განათლება ცოდნის წყურვილი: ვიეტნამელ ბავშვებს სკოლაში მისასვლელად პოლიეთილენის პაკეტებით უხდებათ მდინარის გადაცურვა 2019, 16 ივლისი, 18:44 ვიეტნამის პატარა სოფელ ჰუოი ჰაში მცხოვრებმა ბავშვებმა კარგად იციან, რომ განათლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ისინი ექსტრემალურ სიტუაციებსაც არ უშინდებიან იმისათვის, რომ გაკვეთილებზე მისვლა მოახერხონ. ალბათ თქვენც ჩემსავით გაოცდებით, როცა გაიგებთ, რომ ამ პატარებს სკოლამდე მისასვლელად უხდებათ ბობოქარი მდინარის გადაცურვა პოლიეთილენის პაკეტებში ჩამძვრალებს...
ვიეტნამი არცთუ ისე მდიდარი ქვეყანაა. ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობას მისდევს და მათი ეკონომიკური შესაძლებლობები შეზღუდულია. ამიტომ ადგილობრივი ახალგაზრდობისათვის სიღარიბისაგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა სწავლა და კარგი განათლების მიღებაა, თუმცა ამ ქვეყანაში ეს საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით ძნელია სწავლა და პროფესიული უნარ-ჩვევების დაუფლება პერიფერიებში მცხოვრები მოზარდებისათვის. მოდით, ერთი უბრალო ვიეტნამური სოფლის მაგალითზე ვნახოთ, თუ რა პირობებში უხდებათ სკოლამდე მისვლა იქაურ ბავშვებს. მდინარე, რომელიც სოფლის შუაში ჩამოდის, არც ისე ღრმაა, თუმცა წვიმების პერიოდში ბამბუკის ხიდები და ტივები, რომლითაც, როგორც წესი, სოფლის მცხოვრებლები მეორე ნაპირზე გადადიან, გამოუსადეგარი და არასანდოა. ასეთ დროს, როცა ადიდებულ მდინარეზე გადასვლა სასიკვდილოდ საშიშია, სკოლაში მიმავალი ბავშვები ისეთ სიმამაცესა და გამბედაობას იჩენენ, რომ ნებისმიერ ექსტრემალს შეშურდებოდა მათი. ბუნებრივია, პატარებს ძალიან ეშინიათ მდინარის ბობოქარი ტალღების, რადგან წყალდიდობის პერიოდში მისი გადაცურვა მართლაც დიდი საფრთხის შემცველია. ერთი უბრალო შეცდომა შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს ადამიანს, თან სოფლის ტერიტორიაზე მყარი და გამძლე ხიდიც არ არის მეორე ნაპირზე გადასასვლელად. როგორ ფიქრობთ, რა ხერხი გამოძებნეს სოფლის მცხოვრებლებმა იმისათვის, რომ ბავშვებმა სკოლა არ გააცდინონ და უსაფრთხოდ მოხვდნენ მდინარის მეორე ნაპირზე? ''-წვიმების დროს მდინარე ძალიან საშიშია. ჩემს ახლობლებს, როგორც წესი, ბავშვები ბამბუკის ტივით გადაჰყავთ მეორე ნაპირზე, მაგრამ მდინარის ადიდების დროს ეს მეთოდი გამოუსადეგარია. იმედი მაქვს, რომ მთავრობა უახლოეს ხანებში დაკიდებულ ხიდს მაინც გაგვიკეთებს, რომ ადამიანები, განსაკუთრებით კი ბავშვები, მშვიდობიანად და კომფორტულად გადავიდნენ მეორე მხარეს'', - ამბობს ვი ა გიონი, სოფელ ჰუიო ჰას მამასახლისი. სკოლა-ინტერნატის დირექტორი, ქალბატონი ნგუენ თხი თუი კი საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაიღოს თანხა ხიდის ასაგებად, რადგან წვიმების ყოველი სეზონის დროს ბავშვები ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგანან. "-კოკისპირულმა წვიმებმა სოფელი ჰუიო ჰა მოწყვიტა დანარჩენ სამყაროს. ჩვენს სკოლაში ამ სოფლიდან 50-ზე მეტი ბავშვი დადის. მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ამ ბავშვებმა სკოლა არ გააცდინონ და სწავლას არ ჩამორჩნენ, -ამბობს სკოლის დირექტორი, -იმედი მაქვს, რომ მთავრობა ინვესტიციას გამოყოფს ხიდების ასაშენებლად, რათა წვიმების სეზონზე მოსწავლეები დაუბრკოლებლად მოვიდნენ სკოლაში''. უნდა აღინიშნოს, რომ ადიდებული მდინარე მხოლოდ ერთი წინააღმდეგობა როდია, რაც სკოლაში მიმავალ ბავშვებს ხვდებათ. მათ კიდევ 15 კილომეტრის გავლა უწევთ მოლიპულ კლდეებსა და ტყეში გაყვანილ ვიწრო ბილიკზე. დავუბრუნდეთ მთავარს: მაინც როგორ ახერხებენ ბავშვები ადიდებული მდინარის გადაცურვას? - მათ ამაში უფროსი ძმები და მამები ეხმარებიან. სკოლაში წასვლისას პატარებს თან მიაქვთ პოლიეთილენის მოზრდილი პაკეტები. მდინარის ნაპირას ბავშვები ამ პაკეტებში ჩაძვრებიან, რომელიმე ბავშვის მამა ან უფროსი ძმა პაკეტს თავს მოუკრავს და მდინარეში შეაცურებს. აი ასეთი უცნაური ხერხით აღწევენ თავს ადიდებული მდინარის ტალღებს სწავლას მოწყურებული ვიეტნამელი ბავშვები. ჟურნალისტების წყალობით, რომლებმაც შეიტყვეს სოფლის გასაჭირი და ფართო საზოგადოებას გააცნეს ის პრობლემა, რაც ჰუოი ჰას მცხოვრებლებს აქვთ, შესაძლოა, ის უახლოეს ხანებში გადაიჭრას, რადგან ვიეტნამის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო თანხების გამოყოფა ქვეყნის შორეულ და მიუვალ რეგიონებში ხიდების ასაგებად და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. პ.ს. პოსტის დასასრულს არ შემიძლია საკუთარი აზრი არ დავაფიქსირო და ჩემი აღფრთოვანება არ გამოვხატო ამ ბავშვების მიმართ... როცა ყოველდღე ვუყურებ, ჩემი სამსახურის წინ მდებარე სკოლაში როგორ მოჰყავთ ბავშვები დილაობით მშობლებს საკუთარი მანქანებით, ტაქსებით, ლამის საკლასო ოთახებამდე აცილებენ მანქანით, რომ არ შეწუხდნენ და არ "გადაიღალონ". მერე ვხედავ, როგორ გამოიპარებიან სკოლიდან ეს ნასათუთევი გოგო-ბიჭები, აცდენენ გაკვეთილებს, შეძვრებიან სადარბაზოში და მალულად ეწევიან სიგარეტს... გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ისევ მოაკითხავენ დედიკოები და მამიკოები მანქანებით და ბატონებივით წააბრძანებენ სახლში ''ზედმეტი სწავლით გადაღლილებს'', ძალუნებურად პარალელს ვავლებ იმ ვიეტნამელ, ჩინელ, კონგოელ თუ ნიგერიელ სწავლასმოწყურებულ ბავშვებთან, რომლებსაც ათობით რთული კილომეტრის გავლა უხდებათ სკოლამდე მისაღწევად, სრულებითაც აღარ მიკვირს, რატომ ვერ დადგა ფეხზე ჩვენი ქვეყანა, რატომაა ამდენი უმუშევარი და რატომ გარბის ამდენი ადამიანი უცხოეთში. ამ კითხვებზე პასუხი თქვენთვის მომინდია, მკითხველო... 233 8-ს მოსწონს
|