x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში ჭადრაკის ტრადიციული ტურნირი ჩატარდა
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, დედოფლისწყაროს სპორტდარბაზში ნუნუ კობაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი გაიმართა. ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და ჭადრაკის მოყვარულები ასაკის შეუზღუდავად მონაწილეობდნენ.


ტურნირი ტრადიციულია და 1970 წლიდან ტარდება. პირველი დედოფლისწყაროელი ქალი მოჭადრაკე, წითელწყაროს მრავალგზის ჩემპიონი ნუნუ კობაიძე 1970 წელს, 28 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. იმავე წელს კი მისი სახელობის ტურნირი დაარსდა. რამდენიმე წლის წინ ტურნირის ტრადიცია სპორტის ცენტრმა აღადგინა. წელს ასპარეზობაში ნუნუ კობაიძის ძმა, საქართველოს სპორტის ოსტატი ბესო კობაიძეც მონაწილეობდა.


უფროს ასაკში პირველი ადგილი დაიკავა გიგა ყოჩიაშვილმა. მეორე ადგილზე გოგი კიკილაშვილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა ნუნუ კობაიძის ძმას, ბესო კობაიძეს.



სკოლის მოსწავლეებს შორის, ვაჟებში პირველი ადგილი კარენ კლოიანს ხვდა, მეორე ადგილი ზურაბ ხუციშვილს, მესამე - გიორგი იაკობიშვილს.


გოგონებს შორის კი პირველი ადგილი მარი უთრუთაშვილმა დაიკავა, მეორე ნინო კიკილაშვილმა. უმცროსი ასაკის მოჭადრაკეებს შორის პირველ ადგილს საბა ბატიაშვილი დაეუფლა. პირველი ადგილის მფლობელებს გოგი კიკილაშვილის მიერ დაწესებული ერთჯერადი ფულადი პრიზები გადაეცათ. ყველა გამარჯვებულს მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები დაურიგდა.


ჩვენ დავინტერესდით, რა განცდაა ოჯახის წევრისთვის, როდესაც მშობლიურ რაიონში თითქმის 50 წლის შემდეგ სახელოვანი მოჭადრაკის სახელობის ტურნირი იმართება. ნუნუ კობაიძის ძმა ამბობს, რომ ამით ბედნიერია.


„ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩემი და მიცოცხლდება. მიჭირს ამ მდგომარეობის სიტყვებით აღწერა. ნუნუ მათემატიკის მასწავლებელი იყო და მოულოდნელად 28 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. დიაგნოზი მოულოდნელად დაუსვეს, რამდენიმე თვეში კი დაიღუპა. რაიონის მრავალგზის ჩემპიონი იყო ჭადრაკს სკოლიდანვე თამაშობდა. ბავშვობიდან გაგვიჩნდა ინტერესი. ჩვენი ნათესავი თამაშობდა, ბიძა დაგვიჯდებოდა და გვასწავლიდა ხოლმე. შემდეგ უკვე და ძმა ერთად ვმონაწილეობდით რესპუბლიმის ტურნირებში. 1970 წლიდან მისი გარდაცვალების წლიდან აღინიშნებოდა მანამდე მისი სახელობის თასი იყო ქალთა შორის, რომელსაც ხშირად გამარჯვებელი მოჭადრაკე ქალი იგებდა. ნუნუ ძალიან დაფასებული იყო რაიონისგან. უამრავი სიგელი და ჯილდო ჰქონდა მიღებული. პირველ წარმატებას 1958 წელს მიაღწია. დედოფლისწყაროში ბოლო ორი წელია ჩამოვდივარ და ტურნირს ვესწრები ხოლმე. ყოველთვის 8 მარტს ტარდებოდა ტრადიციულად.მანამდე მეგონა აღარ აღნიშნავდნენ. როცა მეპატიჟებიან და მაგებინებენ, ვცდილობ ჩამოვიდე. როგორც კი და დამეღუპა, უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ ჩვენი ოჯახიც აირია. სამ ოთხ წელიწადში დედაც გარდაიცვალა, შენდეგ მეც თბილისში გადავედი. სოფელ ზემო ქედში სახლი ისევ გვაქვს, სანამ მამა მყავდა, შაბათ-კვირას ყოველთვის ჩავდიოდი. ახლა იშვიათად ვახერხებ. მაგრამ ახლა ვაპირებ მუდმივად საცხოვრებლად დავბრუნდე სოფელში. ისე კი, ჩემს შვილსაც ნუნუ ჰქვია, თავად სოფელმა დაარქვა. არ ვიფიქრებდით, რომ ასე სერიოზულად ავითვისებდით ჭადრაკს. შემდეგ მე ჭიდაობას გავყევი აღარც მეცალა ჭადრაკის სათამაშოდ. ჭადრაკში ქალები იყვნენ ძლიერები კაცებმა ვერ აჯობეს. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, თავისუფალ ჭიდაობაში საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი ვარ. 30 ჯერ მაინც გავხდი რაიონის ჩემპიონი. მაშინ ისე იყო, თუ სპორტში იყავი ყველა სახეობაში უნდა გეცადა ძალები. 40 წლის მანძილზე უნივერსიტეტში ვიმუშავე ფიზიკის ფაკულტეტზე ბირთვული ლაბორატორიის გამგედ, მეცნიერ მუშაკი ვარ, “ - განაცხადა ბესიკ კობაიძემ.



image

image

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0