საზოგადოება ტყიბულში ექვსი მუშა დაიღუპა 2018, 5 აპრილი, 11:32 ტყიბულში უბედური შემთხვევა მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია ექვსი, ხოლო დაშავებულია 3 მუშა.
"ამ დროისთვის არსებული, წინასწარი ინფორმაციით, 5 აპრილს, მინდელის შახტაში, დაახლოებით 03.45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა, “ (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება), რამაც კაპიტალურ გვირაბებში მყოფი ექვსი თანამშრომლის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო სამი ადამიანი გადაყვანილია ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში. ამ დროისთვის მიმდინარეობს გარდაცვლილთა ამოყვანის სამუშაოები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა." - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. დაშავებული სამი მეშახტიდან ორს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს - ტყიბულის კლინიკაში. დაღუპულებს მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმა. "ამ მძიმე წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს. ტყიბულში დღეს დატრიალებული უბედურება ცხადყოფს იმის, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია. შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე. საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მივმართოთ შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ. ვინაიდან ეს აღარ არის მხოლოდ დასაქმებულთა უსაფრთხოების, არამედ ეს გახლავთ სიკვდილ - სიცოცხლის თემა", - ნათქვამია განცხადებაში. ტყიბულში, მინდელის შახტაში დაღუპული მაღაროელების ამოყვანას მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. 16 1-ს მოსწონს
|