განათლება რა დაედო საფუძვლად ალექსანდრე დიუმას ცნობილ რომანს? – მონტე-კრისტოს კუნძულის საიდუმლო 2018, 20 მარტი, 13:50 ძნელად მეგულება ადამიანი, ვისაც ალექსანდრე დიუმას სახელგანთქმული რომანი "გრაფი მონტე-კრისტო" არ აქვს წაკითხული. ვინ არ მოხიბლულა ედმონ დანტესის ტრაგიკული და იდუმალებით მოცული თავგადასავლით? რომელ თქვენგანს არ უთევია ღამეები ამ საინტერესო და ფათერაკებით აღსავსე წიგნის კითხვისას? ვის არ უოცნებია, ფეხი დაედგა ამ ცნობილ კუნძულზე და საკუთარი თვალით შეეხედა მის კატაკომბებსა და მღვიმეებში?
მაინც სად არის ეს სახელგანთქმული კუნძული, რომლის სახელი თითქმის ყველა ადამიანისთვისააა ცნობილი? პატარა კუნძული მონტე-კრისტო მდებარეობს ხმელთაშუა ზღვაში და შედის იტალიის შემადგენლობაში. კუნძული საუკუნეების განმავლობაში დაუსახლებლად ითვლებოდა და მას, როგორც უნაყოფო და უკაცრიელ კუნძულს, ზღვაოსნებიც გარს უვლიდნენ. პირველი ადამიანები მასზე გაჩნდნენ მხოლოდ XI საუკუნეში მას შემდეგ, რაც აქ დაიწყო წმინდა მაქსიმილიანეს სახელობის ბენედიქტური მონასტრის მშენებლობა. შუა საუკუნეებში ბენედიქტური ორდენის ბერებს დიდი გავლენა ჰქონდათ კორსიკის, სარდინიის და ტოსკანიის ხელისუფლებაზე. ამ მფარველობის წყალობით და ეკლესიის ხელის შეწყობით სულ მალე მონტე-კრისტოს მონასტერი ნამდვილ საგანძურად გადაიქცა. ხმები მონასტერში მცხოვრების ბერების მიერ დაგროვებულ არნახულ სიმდიდრეზე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. 1553 წელს კუნძულს თავს დაესხნენ მეკობრეები. ისინი ველურებივით იქცეოდნენ: დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს მონასტერი, ამოწყვიტეს ყველა ბერი, გადათხარეს და გადაქექეს ყველა მღვიმის შესასვლელი, მაგრამ საგანძურის კვალს ვერა და ვერ მიაგნეს. ამ დროიდან მოყოლებული XIX საუკუნემდე კუნძული მონტე-კრისტო ქრისტიანული სავანიდან გადაიქცა მეკობრეების და კონტრაბანდისტების ნავსაყუდელად, რომლებიც აქ ნაძარცვ სიმდიდრეს ინახავდნენ. სწორედ ამ ამბებმა მისცა საფუძველი ჭორებს კუნძულზე არსებული ენით აუწერელი განძის შესახებ. 1842 წელს ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა შემთხვევით მოხვდა კუნძულზე. აქ მან მოისმინა ლეგენდა მის კატაკომბებსა და მღვიმეებში დამალული განძის შესახებ. ორი წლის შემდეგ ამ ნიჭიერმა მწერალმა უკანასკნელი წერტილი დაუსვა თავის სათავგადასავლო რომანს "გრაფი მონტე-კრისტო". რომანის მოკლე შინაარსი ასეთია: უასამართლოდ დაპატიმრებული და ციხე-სიმაგრე იფის ჯურღმულებში სიკვდილისათვის განწირული მეზღვაური ედმონდ დანტესი მეზობელ დილეგში მყოფი პატიმრის-აბატი ფარიასაგან შეიტყობს ლეგენდას კუნძულ მონტე- კრისტოზე არსებული აურაცხელი სიმდიდრის შესახებ. ციხიდან გაქცეული დანტესი პოულობს კუნძულზე დამალულ განძს და ყიდულობს ტიტულს "გრაფი მონტე-კრისტო", შემდეგ კი იწყებს საშინელ შურისძიებას მათზე, ვისი წყალობითაც მას ცხოვრება დაენგრა და სამუდამო პატიმრობისათვის განწირული აღმოჩნდა. რომანმა სულ მალე არნახული პოპულარობა მოიპოვა და კიდევ უფრო გაუთქვა სახელი იდუმალებით მოცულ კუნძულს. სხვათაშორის, რომანის პერსონაჟებიც რეალური ცხოვრებიდანაა აღებული. ერთხელ მწერლის ხელში შემთხვევით მოხვდა პატარა წიგნაკი "პოლიცია ნიღბის გარეშე", სადაც თავმოყრილი იყო ცნობილი ისტორიები პარიზის პოლიციის არქივიდან. იქ მოთხრობილი იყო ერთი ამბავი სახელწოდებით "ალმასები და შურისძიება". სწორედ ამ სიუჟეტით იხელმძღვანელა დიუმამ რომან "გრაფი მონტე-კრისტოს" შექმნისას. თუმცა დიუმამ გრაფი არამარტო სამართლიან, შურისმაძიებელ გმირად გამოიყვანა, არამედ კეთილშობილ ადამიანადაც, რომელიც გაჭირვებაში ჩავარდნილ ხალხს ეხმარება. რეალურ ისტორიაში ყველაფერი გაცილებით რთულად იყო: ახლადგამომცხვარმა გრაფმა ყველას მოუსპო სიცოცხლე, ვინც კი მონაწილეობა მიიღო მის უსამართლოდ დაპატიმრებაში და სიყმაწვილის წლების განადგურებაში, მაგრამ თვითონაც გახდა მსხვერპლი ცივსისხლიანი მკვლელისა, რომელმაც განძის ხელში ჩაგდების მიზნით სიცოცხლეს გამოასალმა შურისმაძიებელი გრაფი პიერ ფრანსუა პიკო (დიახ, ზუსტად ასე ერქვა გრაფი მონტე-კრისტოს პროტოტიპს რეალურ ცხოვრებაში ), მაგრამ რა მოუვიდა გრაფის სიკვდილის შემდეგ უპატრონოდ დარჩენილ სიმდიდრეს? - ლეგენდის მიხედვით, დღემდე არსებობს გასაღები, რომელიც კუნძულზე არსებულ საიდუმლო სამალავში ინახება და რომელიც აღებს ძვირფასეულობით სავსე ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრეს. ასევე რეალური პერსონაჟია აბატი ფარია, რომელმაც ედმონდი მეცნიერებას აზიარა, დაეხმარა მას ციხესიმაგრე იფის ჯურღმულიდან გაქცევაში და ასწავლა, თუ როგორ მოეძებნა კუნძულ მონტე-კრისტოს კატაკომბებში დამალული განძეული. მას საშობლოში, ქალაქ გოაში ძეგლიც კი დაუდგეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რეალური პერსონაჟის და ლიტერატურული გმირის თავგადასვლები აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ნამდვილი ფარია 1756 წელს დაიბადა დასავლეთ ინდოეთში, სადაც მოგვიანებით დაამთავრა სამონასტრო სკოლა, შემდეგ ის სათავეში ჩაუდგა კოლონიალურ მოძრაობას, რის გამოც დაიჭირეს და დასასჯელად პორტუგალიაში გაგზავნეს. ევროპაში ჩამოსულმა პატიმარმა გაქცევა მოახერხა და რამდენიმეწლიანი მიმალვის შემდეგ პარიზში დასახლდა. ფარია იმ დროისათის ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ ადამიანად ითვლებოდა. სწორეც პარიზში გაიცნო მან ალექსანდრე დიუმა, რომელიც გამუდმებით ეძებდა თავისი რომანების ლიტერატურულ გმირების პროტოტიპებს. ფარიას ინტელექტმა და განათლებამ აღაფრთოვანა მწერალი და აქცია ის თავისი განუმეორებელი რომანის ერთ-ერთ მთავარ, დადებით გმირად. კუნძულზე დამალული სიმდიდრის შესახებ არსებული ლეგენდა მოსვენებას არ აძლევდა განძისმაძიებლებს და იოლად გამდიდრების მოყვარულ ავანტიურისტებს. ვინ იცის, რამდენი ადამიანი ოცნებობდა, გამხდარიყო ლეგენდარული, ზღაპრული გრაფი მონტე-კრისტო...ამ სიაში შეიძლება მოიძებნოს როგორც გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწეები, ასევე ცნობილი გვარების წარმომადგენლები.. მათი სახელები დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა. მართლაც, მეკობრეებმა არამარტო განძეულის მოპოვება იცოდნენ, არამედ მისი საგულდაგულოდ დამალვაც. ასე რომ, განძისმაძიებლები დღესაც აგრძელებენ ოცნებას მონტე-კრისტოს საგანძურის ხელში ჩაგდებაზე. კუნძული კი უტყვი მოწმეა მასზე დატრიალებული უამრავი ადამიანური დრამის, უმიზნოდ გაფლანგული სახსრების და განძის ძებნაში ტყუილუბრალოდ დაკარგული დროისა. ასე რომ, ჯერჯერობით არავის გაუმართლა საკუთარი თვალით ეხილა მოჯადოებული, ასეული წლების წინ დამალული ოქროს ბრწყინვალება. დღეისათვის კუნძულ მონტე-კრისტოს მთავარი საგანძური მისი უნიკალური ფლორა და ფაუნაა. 1971 წელს კუნძულს ეროვნული ნაკრძალის სტატუსი მიანიჭეს, ასე რომ მასზე მოხვედრა მხოლო სატყეო პოლიციის სპეციალური ნებართვითაა შესაძლებელი. ერთი წლის განმავლობაში კუნძულის მონახულების უფლებას მხოლოდ ათას ადამიანს აძლევენ. მათი უმეტესი ნაწილი ბიოლოგები და გეოლოგებია, რომლებიც დაკავებულნი არიან კუნძულის ბუნებრივი სიმდიდრეების შესწავლით, სხვები კი ალექსანდრე დიუმას შემოქმედების თაყვანისმცემლები და ეგზოტიკური მოგზაურობის მოყვარულები. კუნძულის მონახულების სურვილის მქონე ტურისტებს კი (გაითვალისწინეთ, რომ მათი რიცხვი საკმაოდ დიდია) საკმაოდ დიდი ხანი უწევთ რიგში დგომა, ხანდახან რამდენიმე წელიც კი. P.S. თქვენი არ ვიცი და მე, როგორც ედმონ დანტესის ფანი ათი წლის ასაკიდან მოყოლებული, სიამოვნებით მოვინახულებდი ამ კუნძულს, იქნებ ბედსაც გაეღიმა და მონტე-კრისტოს საიდუმლო მღვიმესაც მივაკვლევდი, თუმცა ეს მხოლოდ ოცნებაა ... სავარაუდოდ, აუხდენელი. 161 10-ს მოსწონს
|