კიბეს ჰგავდა. დილიდ 10 საათისთვის, ალპინისტებმა 4270 მ-იან ნიშნულს მიაღწიეს და რაც უფრო უახლოვდებოდნენ მწვერვალს, მით უფრო რთულდებოდა მარშრუტი.
14 ივლისს, 13 სთ-ზე და 40 წუთზე, უიმპერი და კრო ერთდროულად ავიდნენ მწვერვალზე. ედუარდ უიმპერმა, უპირველეს ყოვლისა, თოვლის საფარი დაათვალიერა. მასზე არანაირი კვალი არ იყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ პირველები იყვნენ!
გარკვეული დროის შემდეგ, ინგლისელებმა იტალიელები დაინახეს, ძალიან შორს... ქვევით. იტალიელებმაც დაინახეს კონკურენტები და უკან მიბრუნება გადაწყვიტეს, რადგან ჩათვალეს, რომ ასვლას აზრი აღარ ჰქონდა.

მატჩის შედეგი 1:0 იყო, ინგლისის სასარგებლოდ!

პირველი მსხვერპლი

უიმპერის ჯგუფმა მწვერვალზე 1 საათი გაატარა. ქვებისგან პატარა პირამიდის აშენების შემდეგ, ალპინისტებმა ნელ-ნელა დაშვება დაიწყეს. პირველი მიშელ კრო მიდიოდა, მას თოკზე ჩაბმული, ჰედოუ, ჰადსონი, დუგლასი, ტაუგვალდერ-უფროსი, უიმპერი და უმცროსი ტაუგვალდერი მიჰყვებოდნენ. მაგრამ, მატერჰორნი დანებებას არ აპირებდა. მას არ უნდოდა გაეშვა ის, ვინც მისი მრავალსაუკუნოვანი სიმშვიდე დაარღვია. დაშვებიდან რამდენიმე წუთში, ჰედოუმ ფეხი რაღაცას წამოკრა და დაეცა, თავი ვერც კრომ შეიკავა და ისიც დავარდა. ორივენი ძირს დაცურდნენ და უფსკრულისკენ ჰადსონი და დუგლასი გაიყოლეს. უიმპერმა და მამა-შვილმა ტაუგვალდერებმა კლდეზე ჩაჭიდება შეძლეს. როგორც თავად თქვეს, მეგობრების გადასარჩენად, ძალ-ღონე არ დაიშურეს... მაგრამ, უეცრად თოკი გაწყდა ტაუგვალდერ-უფროსსა და მის წინ მიმავალ დუგლასს შორის და 4 ალპინისტი უფსკრულში გადაიჩეხა.

ცოცხლად დარჩენილებმა, მას შემდეგ, რაც მათ თვალწინ გათამაშებული ტრაგედიით მიღებული შოკიდან გამოვიდნენ, დაშვება გააგრძელეს. დაღამებამდე ვერ ჩამოვიდნენ და ღამე ფერდობზე გაატარეს. მეორე დღეს, ბევრი ეძებეს, მაგრამ ალპინისტების ჩამოვარდნის ადგილს ვერ მიაგნეს.
16 ივლის სამაშველო ოპერაცია ჩატარდა. კროს, ჰედოუს და ჰადსონის გვამები, ჩამოვარდნის ადგილიდან, 1000 მ-ით ქვევით, მყინვარზე იპოვეს. დუგლასის გვამს ვერ მიაგნეს.

ვინ არის დამნაშავე?

ალპებში დატრიალებული ტრაგედია, უკვე საუკუნენახევარია, მოსვენებას არ აძლებს მკვლევარებს. რატომ გაწყდა თოკი? რა იყო: უბედური შემთხვევა, გულგრილობა თუ ... განზრახ მკვლელობა? მემუარებში, - «ალპებში ასვლა 1860-69 წწ.», ედუარდ უიმპერი მომხდარში ტაუგვალდერებს ადანაშაულებს. ის ამტკიცებს, რომ გამცილებლებმა უხარისხო თოკები შეარჩიეს. თოკი, რომელზეც პირველი 4 ალპინისტი იყო ჩაბმული, ძალიან მოკლე აღმოჩნდა და მოკლე ინტერვალის გამო, ალპინისტებმა თავის შეკავება ვეღარ შეძლეს და ერთმანეთი უფსკრულში ჩაითრიეს. ეს მართლაც ასე იყო, თუ არა, ძნელი სათქმელია, რადგან თოკი, ისევე როგორც დუგლასის ცხედარი ვერ იპოვეს.
«მისი უსაზღვრო ამბიციები, ამაოება, ექსპედიციის სამზადისის დაჩქარება, იტალიელებთან შეჯიბრი და ნებისმიერ ფასად, მწვერვალის დაპყრობის სურვილი, იყო ამ ტრაგედიის მიზეზი» - მომხდარში ედუარდ უიმპერს ადანაშაულებს შვეიცარიელი მწერალი ჰანეს ტაუგვალდერი (ის გამცილებლების ოჯახის შთამომავალია).
ამ ტრაგედიის საიდუმლო ჯერ-ჯერობით გაუხსნელია. და შეიძლება, არც არასდროს გახდეს ცნობილი, თუ რამ მოხდა მწვერვალზე სინამდვილეში. მატერჰორნი კი, ახალი მსხვერპლის მოლოდინშია...

P.S. კიდევ ერთი რამით არის ეს მთა გამორჩეული. მისი ფორმირება თეტისის ზღვის გეოსინკლინის არეში, ევროპული და აფრილული ფილების შეჯახების შედეგად მოხდა და მთის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მატერჰორნის ძირი ევრაზიის ფილის ნაწილია, ხოლო მწვერვალი - აფრიკულის.

image

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageგველების კუნძული
დანაკილის უდაბნო ანუ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში

მსოფლიო ოკეანის 5 საიდუმლო (ურჩხულები რეალურად არსებობენ)

ფრთხილად, სახიფათოა!!! ეს ყველამ უნდა იცოდეს, ვინც დასვენებას ზღვაზე აპირებს

0
583
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
583
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0