სხვა რას ყვება საკუთარ თავზე "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, რომლის ხმაც გაბუნიამ "ნაჯახს" შეადარა 2018, 19 მაისი, 17:40
ალექსანდრე მრელაშვილი "მხოლოდ ქართულის" ერთ-ერთი მონაწილეა. კახეთის სოფელ იყალთოდანაა, ამბობს, რომ მისი საქმიანობა მომღერლობაა და 2 წელია, თელავის ახალგაზრდულ ანსამბლ "ურმულში" მღერის. მისი ოჯახის ყველა წევრი - პაპა-ბებიიდან დაწყებული, მღერის. კონკურსში ალექსანდრე მათი თხოვნით მოხვდა.
AMBEBI.GE ამჯერად ალექსანდრე მრელაშვილს გაგაცნობთ ახლოს:
"მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე, ეს დედაჩემის დამსახურებაა... "ურმულში" ჩვენი ხელმძღვანელი დავით გაგანაშვილია, ანსამბლ "წინანდლის" წევრი. ახალგაზრდა ბიჭები შეგვკრიბა და ჯგუფი ჩამოაყალიბა. უკვე 2 წელია ვმღერით, რაც ძალიან მომწონს. "მხოლოდ ქართულის" შესახებ ბებომ მითხრა და პაპასთან ერთად, ინიციატივა გამოიჩინა, კასტინგზე გავსულიყავი. უარი ვეღარ ვთქვი, თან, დავფიქრდი - ქართული სიმღერის პროექტი იყო, ანუ ის, რაც ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ უცხოურ სიმღერებსაც ვმღერი, ქართული ჩემთან უფრო ახლოს არის და მეტად მიყვარს", - გვეუბნება ალექსანდრე.
- უკვე კონკურსის მონაწილე რას იტყვი, მოგწონს კონკურსი?
- თავიდან ვიფიქრე, ვცდი, როგორც ვიმღერებ, შემაფასებენ-მეთქი. ახლა უკვე ის მაინტერესებს, პროექტში ყოფნისას რაც შეიძლებ მეტი და მეტი ვისწავლო. გამოცდილება მივიღო. - ქართული სიმღერების ახალი ვერსიები მოგწონს და ადვილად ითვისებ? - რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რასაც აკეთებს ბატონი ზვიადი, მსიამოვნებს. ჩემი აზრით, ახალმა თაობამ არ უნდა გავიმეოროთ ზუსტად იგივე ვერსია და ისევე, როგორც ჩვენი წინა თაობა ასრულებდა, მაგრამ ორიგინალიც არ უნდა დაიკარგოს. შეიძლება საზოგადოებიდან ვიღაცებს არ მოსწონთ ახალი არანჟირებები, მაგრამ სათქმელი ახლებურად უნდა ვთქვათ და ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. რაც შეეხება ათვისებას, ადვილად, მაშინვე ვითვისებ, სმენა მაქვს. ვცდილობ, ჩემი ვარიანტი გავაკეთო, ჩემებურად ვიმღერო, ვიდრე სხვისი ნამღერი გავიმეორო, მივბაძო, მაგრამ როგორი ხმაც მაქვს, იმას ვერაფერს ვუშვრები. - შენს ხმაზე თავისებური შეფასებები აქვს ჟიურის ერთ-ერთ წევრს გიორგი გაბუნიას. ერთხელ ნაჯახსაც შეადარა, თუმცა წინა კონცერტზე შენით კმაყოფილი იყო... - ძალიან მომწონს გიორგის შეფასებები. ცუდად სულაც არ მაფასებს. "ნაჯახიო" რომ თქვა, ალბათ იმიტომ, რომ ასეთი შედარება გააკეთა, რადგანაც ხომ ვამბობ, ხმა მაქვს რაღაცნაირი. ვფიქრობ, სწორ შეფასებას აკეთებს. მთავარი ის არის, რომ ამ პროექტით, როგორც ვთქვი, დიდ გამოცდილებას ვიღებ. ბევრი ადამიანი გავიცანი. პროფესიონალებთან ვმუშაობ, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი, რითაც ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, მადლობას ვუხდი ბებოს და პაპას, რომ წამახალისეს და კონკურსში მონაწილეობაზე დამითანხმეს. - ვნახეთ სიუჟეტი შენი მამულიდან. მევენახეც ყოფილხარ... - ეგ ყველაფერი მამაჩემმა მასწავლა. ვენახი ერთად გავაშენეთ. რქაწითელი ჩვენ ჩავყარეთ. ხომ ვამბობ, მამაჩემი რასაც მასწავლიდა, იმას ვსწავლობდი. ბავშვობიდან ვენახში ვიყავი და ვეხმარებოდი. სირცხვილიც არის, ეს საქმე არ ვიცოდე - მიყვარს ჩემი სოფელი და მამული, 22 წლის ვარ და იყალთოს გარდა სხვაგან არ მიცხოვრია. მიყვარს ვენახი და იქ მუშაობაც. - გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი გოგონების რიცხვმა მოიმატა? - კი, მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მახარებს ეს ხალხი და ბედნიერი ვარ ამ სითბოთი. ადამიანებს მოსწონთ ჩვენი ნამღერი. ეს ყველაფერი მაბედნიერებს და კარგი გრძნობაა. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მოკლედ, ჩემს თავს ახლა ასეთი მოულოდნელი ამბები ხდება და ვცდილობ, წონასწორობა შევინარჩუნო, თორემ თავში თუ ერთი აგივარდა, მერე უკვე ვეღარ გაწონასწორდები. როგორ ფიქრობ, კონკურსში გაიმარჯვებო?, - მეკითხებიან. მაგაზე არ ვფიქრობ. ჩემი ამოცანაა, ყოველ ლაივზე კარგად ვიმღერო და მინდა, მსმენელს მაყურებელს თავი მოვაწონო, რომ ყოველ ლაივზე ვიმღერო, ნებისმიერ შემთხვევაში, ვრჩები მუსიკაში. ახლა სულ მაგაზე ვფიქრობ.
492 3-ს მოსწონს 1-ს არა
|