x
image
Culture Express
ქართველი პოეტების საუკეთესო ლექსები დედაზე: " დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო.."
image 3 მარტს - დედის დღეს, რომელიც გაზაფხულის შემობრძანებასთან ერთად მოდის და ყოველთვის იების სურნელი ახლავს თან, თითქმის ყოველ წელს გვახსენდება ამ დღეს გიორგი ლეონიძის სიტყვები "ნატვრის ხის" შესავალიდან:

image

" დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო! ასე იტყოდნენ ჩემს ყრმობაში, ჩემი სოფლის ტყისპირებში ყოველ გაზაფხულზედ ია ბღუჯეულად ამოდიოდა, არემარე სულ ლურჯად გადაიბურებოდა ხოლმე. მეგონა, მთელი ქვეყნის დედებს აქ ეტინათ, იმდენი ია ამოსულიყო ჩემი სოფლის მშვენიერ მიდამოებში..

იის სიყვარული დედამ შთამაგონა, იასავით სპეტაკი ადამიანი იყო. თვითონაც ხომ პირველი იების მოსვლის პერიოდში გაგვშორდა.. სწორედ დედამ მასწავლა იების სიპეტაკისა და მშობლიური მიწის სიყვარული.." - გიორგი ლეონიძე


image


გთავაზობთ ქართველი პოეტების საუკეთესო ლექსებს დედაზე:




დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,

დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო,

ეს გული შენი გულით ხალისობს,

შენი თვალებით ვხედავ სამყაროს

ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს

შენ დამღეროდი "ნანას", "მზე შინას",

რამდენი ღამე არ გძინებია,

რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.

შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა

არ მშორდებოდი, წუთით, საათით,

რომ სიარული გესწავლებინა,

შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.

მე შენი წმინდა შუქი მეფინა,

შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,

რომ ლაპარაკი გესწავლებინა,

შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.

დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,

თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,

შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,

რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.

თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,

რამდენჯერ სენმა დამრია ხელი,

დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,

თმებში ჭაღარა შემოგპარვია.

როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,

შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,

შენ შემაყვარე დედავ, ნამდვილად,

ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.

ახლაც შენა ხარ ჩემი კანდელი,

სიცოცხლის დიდო გასხივოსნება,

შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,

ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.

შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,

თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,

სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა

და სიყვარული დავიმსახურე.

დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო,

დედავ - ცხოვრების დვრიტავ მაგარო.

ეს გული, შენი გულით ხალისობს,

შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

იოსებ ნონეშვილი

image

ვიდრე დედა გყავს..

ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს,

ვერ დაიოკებ ცრემლებს ჟინიანს,

ნუ შეგაშინებს უძირო ღამეც

ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია.

თუ გაგიხუნებს მეწყერი ფერებს

და ზამთრის სუსხი მხრებზე დაგათოვს,

გულს ნუ გაიტეხ, რა ვუყოთ მერე,

დედის გული და კალთა გაგათბობს.

ნუ შეგაშინებს მეხი იერით,

მეხი უფესვო ხეებს ერევა,

ვიდრე დედა გყავს, შენ ხარ ძლიერი.

ვიდრე დედა გყავს, ვინ მოგერევა.

ჭირთა თმენა და დიდი იმედი,

დედა სიცოცხლის თვალისჩინია,

ვიდრე დედა გყავს, ხარ ბედნიერი,

ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია..

ლილი ნუცუბიძე

image

დედი

ჩემო დედი,

დაბერდი და,

ლექსებს ირჩევ სევდიანს.

შენი ძვლები წამდაუწუმ

სატირალზე სხდებიან.

შენი ფიქრნი სად არ წავლენ

სად არ გადასწვდებიან,

აღმართსა და აღმართს შორის

ბილიკს გაიტკეპნიან.

დედი, იის ძირში ცხოვრობ,

სახლი გიდგას სვეტებით.

სახლს კარიც აქვს,

მაგრამ, ვაი,

მე ვერ შემოვეტევი.

დედი, რაა

ამ ბოლო დროს,

სულ საფლავზე გხედავენ!

ბებოჩემი, პაპაჩემი,

შენს თავს შემომედავნენ.

და თუ მაინც წაგიყვანეს,

თუ გაუწყრათ გამჩენი,

კიბეს მეც ხომ ამომაწვდი,

როგორც ხეზე დარჩენილს.

ჩამოვყვები კიბეს დედი,

სისხლიანი ფეხებით.

დედი, როგორ გავიხარებთ,

როგორ გადავეხვევით.

ბესიკ ხარანაული

image

image

ლამაზი იყო დედაჩემი,

ჩვენ ერთმანეთი

ისე გვიყვარდა -

მამაჩემი ეჭვიანობდა.

საბავშვო ბაღში წამდაუწუმ

ავად ვხდებოდი,

და ამიტომაც ბაღის ნაცვლად

დედა თავისთან,

სამსახურში დამატარებდა.

თანამშრომლები კარგად მიცნობდნენ,

გადავდიოდი ხელიდან ხელში,

კალთიდან კალთაში,

და უნებლიედ

არაერთი საუბრის მოწმე -

მე, სულ ხუთი წლის,

უნივერსიტეტს

შიგნიდან ვფლობდი.

მახსოვს ერთხელ ნანამ თმები

მოკლედ შეიჭრა

და შეიღება.

ახლა რომ ვფიქრობ

ჩემზე ბევრად პატარა იყო,

ვიდრე დღეს მე ვარ.

მე მიყვარს ჩემზე პატარა დედა,

იმ დღემდე, სანამ შეიჭრიდა -

მას ჰქონდა გრძელი, წაბლისფერი,

თმა და ნაწნავი,

ხანდახან პალტოს ჩაცმის დროს რომ

შიგნით რჩებოდა.

მას მერე თმა არ გაუზრდია,

სულ მოკლედ ჰქონდა,

მე მახსოვს დედა გრძელთმიანი,

მისი ხელჩანთა

ყავისფერი,

სუნით ნარევით,

ტყავის, პომადის,

რკინისა და ქაღალდის ფულის,

როგორ მიყვარდა ამ ჩანთაში

ჩაძირვა, ყვინთვა,

ნივთების ძიება, აღმოჩენა

თვალიერება.

ეს იყო კვლევა, ჭეშმარიტი მეცნიერება.

და დედაც თუკი წამასწრებდა,

თავის ჩვეული ირონიით, მეტყოდა:

რატი,

შენ გამოხვალ არქეოლოგი,

როდესაც მარტო ვრჩებოდით სახლში,

დედა ხმამაღლა ამბობდა ლექსებს:

გალაკტიონი, ახმატოვა,

პუშკინი, რილკე,

მას მერე, როცა მათ ვკითხულობ

ჩემით, მე თვითონ -

თვალწინ დედაა,

მისი ხმა მესმის,

და პოეზიაც დედაჩემს გავს,

გავს კიარადა,

იგი სულ მთლად დედაჩემია.

სიცხის დროს შუბლზე

შენი ხელების შეხება, კოცნა -

მუზად დამაჩნდა

დედა.

რატი ამაღლობელი

image

0
1427
2-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
1427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0