საზოგადოება როგორ შეიცვლება მსოფლიო, თუ ყველა ადამიანი ვეგანი გახდება 2018, 3 მაისი, 14:01 ვეგანიზმი ვეგეტარიანელობის ყველაზე რადიკალური ფორმაა და ცხოველის პროდუქტის მოხმარებასაც კი გამორიცხავს. ამ ფენომენის ძირითადი მიზეზი ეთიკურია, რადგან ვეგანს არ სურს, ცხოველები დაზარალდნენ და მოკვდნენ კაცობრიობის საჭიროებების დაკმაყოფილების გამო. ვეგანური მოძრაობის ბევრი წარმომადგენელი დაჟინებით სთხოვს სხვა ადამიანებს, შეწყვიტონ ცხოველური საკვების მოხმარება. წარმოიდგინეთ, რომ მათი სურვილი უცებ რეალობა გახდა.
სტატიაში წარმოგიდგენთ პერსპექტივას, რა მოხდებოდა, მსოფლიოში ყველა ადამიანი რომ ვეგანი გამხდარიყო.
დედამიწაზე შინაური ცხოველების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.სამწუხაროდ, ცხოველებისა და ფრინველების ასე უბრალოდ გაშვება არ არის ისეთი მარტივი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. შესაძლოა, ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად ღორმა ან ცხვარმა, მოახერხოს ველურ გარემოსთან ადაპტირება, მაგრამ სხვების, მაგალითად ქათმების შემთხვევაში, ეს არ გამოვა, რადგან ისინი ძალიან განსხვავდებიან თავიანთი ველური წინაპრებისგან. შინაური ცხოველები რომც შეეგუონ ახალ გარემოს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი კარგად კვებას შეძლებენ და ჯანმრთელობა შეუნარჩუნდებათ. შორს წასვლა არ გჭირდებათ, შეხედეთ, როგორ ცხოვრობენ ძროხები ინდოეთში (ზედა მარჯვენა სურათი): წმინდა ცხოველებს ხშირად უწევთ, თავად იპოვონ საკვები ნაგავში, რაც, დიდი ალბათობით, სულაც არ იქნება ჯანსაღი. მართალია, ისინი სასაკლაოზე არ ამთავრებენ სიცოცხლეს, მაგრამ მათ ხორცს მტაცებელი ცხოველები და ფრინველები მიირთმევენ. ზოგადად, შინაური ცხოველების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიანაა დამოკიდებული ადამიანებზე და ნაკლებად სავარაუდოა, მათ გარეშე გადარჩენა მოახერხონ. ასე რომ, მათი უბრალოდ "გათავისუფლება" ნიშნავს მათ განწირვას შიმშილისთვის, დაავადებებისთვის და მტაცებლების შეტევისთვის, რადგან სწორედ ესა ბუნებრივი ვითარება ველურ გარემოში. კიდევ ერთი გამოსავალი არსებობს: ფერმის ცხოველებისთვის რეზერვაციის შექმნა. მაგრამ ეს უზარმაზარ თანხებთან იქნება დაკავშირებული, ადამიანური რესურსების ჩათვლით, და არ არის აშკარა, საიდან უნდა მოვიდეს ეს თანხა. ალბათ, გამოჩნდებიან მოხალისეები, რომლებიც მოინდომებენ ცხოველებზე ზრუნვას, მაგრამ მათ შორის ყველაზე უპრეტენზიოებსაც კი დასჭირდებათ რაღაც სახსრები საცხოვრებლად. წარმოიშობა ეკონომიკური პრობლემები.ეს პრობლემები გარდაუვალია და მას შემდეგ, რაც მთელი კაცობრიობა ვეგანი გახდება და ვეგანურ ცხოვრების სტილზე გადავა, რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკა, უბრალოდ, მთლიანად დაიშლება. ფერმები განადგურდება, რადგან ყველა მათგანი ვერ შეძლებს პროდუქტის სახეობების სწრაფად შეცვლას და ადამიანების უზრუნველყოფას, მაგალითად ბოსტნეულის, ხილისა და ბურღულეულის გადამუშავებას. ახალი ცხოვრების სტილი ნაკლებად მტკივნეული იქნება, თუ მასზე გადასვლა ნელ-ნელა და გონივრული გეგმის მიყოლით მოხდება. მაგრამ ვინ იცის, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება? ამავდროულად, ეკონომიკური პრობლემები მსოფლიოში ისევ რჩება და ზოგიერთი ქვეყნის მოსახლეობას საკვების ნაკლებობის გამო დროც კი არ აქვს იმაზე საფიქრალად, როგორ, როდის და რატომ უნდა გახდეს ვეგანი. პლანეტის ეკოლოგია შეიცვლება.მას შემდეგ, რაც საქონლის რაოდენობა შემცირდება, ატმოსფეროში მეთანის გამოყოფაც მნიშვნელოვნად იკლებს. და მიწები, რომლებიც პირუტყვის საძოვრებად გამოიყენებოდა, აღარ იქნება დაკავებული. შესაძლოა, ამ ადგილებში ისევ ხეები გაიზარდოს, როგორც წარსულში იყო. თუმცა, ისიც შესაძლებელია, ეს მიწები საკვების მოსაშენებლად იქნას გამოყენებული, რადგან კაცობრიობას უფრო მეტი ბოსტნეული და ბურღულეული დასჭირდება. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ბოსტნების აშენება შეუძლებელი იქნება ზოგიერთი ცხოველის მიმართ მკაცრი ზომების მიღების გარეშე. ვგულისხმობთ მღრღნელების განადგურებას - სხვანაირად როგორ უნდა დავიცვათ ნათესები მათგან? გარდა ამისა, როცა მიწას სამეურნეო საჭიროებებისთვის იყენებენ, ადამიანები (შემთხვევით თუ სპეციალურად) ხშირად ანადგურებენ ამა თუ იმ ცხოველის ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს. მოსახლეობის ზოგადი ჯანმრთელობა დაზიანდებაკვლევების მიხედვით, ვეგანური საკვები ამცირებს დიაბეტის, ჰიპერტენზიის, გულის დაავადებებისა და სიმსივნის რისკს. ვეგანური დიეტა კარგია წონის დაკლებისთვისაც, როგორც ზემოთაც ჩანს, გასტროენტეროლოგ ენჯი სადეგის ფოტოზე, რომელიც 10 წლის განმავლობაში იყო ვეგანი. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყველა ვეგანი აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანია? როგორც გაირკვა, სულაც არა. თუ ვეგანებს არადაბალანსებული დიეტა აქვთ, შესაძლოა ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტების დეფიციტი გაუჩნდეთ, როგორიცაა ცილა, კალციუმი, თუთია, რკინა, ვიტამინი D3 და ვიტამინი B12, ამან კი შესაძლოა ისინი დაავადებამდე მიიყვანოს. ცხოველურ პროდუქტებზე უარის თქმა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თუნდაც თქვენი ასაკის მატების პროცესი უფრო ნელა წავა. ჩვენ შევადარეთ მწერალ გილიან მქკეითისა და კრიტიკოს ნიგელა ლოუსონის სურათები ერთმანეთს (იხილეთ ქვემოთ). ორივე ქალბატონი ამჟამად 58 წლის ბრძანდება, თუმცა, გილიანი ვეგეტარიანულ დიეტას იცავს, ნიგელა კი თავისუფლად აჩენს სურათებში ხორცით სავსე თეფშს. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი ადამიანი, უბრალოდ, ვერ შეცვლის ცხოველურ საკვებს ვეგეტარიანულით სოიოზე, თხილზე, ხორბალზე და სხვა პროდუქტებზე ალერგიის გამო, რაც აუცილებელია ვეგანური დიეტისთვის. ყურადღება უნდა გავამახვილოთ ბავშვების საკვებზეც, განსაკუთრებით კი ჩვილების, რომლებიც დედის რძით ან მსგავსი პროდუქტით იკვებებიან. არსებობს იმის შანსი, რომ ზოგიერთმა მშობელმა მოინდომოს, ბავშვი პატარაობიდანვე "ნამდვილ ვეგანად" გაზარდოს და ბუნებრივი რძე "ვეგეტარიანულით" შეუცვალოს. სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები უკვე მოხდა და რამდენიმე ტრაგიკულადაც დამთავრდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მოზარდის სხეულს სჭირდება ცილებისა და სხვა ნივთიერებების საკმარისი რაოდენობა განვითარებისთვის, მშობლებმა კი პირველ რიგში ამაზე უნდა იფიქრონ, სანამ ბავშვებს თავს მოახვევენ საკუთარ შეხედულებებს. ადამიანები ეცდებიან, შინაური ცხოველებიც ვეგანები გახადონეს უკვე ხდება. ფოტოზე ხედავთ ძაღლს, რომელსაც პატრონი სპეციალურ ვეგანურ საკვებს აძლევს (ტკბილი კარტოფილი, ტოფუ, ყავისფერი ბრინჯი, ჩიას თესლები, ბოსტნეული და მოსანელებელი ფერმენტები). ქალი, რა თქმა უნდა, ირწმუნება, რომ ძაღლს ახალი დიეტა მოსწონს. თუმცა, ინტერნეტის მომხმარებლები არ ეთანხმებიან მას და ამბობენ, რომ ძაღლისთვის ყოველდღიურად ბოსტნეულისა და თესლების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, დიარეა, მუცლის შებერილობა და სხვა პრობლემები. ეს საკითხი შორს წაგვიყვანს. შესაძლოა, დამზადდეს სპეციალური ვეგანური საკვები ძაღლებისა და კატებისთვის. იმას გარდა, რომ ვეგანობა ძაღლებისთვის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს (თუმცა, ამ საკითხზე სერიოზული კვლევა ჯერ არ ჩატარებულა), უნდა აღინიშნოს, რომ კატები ბუნებით მტაცებლები არიან და მათ ცხოველური საკვები სჭირდებათ. ასე რომ, ცხოველებისთვის ვეგანური საკვები ჭამის იძულება შეიძლება სასტიკ ქმედებადაც მიიჩნეოდეს, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ვეგანიზმის თავდაპირველ არსს. დღეისთვის რთულია იმის თქმა, კაცობრიობა ოდესმე მართლა დაანებებს თუ არა თავს ცხოველურ საკვებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველ ჩვენგანს, იმის მიუხედავად თუ რას ვჭამთ, გვაქვს შესაძლებლობა, შევამციროთ სისასტიკე ამ პლანეტაზე. ამისთვის უფრო ფრთხილად უნდა მოვეპყროთ ბუნებას, ცხოველებს, ადამიანებს ჩვენ გარშემო, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ჩვენს შვილებს სიკეთისა და ტოლერანტობის მნიშვნელობა.576 4-ს მოსწონს
|