x
პარონიმული წყვილები ქართულში
image

პარონიმებს -(ბერძ. ''პარ''-ახლოს, ''ონომა''-სახელი)უწოდებენ ისეთ სიტყვებს, რომლებიც ფორმობრივად ახლოს დგანან ერთმანეთთან, თუმცა აზრობრივად სრულიად განსხვავდებიან, ხშირია ასეთი სიტყვების უმართებულოდ ურთიერთმონაცვლეობა ზეპირი თუ წერითი მეტყველების დროს.

პარონიმიის საფუძველი არ არის მხოლოდ ორი სიტყვის გარეგნული მსგავსება.კონკრეტული სიტყვათა წყვილის აღრევის მიზეზი ამ სიტყვათა არასათანადო ცოდნაცაა. მაგალითად, სიტყვები ქარი და ქორი ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ხმოვნით განსხვავდება, მაგრამ ისინი პარონიმებს არ წარმოადგენენ, რადგანაც მათი ურთიერთმონაცვლეობა შეუძლებელია. სამაგიეროდ, ხშირად ერევათ ერთმანეთში განაჩენი და განჩინება, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად მათ შორის მეტი განსხვავებაა.

მაგალითისთვის, როდესაც ჟურნალისტი წერს, რომ “საარჩევნო კომპანია დასასრულს მიუახლოვდა'', სრულიად ნათელია, რომ იგი კამპანია და კომპანია ტერმინებს ერთმანეთში ურევს.

როგორც წესი, პარონიმული დარღვევები უფრო მეტად უცხო წარმომავლობის ტერმინებზე მოდის, რადგან ხშირად უცხო სიტყვების მნიშვნელობა დასაზუსტებელი და “მოსაშინაურებელია'' ხოლმე.



.უცხო წარმომავლობის სიტყვათა აღრევის შედეგად მიღებულია შემდეგი პარონიმული წყვილები:

. აბონემენტი-რაიმეთი სარგებლობის დამადასტურებელი საბუთი

. აბონენტი-აბონემენტის მფლობელი;


.ორდენი- დაჯილდოების ნიშანი( ვახტანგ გორგასლის ორდენი)

.ორდერი- საბუთი, რომელიც რაიმე უფლებას ადასტურებს(ჩხრეკის ორდერი);


.რიტმი-რაიმე მოქმედების(მოვლენის)პერიოდული მონაცვლეობა

.რითმა-ლექსის სტრიქონის დაბოლოებათა ერთგვაროვნება;


.ამპულა-წამლის პატარა ჭურჭელი

.ამპლუა-შესაფერისი როლი, საქმიანობა;


.პენალი-კალმების/ფანქრების ჩასაწყობი ყუთი

.პენალტი-თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა;



.ქართული ენის მონაცემების საფუძველზე წარმოქმნილი პარონიმებია:

.ცნება-საგნის, მოვლენის ზოგადი სახელი(სიყვარულის ცნება)

.მცნება-შეგონება, დარიგება(ათი მცნება);


.უებარი-საუკეთესო, გასაკუთრებული(წამალი)

.უებრო-შეუდარებელი, უბადლო(ვაჟკაცი);


.გაგება-რაიმეს მიხვედრა, შეგნება

.გაგონება-რაიმე ხმის მოსმენა;


.ბზა-მარადმწვანე ბუჩქი

.ბზე-პურეულის ნალეწი;


.უპე-თვალის გარემო

.უბე-ტანსაცმლის შიდა ნაწილი მკერდთან...



იმისათვის, რომ წერის და განსაკუთრებით ხშირად, მეტყველების დროს მსგავსი უხერხული შეცდომები არ დავუშვათ, საჭიროა გვესმოდეს ჩვენ მიერ გამოყენებული სიტყვებისა თუ ტერმინების მნიშვნელობა, შინაარსი და ამავე დროს, ყურადღებით ვიყოთ თითოეული ბგერის წარმოთქმისას.



რაც შეეხება, პარონომაზიას, იგი როგორც სტილისტური ხერხი, გამოიყენება აზრის გასაძლიერებლად, ნათქვამის ხაზგასასმელად. მაგ:თქმით კი ვთქვი... წამოძახებით კი წამოვიძახე..

პარომონაზია გავრცელებულია მხატვრულ მეტყველებაშიც:“ადრე ქალი ქალობდა და კაცი კაცობდა''...





თათია ბუღათრიშვილი

თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-3 კურსი



0
261
2-ს მოსწონს
ავტორი:თათია ბუღათრიშვილი
თათია ბუღათრიშვილი
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0