საზოგადოება ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც უცხოელი სტუდენტები ქართულად აამღერა?-ინტერვიუ ანი სპარსიაშვილთან 2018, 18 მაისი, 22:53 რამდენიმე დღის წინ სოციალურ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც ქართველი გოგონა, პორტუგალიაში, უცხოელ სტუდენტებს ასწავლის ქართულ-"ჟუჟუნა წვიმა"-ს.
საინტერესოა, ვინაა ეს გოგონა სინამდვილეში და რას საქმიანობს პორტუგალიაში.
-გამარჯობა ანი, სოციალურ სივრცეში განთავსებულმა ვიდეომ, სადაც უცხოელ სტუდენტებს ქართულ სიმღერას ასწავლი დიდი მოწონება დაიმსახურა. თუ შეიძლება, მოგვიყევი ამ ისტორიისა და შენს შესახებ... -გამარჯობა, ნამდვილად არ ველოდი ამხელა გამოხმაურებას, ჯერ მეგობარმა მთხოვა გაასაჯაროეო, მერე წაიღო სხვადასხვა მედიამ. ზოგადად, ადამიანების სითბოთი განებივრებული ვარ, მაგრამ ამ ვიდეოს შემდეგ უფრო მეტად ვიგრძენი ხალხისგან სიყვარული. არადა, გამორჩეული მართლა არაფერი გამიკეთებია, ტრენინგის ფარგლებში ვთამაშობდით "საიდუმლო ქალაქს" ("სეკრეტ სითი"), სხვადასხვა დავალება გვქონდა შესასრულებელი, მათ შორის იყო ეს. ჩვენს ერთ-ერთ ენაზე უნდა გვესწავლებინა სიმღერა უცხოელი ტურუსტისთვის და ერთმანეთისთვისაც გვემღერა. გამოვთქვი სურვილი და დამთანხმდნენ, სიმღერაც მარტივი შევარჩიე და არ გაუჭირდათ, შემდეგი დღეები სულ "დანამა-დანამას" მღეროდნენ. ჩემს შესახებ რა ვთქვა არ ვიცი, ცოტა მიჭირს მოპასუხის ამპლუაში ყოფნა. ამჟამად ვცხოვრობ კუნძულ მადეირაზე, პორტუგალიაში, მეუღლესთან ერთად, ვსწავლობ და ვმუშაობ პროეტქ "იბერია -აღმოაჩინე საერთო ფესვები". ამას გარდა, ვმუშაობ "Teatro metaphora”-ში, სადაც უამრავი სხვადასხვა პროექტი გვაქვს, მათ შორისაა ისეთები, რომლებშიც საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებია ჩართული, როგორც პარტნიორები და ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ესაა-ქართველ ახალგაზრდებს რაც შეიძლება მეტი შეასაძლებობა მიეცეთ და მეტი მოტივაცია განვითარებისათვის. აქ ძალიან მშვიდად ვცხოვრობ, თუ ამას ასე შეიძლება ვუწოდოთ, თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, მაგრამ ისე მაქვს გრაფიკი გადანაწილებული რომ ყველაფერს ვასწრებ და დაღლასაც ვერ ვგრძნობ. -ალბათ, გაგიჭირდა სამშობლოს დატოვება, რომელიც ასე ძალიან გიყვარს. რამ გადაგაწყვეტინა საბოლოოდ წასვლა? -ეს რთული შეკითხვაა და ჩემთვის შეიძლება ითქვას მტკივნეული. საქართველოში ერთი შეხედვით, როგორც იტყვიან, ცხოვრება აწყობილი მქონდა- კარგი სამსახური და როცა ვამბობ, კარგი, არ ვაჭარბებ, ინტერმედიას რედაქტორობა ჩემთვის უდიდესი და სასიამოვნო გამოცდილება იყო. რაღაც სიმბოლურია, ამას ინტერმედიას ჟურნალისტთან ასე რომ ვამბობ, მადლობა მაიკო ამის საშუალება რომ მომეცი. ასევე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მაგისტრატურაზე ჩავაბარე წელს და მოვიპოვე საუნივერსიტეტო დაფინანსება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწავლა სულმთლიანად დაფინანსებული მქონდა და არაფერს ვიხდიდი, ვსწავლობდი თარგმანის თეორიასა და მთარგმნელობით პრაქტიკას, მადლობა ქალბატონ ეკატერინე ნავროზაშვილს, ის რომ ჩემი ლექტორი არ ყოფილიყო და მოტივაცია არ მოეცა, ამას ვერ ვიზამდი. მოკლედ, ყველაფერი ძალიან კარგად იყო, იმაზე კარგად, ვიდრე წარმოვიდგენდი, სამსახურის უფროსი ხელსმიწყობდა რომ მესწავლა და ერთი სემესტრი დავხურე. ახლა აკადემიური მაქვს აღებული. ვიცი, რომ ასე ნორმალური ადამიანი არ მოიქცეოდა, ყოველთვის ვიცოდი რომ მე არ ვიყავი ნორმალური... გამიჭირდა, კი არა, კინაღამ მოვკვდი ამ გადაწყვეტილების გამო... სიმართლე ისააა, რომ მივატოვე ყველა და ყველაფერი ერთი ბიჭის გამო, რომელმაც მომანიჭა უდიდესი გამბედაობა და ძალა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო. თუმცა, ეს არ იყო ერთი ნაუცბადევი ნაბიჯი, ამაზე თითქმის ორი წელი ვფიქრობდი, შენთან უნდა გამოვტყდე საჯაროდ, ბევრს აინტერესებს სად და როგორ გავიცანი ჩემი ბიჭი და რანაირად მოხდა ყველაფერი. ზოგადად, ბედისწერის არ მჯერა, მაგრამ როცა საქმე სიკვდილს, სიცოცხლეს და სიყვარულს ეხება, მგონია, რომ რაღაც არსებობს... რაღაც სხვა ძალა გვმართავს. საქმე ისაა, რომ სექტემბერში ვაპირებდი საქართველოს დატოვებას და სასწავლებლად წასვლას, მაგრამ სამუშაომ, ჩაბარების ამბავმა გადამაწყვეტინა მოგებულ პროექტზე უარი მეთქვა. მერე კი როცა გავაანალიზე, რა გავაკეთე, რომ ჩემს მიზნებსა და ოცნებებზე უარი ვთქვი, საოცარი იმედგაცრუება ვიგრძენი და ყველაზე საშინელი იმედგაცრუება მაშინაა, როცა საკუთარი თავი გიცრუებს იმედებს და სხვას პასუხს ვერ სთხოვ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი გავაანალიზე და მივხვდი, რომ მთავარია შენ თავთან დარჩე ბოლომდე მართალი და შენ თავს არ ატკინო გული, თორემ მერე ბოროტდები და აღარც ერთი წარმატება აღარ გახარებს, ეს მჭირდა ზუსტად, ყველაფერი კარგად იყო გარედან, ხოლო შინაგანად ყველაფერი ცუდად მეჩვენებოდა. მერე იყო ფიქრები, ვუღალატებდი თუ არა ჩემს სამშობლოს, რელიგიას და ა.შ. მაგრამ ამაზე ახლა ერთი პასუხი მაქვს. ის ადამიანები, ვინც ამას მეუბნებოდნენ და მეც ვეთანხმებოდი, კარგა ხანს სინდისი მქენჯნიდა, ასე ხედავდნენ და მეც ვცდილობდი ჩემი თავი მათი პოზიციიდან დამენახა, მაგრამ როგორც კი ამას ცდილობ, კარგავ მეობას, პიროვნულობას და იკარგები. მე კი ახლა მადლობას ვწირავ ღმერთს ყოველ დილით, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე, ამდენი დაბრკოლების მიუხედავად, რადგან ჩემი "მე" თვალს აღარ მარიდებს და პირიქით, ძალიან რთულია, ტკივილიანია ეს ბედნიერება, მაგრამ ჩემია, ჩემი ძალისხმევით მოპოვებული და ვფიქრობ, რომ სიყვარული არის უმთავრესი ამ ცხოვრებაში და სწორედ ის გვაძლევს ძალას უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენივე თავები და გარემო. პატრიოტიზმი კი აქ უფრო მეტად გამიძლიერდა, სულ იმის ცდაში ვარ, საქართველოსთვის რაიმე ღირებული გავაკეთოთ, ამას კი შრომა და გარჯა სჭირდება, ახლა ზუსტად ამის დროა. მე ვსწავლობ და ვშრომობ და ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ამას ჩემი საქართველოსთვის ვაკეთებ. -აქვს რაიმე საერთო ქართულსა და პორტუგალიურ წეს-ჩვეულებებს ან, თუნდაც, ყოველდღიურ ყოფას? -კი, ჭამა-სმა ამათაც ჩვენნაირად უყვართ, უფრო სწორად, ჩვენზე მეტადაც კი. ღვინის და ყვავილების კულტია აქ. მადეირას ღვინო ცნობილია მსოფლიოში და მასთან დაკავშირებუული ტრადიციები მსგავსია. როგორც ახლა ვხვდები პორტუგალია მხარეების მიხედვითაც განსხვადება. ეს კუნძული ძალიან ტრადიციულია, მტკიცე ოჯახები აქვთ და ძირითადად მრავალშვილიანები არიან, სტუმართმოყვარეობაშიც გვგვანან, უყვართ სტუმარი, რაც შეიძლება მეტი უნდა გაჭამონ და ღვინო დაგალევინონ, თავი საქართველოში მგონია ხოლმე. კიდევ ძველ ხალხს ჰგონია რომ ეს კუნძულია მაინცდამაინც გამორჩეული, "მარადიულ გაზაფხულს" ეძახიან და სამოთხესთან აიგივებენ, მე ვეუბნები ეგ საქართველოა-მეთქი... ეტყობა, კიდევ ხმამაღალი ლაპარაკი უყვართ, ჩვენსავით ემოციურები არიან. ხან მგონია რომ ჩხუბობენ ქუჩაში და მეორე წამს ხედავ რომ ერთმანეთს ეხვევიან და კოცნიან. ერთი შეხედვით ჯერჯერობით ძალიან საყვარელი, გულალალი ხალხია საკუთარ ქვეყანაზე და ტრადიციებზე შეყვარებული. -კიდევ მოგვიყევი შენი ქართული ცხოვრებისა და სტუდენტური წლების შესახებ... -საქართველოში რომ ვიყავი, ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა, დილიდან საღამომდე სამსახურში და მერე უნივერსიტეტში, თუმცა, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი სტუდენტობის წლებით, როცა ბევრი საქმე მაქვს, მაშინ უფრო მობილიზებული ვარ, ზოგადად და რა ვიცი, რა ვთქვა, მეამაყება რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგია დავამთავრე და ისეთი ლექტორები მასწავლიდნენ, რომლებიც უდიდესი მეცნიერები იყვნენ და არიან. ბატონი ტრისტან მახაურის სიკვდილს დღესაც ვერ ვიჯერებ, რომ ჩავაბარე, ფოლკლორისტიკის მიმართულებით მინდოდა გამეგრძელებინა ჩემი მოღვაწეობა და ის ყოველთვის გვერდით მედგა, არასოდეს დავივიწყებ მის ამაგს, რაც მიხარია კიდევ ისაა, რომ ოთხი წლის მანძილზე სახელწმიფო დაფინანსებით ვსწავლობდი და სტიპენდია მქონდა, ფულს აქეთ მიხდიდნენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დიდი ძალისხმევის ფასად, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში განათლება ასე თუ ისე დაფასებულია და ჩემს მაგალითზე, ვისაც სწავლა უნდა და საშუალება არ აქვთ, ვეტყვი, რომ ხელი არ ჩაიქნიოს, თუ გულით სურს, ყველაფერი გამოუვა. ასე წითელ დიპლომზე დავამთავრე უნივერსიტეტი და რაც ყველაზე მეტად მახარებს, მქონდა ძალიან აქტიური სტუდენტური წლები, უამრავ სამეცნიერო კონფერეცნიაში ვიღებდი მონაწილეობას და ამის პარალელურად ყოველთვის ვმუშობდი, მაგისტრატურაზე კი უკვე ვისაუბრე. ანი დედასთან, მანანა ოთარაშვილი-სპარსიაშვილთან ერთად: "ერთხელ სადღაც მივაწერე ასე, მე ყველაფერს იმისთვის ვაკეთებ, რომ დედაჩემი ბედნიერი იყოს, თურმე დედაჩემიც ამიტომ აკეთებს ყველაფერს და დროა ახლა, ორივე ბედნიერები ვიყოთ-მეთქი, მადლობა, ყველაფრისათვის ჩემს ტკბილ დედიკოს." 5. და ბოლოს, რას უსურვებდი ჩვენს ქვეყანას? როგორ წარმოგიდგენია, როგორ უნდა განაგრძოს საქართველომ გზა, რომ მიაღწიოს იმ ბედნიერ ღიმილს, რომელსაც ასე ხშირად ხედავ კუნძულ მადეირაზე? მთავარია ერთმანეთის სიყვარული ვისწავლოთ და ეს შესაძლებელია, თუ მოვინდომებთ. და ვისაც მართლა გვიყვარს ჩვენი "გულწრფელი და საზეპირო სიყვარულით" ჩვენი ქვეყანა, იმათმა თავდაუზოგავი შრომა უნდა ვისწავლოთ, ოღონდ პატიოსანი. პ.ს. დიდი მადლობა ანის ინტერვიუსათვის, კარგია, რომ საქართველოს ასეთი ახალგაზრდა გოგონა ჰყავს, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მილი აშორებს სამშობლოს, მაინც ახერხებს საქართველოს გულით ტარებას და მის შეყვარებას სხვებისათვის. 132 9-ს მოსწონს
|