შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ხის ქერქი, რომლის გარეშეც ვერ
დამზადდება მანქანის ძრავის შემადგენელი ნაწილები, კრიკეტისა და ბეისბოლის ბურთები
და შამპანურის ბოთლის საცობები. ათასობით წლის წინათ ხის ქერქს იყენებდნენ მეთევზეები
და ელეგანტური ქალბატონები. დღეს მას კოსმოსშიც კი იყენებენ. უფრო გასაოცარი ის ფაქტია,
რომ ამ ყველაფრის დასამზადებლად ხეს ქერქს ხის მოუჭრელად აცლიან.
კორპი არის ქერქის გარეთა
შრე, რომელიც კორპის მუხისგან მიიღება. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი ქერქი. ის არის
მსუბუქი, ცეცხლგამძლე და ელასტიკური.
კორპის მუხა ყოველ წელს
იძლევა გამძლე ქერქს, თუ მას არ შეეხებიან. ასეთ შემთხვევაში ქერქს შეუძლია სისქეში
25 სანტიმეტრი გაიზარდოს. ეს ხისთვის ერთგვარი ქურქია, რომელიც მას სიცხისგან,
სიცივისა და ტყეში გაჩენილი ცეცხლისგან იცავს. თუ ხეს შეეხებიან და ქერქს გააცლიან,
კორპის მუხას დაახლოებით ათ წელიწადში ექნება ახალი ქერქი.
მსოფლიოში კორპის ნაწარმის
დაახლოებით 55 პროცენტს პორტუგალია აწარმოებს, 30 პროცენტს — ესპანეთი,
ხოლო 15 პროცენტს — სხვა ქვეყნები (მათ შორის ალჟირი, საფრანგეთი, იტალია,
მაროკო და ტუნისი).
რომაელებმა და ბერძნებმა
აღმოაჩინეს, რომ კორპისგან შეიძლება დამზადდეს ძალიან კარგი თევზსაჭერი ბადის ტივტივა
და სანდლების მოხერხებული ძირი. როგორც ჩანს, ისინი კორპისგან დოქების საცობებსაც ამზადებდნენ.
ვინაიდან კორპი მაღალ ტემპერატურაზეც არ კარგავს თავის ელასტიკურობას, ის ძრავის ხუფის
შუასადების დასამზადებლად საუკეთესო მასალაა. უფრო მეტიც, კორპის გარეშე ვერ დამზადდება
თბოიზოლატორი, რომელსაც კოსმოსურ ხომალდებში იყენებენ.
ბევრი სახლის მეპატრონე
აფასებს კორპს, რადგან ის ლამაზია და საიზოლაციო მასალის მაგივრობას სწევს; ამიტომ,
დღეს ძალიან პოპულარულია კორპის ფილებით კედლებისა და იატაკის მოპირკეთება. სპორტული
საქონლის მეწარმეებიც ხედავენ, რომ კორპი საუკეთესო მასალაა ბეისბოლის ბურთის შიდა
ნაწილის და ანკესის სახელურის დასამზადებლად. რაღა თქმა უნდა, ყველაზე მეტად კორპი
ცნობილია იმით, რომ მას ღვინისა და შამპანურის ბოთლების საცობებად იყენებენ (იხილეთ
ჩარჩო „იდეალური საცობი“).
კარგად შენახული კორპის
ტყე იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს შეუძლია მოსავალი ისე აიღოს, რომ გარემოს ზიანი
არ მიაყენოს. ძველი კორპის მუხები ალამაზებს ქალაქგარეთა ტერიტორიას; მსხვილფეხა საქონელი,
რომელიც კორპის მუხის ქვეშ ძოვს ბალახს, მის ჩრდილქვეშ აფარებს თავს და მისი ნაყოფით
იკვებება. გარდა ამისა, ზაფხულის ხვატში კორპის მუხის ქვეშ საკმაოდ გრილა.
გადაშენების პირას მყოფ
რამდენიმე სახეობის ფრინველს, მათ შორის ბეგობის არწივს, სვავსა და შავ ყარყატს, მოხერხებული
ბუდე რომ გაიკეთოს, სწორედ დიდი კორპის მუხები სჭირდება. კორპის ტყე ერთ-ერთია იმ რამდენიმე
ადგილიდან, სადაც გადაშენების პირას მისული იბერიული ფოცხვერი ჯერ კიდევ იდებს ბინას.
ახლახან ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა განაცხადა, რომ ამ სახეობის ფოცხვერის
გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება კორპის ინდუსტრია ესპანეთსა
და პორტუგალიაში.
ასე რომ, როცა ღვინის
ბოთლს საცობს მოაძრობთ, ერთი წუთით დაფიქრდით, თუ რაოდენ დასაფასებელია კორპი. თქვენს
ხელთაა ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა და განახლებული მასალა. საინტერესოა, რომ მისი
გამოყენება არათუ აზიანებს, არამედ იცავს კიდეც გარემოს. განა შეიძლება ამაზე მეტს
მოველოდეთ ხისგან?