კახეთი ხორნაბუჯის სკოლამ აუტისტური ბავშვის ოჯახის მოთხოვნა დააკმაყოფილა - მშობელმა პროტესტი შეწყვიტა 2018, 19 აპრილი, 17:27 აუტისტური სპექტრის მქონე 7 წლის ბიჭი თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ დედოფლისწყაროს სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლას დაუბრუნდა. მშობელსა და სისტემას შორის არსებული დაპირისპირების გამო ინკლუზიური მოსწავლე განათლების მიღებას ვერ ახერხებდა. მას შემდეგ შეხვედრა შედგა დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. მოგვიანებით ყველა მხარის მონაწილეობით კიდევ ერთი შეხვედრა სამინისტროში გაიმართა. ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოში შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა. ბიჭის დედის, მაკა შარმაზანაშვილის ერთერთი მთავარი მოთხოვნა საგაკვეთილო დროის გაზრდასთან დაკავშირებით უპირობოდ დაკმაყოფილდა. ახლა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვი კლასში მანამ დარჩება, სადამდეც გაჩერებას შეძლებს. ასევე დაკმაყოფილებულია მშობლის კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა, რომ სპეცპედაგოგი ჟანა ბაბაიანი შეიცვალოს. დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ეთერ ზურიკაშვილი, რომელიც სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა, ამბობს, რომ ბავშვს ახალი სპეცპედაგოგი დაენიშნება და ამაზე უკვე ზრუნავენ. ხორნაბუჯის საჯარო სკოლამ სამინისტროში უკვე გაგზავნა მოთხოვნა, რომ კიდევ ერთი სპეცპედაგოგია საჭირო. საგანმანათლებლო რესურსცენტრში ფიქრობენ, რომ მოთხოვნა მალე დაკმაყოფილდება და ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოცხადდება. ეთერ ზურიკაშვილი: „ინკლუზიური განათლების სისტემაში, მეორე სპეცპედაგოგის შტატის დაშვების აუცილებლობა წარმოიშვება, როცა 6 მოსწავლეა სკოლაში. ხორნაბუჯის სკოლას კი სულ 7 სსსმ მოსწავლე ჰყავს, ამიტომაც გადაწყდა, რომ ერთ შტატს კიდევ დაამატებენ. როგორც ვიცი, სკოლამ შტატის დამატების მოთხოვნა სამინისტროში უკვე გადააგზავნა, იმედი მაქვს დროულად დაკმაყოფილდება მოთხოვნა და შემდეგ უკვე კონკურსი გამოცხადდება, რომ შესაბამისი კადრი შეირჩეს. სკოლა ცდილობს, რომ მშობლის ეს მოთხოვნაც შესრულდეს. ვინაიდან რესურსცენტრში დაგეგმილ შეხვედრაზე ვერ მივედით კონკრეტულ შეთანხმებამდე და გაურკვევლობა გაჭიანურდა, შემდეგ სამინისტროში წავედით. უკვე ორ კვირაზე მეტია მოსწავლე სკოლაში მივიდა. სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მშობელმა პროტესტი შეწყვიტა. ბავშვი ჩვეულებრივ დადის, ისევ თავის კლასელებთან ერთად ზის და კლასში ჩვეულებრივი პედაგოგები არიან. პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო გეგმის თანახმად ასეთი მოსწავლე კვირაში მხოლოდ ორი დღე უნდა გავიდეს სსსმ ბავშვებისთვის გათვალისწინებულ რესურსოთახში. ახალი გადაწყვეტილებით, ბავშვს კლასში იმდენ ხანს გააჩერებენ, რამდენსაც გაძლებს. მაგრამ მშობელი ჟანა მასწავლებლის მაინც წინააღმდეგია, მიაჩნია, რომ ბავშვი არ უნდა გაიყვანონ რესურსოთახში. დროის გაზრდაზე სამინისტრო დათანხმდა, მაგრამ ამაშიც არ არის საქმე. შესაძლოა ერთ დღეს ორი გაკვეთილი გაძლოს, ხოლო მეორე დღეს 15 წუთიც ვეღარ გავაჩეროთ. ჩემთვის მაინც გაუგებარი რჩება, რატომაა ეს კაპრიზი და რატომ არის მშობლისთვის ასე მიუღებელი ჟანა მასწავლებელი. ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანის აუცილებლობა არ დგას და თავად მშობელსაც არ აქვს სურვილი სხვა სკოლაში ევლო, რადგან ტერიტორიულად მათთან ახლოს ეს სკოლაა და ქალაქის სკოლებში სიარული მათ ძალიან გაუჭირდებოდათ. ახლა ველოდებით, რომ სამინისტრომ უნდა გამოგზავნოს ფსიქოლოგი. 19 აპრილიდან იგეგმება ფსიქოლოგის შემოსვლა და თავად სპეციალისტი განსაზღვრავს, რა და როგორ მოხდეს კონკრეტულად“. ბიჭის დედა მაკა შარმაზანაშვილი გაზეთ „შირაქთან“ საუბრისას ამბობს, რომ ყველაფრით კმაყოფილი არ არის, მაგრამ ბავშვი რომ არ ჩამორჩეს, ამიტომ გადაწყვიტა სკოლას დაბრუნებოდა. შარმაზანაშვილი კმაყოფილია იმით, რომ დროის ხანგრძლივობა გაუზარდეს, თუმცა დარწმუნებული არ არის, მეორე სპეცპედაგოგის შტატი ნამდვილად დაემატება თუ არა. „2 აპრილს მივიყვანე ბავშვი, იმ დღეს ჟანა მასწავლებელი არ დაგვხვდა, ამიტომ დირექტორმა სხვას დაავალა ბავშვზე მეთვალყურეობა და ნათია მეხრიშვილი დაგვინიშნა. სხვა დღეებში კი როცა ჟანა დაბრუნდა, ის გარეთ გამოუშვა. შემდეგ დირექტორს ვთხოვე შეეშვა ნათია და გვეცადა, როგორ შეეგუებოდა მას და რამდენ ხანს დარჩებოდა. ბავშვი აშკარად უკეთესად შეეგუა ნათია მეხრიშვილს, მასთან ყოფნა მოსწონს. ნათიაც მოწადინებულია, მასაც აქვს სურვილი. როგორც ვიცი ფსიქოლოგიური განათლება აქვს და მიმაჩნია, რომ სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს. თუ ვაკანსია გამოცხადდება და ის მიიღებს მონაწილეობას კმაყოფილი ვიქნები. ის ახლაც მუშაობს ამ სკოლაში, მაგრამ სხვა მიმართულებით. ბავშვი სკოლაში დადის, მაგრამ არ მინდა, რომ ჟანა მასწავლებელი მაინც შედიოდეს მასთან. ორი პედაგოგი ერთად, ერთ ოთახში რთული წარმოსადგენია. არ ვიცი, რამდენად დაუშვებენ მეორე სპეცპედაგოგის შტატს, მაგრამ ალბათ, ამ შემთხვევაში კმაყოფილი ვიქნები. ჩემი მთავარი მოთხოვნა სწორედ ის იყო, რომ სპეცპედაგოგი შეეცვალათ და ახალი კადრი მიეღოთ. ამჟამად სხვა სპეცპედაგოგი არ არის ამ სკოლაში ინკლუზიურ სწავლებას მხოლოდ ჟანა ბაბაიანი განაგებს. მაგრამ როგორც ვიცი, ხორნაბუჯის სკოლა სამომავლოდ სპეცპედაგოგის ასისტენტის აყვანას გეგმავს და არა მეორე სპეცპედაგოგის შტატის დაშვებას. თავად დირექტორმა მითხრა ასე, ასისტენტს ავიყვანთო. ისევ ჟანა თუ იმუშავებს ბავშვთან და ახალი ასისტენტი ეყოლება ასე პრეტენზია მექნება. მე სხვა სპეცპედაგოგს ვითხოვდი და ვითხოვ. ამჟამად კლასში კარგად ჩერდება და დადასტურდა ისიც, რასაც აქამდე ვამტკიცებდი, რომ თუ კლასში დაყოვნების დროს გავუზრდიდით, მათე თავისუფლად შეძლებდა ჯდომას და ასეც მოხდა. კლასში ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესს ესწრება. სამინისტროში შეხვედრისას სამმართველოს უფროსმა სამი ფსიქოლოგი დამისვა და ისინი მარწმუნებდნენ, რომ ჩემი შენიშვნები მნიშვნელოვანი არ არის. ველოდები, როგორ განვითარდება მოვლენები, ვნახოთ, რა იქნება.“ ამავე თემაზე, იხილეთ ვრცლად: დედოფლისწყაროში აუტიზმის სინდრომის მქონე 7 წლის ბიჭი სკოლაში აღარ დადის 58 1-ს მოსწონს
|