საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა 2018, 12 თებერვალი, 20:12 ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი CEFC Energy Company Limited-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტებს კომპანიაში უკვე დაუდასტურეს.
კომპანია, რეგიონში CEFC-ის ინვესტიციების მართვას განახორციელებს. ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი CEFC Energy Company Limited-ი ენერგეტიკის, საფინანსო და ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში აქტიურად მოღვაწეობს.
გავრცელებული ცნობით, კომპანიის ინტერესების სფეროს ასევე წარმოადგენს ფასიანი ქაღალდები, აქტივების მართვა და ტრანსსასაზღვრო ტერმინალების მშენებლობა.
2017 წლის მონაცემებით, კომპანია CEFC Energy Company Limited-ი ჩინეთის მე-8 ყველაზე მსხვილ კომპანიად დასახელდა, ხოლო Fortune 500-ის რეიტინგში კომპანია 222-ე ადგილს იკავებს. მისი წლიური ბრუნვა 40 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. კომპანია ახორციელებს მსხვილ საერთაშორისო პროექტებს, ევროპისა და აზიის ქვეყნებში, ასევე საქართველოში.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წლის 23 დეკემბერს, თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება. ეს გადაწყვეტილება სხვადასხვაგვარად შეაფასეს სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. ღარიბაშვილის ბრიფინგს ჟურნალისტები არ დასწრებიან. ყოფილი პრემიერის გამოსვლა დღის განმავლობაში სამჯერ გადაიდო. ის ჯერ ორ საათზე იყო დაანონსებული, შემდეგ ექვსზე, საბოლოოდ კი გადადგომის შესახებ განცხადება ღარიბაშვილმა 8 საათზე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილს არ განუმარტავს მიზეზი, თუ რატომ დატოვა თანამდებობა.
416 1-ს მოსწონს
|