ქალი სიკვდილიანობის N2 მიზეზი მსოფლიოში 2018, 25 ოქტომბერი, 0:50 სიკვდილიანობის მიხედვით ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებები მეორე ადგილზეა. კიბო ვითარდება იმ შემთხვევაში, როცა დარღვეულია უჯრედების ნორმალური ზრდის მაკონტროლებელი მექანიზმები და იწყება უჯრედების უკონტროლო დაყოფა, რაც იწვევს უჯრედთთა გაზრდილი მასის შექმნას. ბალანსის დარღვევასთან ერთად შეიძლება წარმოიქმნას ჰიპერპლაზია. დასაწყისში იგი შეიძლება გარდაიქმნას კეთილთვისებიან, ხოლო შემდეგ ავთვისებიან სიმსივნედ. სარძევე ჯირკვლის კიბო, რომელიც ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი პათოლოგიაა, ქალთა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად მიიჩნევა, თუმცა მამოლოგიის განვითარებამ საგრძნობლად გაზარდა კიბოთი დაავადებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა და განკურნების შესაძლებლობები. სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების მატების ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება. სამწუხაროდ, საქართველოში ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად 4500 ახალ შემთხვევას აღემატება. კიბოს განვითარებაში დიდ როლს ასრულებს სარძევე ჯირკვლის ქსოვილებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, რომლებსაც თან სდევს ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიის კერების გაჩენა. ასეთი ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს ენდოკრინულმა დარღვევებმა, რომლებსაც არცთუ იშვიათად განაპირობებს საკვერცხეების დაავადება, ხშირი აბორტი, ძუძუთი ბავშვის არასწორი კვება, ჩიყვი და სხვა. ძუძუს კიბოს განვითარების თვალსაზრისით განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება ანატომიურ-ემბრიოლოგიურ გადახრებს - ჯირკვლოვანი ქსოვილის დამატებითი წილებისა და კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნის (სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომის) არსებობას. კიბოს ტიპური სიმპტომებია: კანის ფიქსაცია; დანაოჭება და ჩაღრმავება სიმსივნური წარმონაქმნის ზემოთ; ძუძუსთავის დეფორმაცია და ჩაბრუნება. ძუძუს კიბოს, უწინარეს ყოვლისა, ახასიათებს სარძევე ჯირკვალში ისეთი სიმსივნური კვანძების წარმოქმნა, რომლებსაც მკვეთრი საზღვრები არ გააჩნია. ამასთან ერთად, ხშირია ჯირკვლის მდებარეობის შეცვლა . განასხვავებენ სარძევე ჯირკვლის კიბოს რამდენიმე ფორმას: მასტიტის მსგავსს, წითელი ქარის მსგავსს, ჯავშნისებურს და პეჯეტის კიბოს. მკურნალობა რაც უფრო ადრეულ სტადიაზე დავიწყებთ მკურნალობას, მით უფრო უკეთეს შედეგს მივიღებთ, მაგრამ მკურნალობა ხანგრძლივია - 3-4 თვიდან 1 წლამდე, შესაძლოა 5 წლამდეც. თავდაპირველად ტარდება ქიმიო და სხივური თერაპია სარძევე ჯირკვლის არეზე და რეგიონული მეტასტაზების მიდამოში, შემდეგ კი ქირურგიული ჩარევა ხორციელდება. მაგრამ ყველა პაციენტს მკურნალობა ენიშნება ინდივიდუალურად.
57 1-ს მოსწონს
|