სხვა კავშირი შოთა რუსთაველსა და ჯვრის მონასტერს შორის 2018, 25 თებერვალი, 23:58 შოთა რუსთაველის სახელი უკვდავი და ყველა ქართველისთვის ფასდაუდებელია. ის არის პოეტი, რომლის უძვირფასესი ნაწარმოები ყველა დროს და ეპოქას უძლებს. რაც დრო გადის კიდევ უფრო იზრდება პოემისადმი ინტერესი და სიყვარული. “ვეფხისტყაოსანი'' რომ მართლაც შეუდარებელი ძეგლია, ნამდვილი საგანძური, დღეს ამაზე ყველა თანხმდება. ტექსტის ბოლომდე ამოცნობა შეუძლებელია, ის აზრების ღრმა მორევს გავს, იგივეს თქმა შეიძლება ავტორზეც, მისი ვინაობა დღემდე დაუზუსტებელია. რა თქმა უნდა ასეთი დიდებული მწერლისადმი ინტერესი ძალიან დიდი იყო, ამდენად იქმნებოდა სხვადასხვა ლეგენდა, თქმულება და სხვა.ეს ყველაფერი ხალხის ფანტაზიის ნაყოფად უნდა მივიჩნიოთ.ზუსტი ბიოგრაფიული ცნობები კი მის შესახებ არ მოგვეპოვება. რუსთველის ბიოგრაფია რამდენიმე მნიშვნელოვანი ცნობით გაამდიდრა იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერმა.აქ დაფიქსირებულია ავტორის სახელიც და გვარწოდებაც(რუსთველი). ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ადგილას ჩავიდა იყო ტიმოთე გაბაშვილი, მან მონასტრის ერთ-ერთ კედელზე ნახა შოთა რუსთაველის ფრესკა, ერთ-ერთ სვეტზე გამოსახულია თეთრწვერა მოხუცი ქართველი დიდებულის ტანსაცმლით, მის გვერდით გამოსახულია მაქსიმე აღმსარებელი და იოანე დამასკელი და შოთა სწორედ მათ წინაშეა მუხლმოდრეკილი, ხელები კი ზევით აქვს აპყრობილი. ამ პორტრეტის ზემოთ წარწერაა:“ამისა დამხატავსა შოთა(ს) შეუნდოს ღმერთმან, ამინ, რუსთველი.'' 1902 წელს იერუსალიმში ჩავიდა ნ.მარი, მაგრამ მას ეს ფრესკა აღარ დახვდა, სავარაუდოდ ამ დროს ფრესკა წაშლილი იყო.თუმცა მან აღმოაჩინა არანაკლებ მნიშვნელოვანი აღაპთა წიგნი, სადაც მოხსენიებულია შოთა მეჭურჭლეთუხუცესი, სწორედ აქედან მოყოლებული ვიცით, რომ შოთას მაღალი თანამდებობა ეკავა სამეფო კარზე. კიდევ რითია საინტერესო აღნიშნული ფრესკის წარწერა? ეს წარწერა ორი ნაწილისგან შედგება, ერთი და იმავე ხელითაა დაწერილი და ერთ პირს შეეხება, ესაა რუსთველი, რომელსაც მოუხატავს მონასტერი.საინტერესოა რას ნიშნავს სიტყვა “დამხატავსა''? ეს არ უნდა ნიშნავდეს უშუალოდ მხატვარს, სინამდვილეში დამხატავი ნიშნავს მომხატვინებელს, ანუ ე.წ. დამკვეთს, ვისი დავალებითაც მოხატეს და განაახლეს მონასტრის დაზიანებული ნაწილი.რადგანაც რუსთაველი იყო 12-13 საუკუნეების მოღვაწე, თამარის დროის მეჭურჭლეთუხუცესი, სრულიად ბუნებრივია, რომ ის ზრუნავდა ეკლესია-მონასტრების აღდგენა-განახლებაზე და ქართველთა ჯვრის მონასტერი ერთ-ერთი მათგანი იყო. აქედან გამომდინარე ყველაფერი თავის ადგილზე დგება და ნათელი ხდება, რომ ამ დამსახურებისთვის შოთა რუსთაველს ფრესკაც მიუძღვნეს და აღაპთა წიგნშიც საპატიოდ მოიხსენიეს. საინტერესოა და მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ 1960 წელს სპეციალური ექსპედიცია გაემგზავრა იერუსალმში ი.აბაშიძის, ა.შანიძის და გ.წერეთლის შემადგენლობით.მათ მიაკვლიეს დაკარგულ წარწერას და ფრესკას.დიდი ცდის შედეგად აღმოაჩინეს საღებავის სქელი ფენით დაფარული პორტრეტი და გადმოიღეს პორტრეტისა და წარწერის ზუსტი ფოტო-ასლი. სწორედ მათი დამსახურებაა ის, რომ დღეს მოგვეპოვება ჩვენი ძვირფასი პოეტის უტყუარი პორტრეტი თავისი წარწერით. ამდენად, დიდი მწერლის მწირი ბიოგრაფია ძირითადად ჯვრის მონასტერში დაცულ ცნობებს ემყარება. თათია ბუღათრიშვილი თსუ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. II კურსი 689 შეფასება არ არის
|