x
image
კატო ემხვარი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლისაა!
image


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტი 100 წლისაა!!!


ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის 8 თებერვალს ( ძველი სტილით 26 იანვარს ) გაიხსნა პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში, რითაც საფუძველი ჩაეყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. უნივერსიტეტის გახსნაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილს. მის სახელს უნივერსიტეტი 1989 წლიდან ატარებს.


გთავაზობთ ელისაბედ ორბელიანის სიტყვას, რომელიც მან წარმოთქვა უნივესტიტეტის გახსნისას 1918 წელს:

"ბატონებო! დიდი მღელვარებით აღსავსე გამოვდივარ თქვენ წინაშე, რადგანაც გათვალისწინებული მაქვს ამ წუთის სიდიადე და განსაკუთრებულად ვაფასებ იმ პატივს, რომელიც წილად მხვდა მე.


ვხსნით ჩვენს საკუთარ ქართულ უნივერსიტეტს და ამით ხელახლა ვნასკვავთ ჩვენი ძველი კულტურის შეწყვეტილ ძაფს.

აღმოსავლეთის მზეზე გაბრწყინებული კულტურა უფრო მშვენიერდება დასავლეთის აზროვნებასთან დაახლოებით. ევროპა გვიცნობდა და ჩვენ მას ვუყვარვართ. ჯერ კიდევ მე–14 საუკუნეში რომი გვიგზავნიდა მისიონერებს. მე–15 საუკუნეში ჩვენ ვუახლოვდებით საფრანგეთს... უკანასკნელმა ასმა წელმა ძალაუნებურად დაგვაშორა საფრანგეთის აზროვნების თავისუფალ აღორძინებას. ახლა საჭიროა დაკარგული დროის მოგებაც.

ბედნიერად ვთვლი ჩემ თავს, რომ მოვალეობად მარგუნეს, თქვენ ფრანგული შეგასწავლოთ, რათა ენის საშუალებით გაეცნოთ, იგემოთ მისი გენიოსების ნაწერები. ნუ დაგავიწყდებათ, რომ საფრანგეთის 1789 წლის წყალობითაა, რომ 1918 წელს გვაქვს თავისუფალი ქართული უნივერსიტეტი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს აზრი თქვენც გიწინამძღვრებთ და აღგაფრთოვანებთ."

image


უნივერსიტეტის პირველი რექტორი გახლდათ პეტრე მელიქიშვილი. აქ ლექციებს კითხულობდნენ: ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, გიორგი ახვლედიანი, აკაკი შანიძე, დიმიტრი უზნაძე და სხვანი.

image


დღესდღეობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა. აქ 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.


უნივერსიტეტს 100 წლის იუბილეს ულოცავენ პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, უცხოელი მეგობრები, ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და მრავალი სხვა. გთავაზობთ ამონარიდს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მილოცვიდან:

"წელს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენთვის ყველაზე საამაყო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს. ამ უნივერსიტეტმა გაზარდა თაობები, რომლებმაც შეინარჩუნეს ის ეროვნული მუხტი, რომელმაც დღეს ჩვენ მოგვიტანა დამოუკიდებელი ქვეყანა და სწორედ ამ უნივერსიტეტის კერაზე გაიზარდა არაერთი სასიქადულო მამულიშვილი, რომელმაც საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უნივერსიტეტით და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს იუბილე იუნესკოს ეგიდით ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 147 ქვეყნიდან ჩამოვლენ წარმომადგენლობა და დელეგაციები, როგორც სამეცნიერო წრეებიდან, ასევე სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩვენთან ერთად იზეიმებენ ამ უდიდესი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს."


ამ თარიღთან დაკავშირებით მიღება გაიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

"ვულოცავ საქართველოს პირველ უნივერსიტეტს 100 წლის იუბილეს, რომელიც ცოდნის, თავისუფლებისა და პატრიოტული სულისკვეთების განსაკუთრებული და თვალსაჩინო კერა გახდა.
100 წლის წინ, ჩვენმა წინაპრებმა, მისმა დამფუძნებლებმა ევროპულ ფასეულობებზე და პროგრესულ იდეებზე დაფუძნებული განათლების ახალი კერა შექმნეს.
წელს, ისევე როგორც ქართულ უნივერსიტეტს, პირველ ქართულ რესპუბლიკასაც 100 წელი უსრულდება.
როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი სახელმწიფოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელთა ღვაწლზე, გვახსოვს ის უდიდესი ემოციური და პატრიოტული წვლილი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების მიმართ უნივერსიტეტს მიუძღვნის.
სწორედ, პირველმა ქართულმა უნივერსიტეტმა შეასრულა განსაკუთრებული ფუნქცია, პირველი ქართული რესპუბლიკის შექმნიდან დღემდე, ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე არსებული უამრავი გამოწვევის გამკლავებისა და დაძლევის საქმეში, გააძლიერა ის პატრიოტული სულისკვეთება, რომელიც ხელახლა, 70 წლის შემდეგ, ახალი ქართული სახელმწიფოს შექმნით დაგვირგვინდა.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას - სტუდენტობას, პროფესორ - მასწავლებლებს, ქართველ ერს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველო თანამდეროვე ცივილიზაციის თანაშემოქმედია." - ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის მილოცვაში.

image

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.

image


2018 წლის 7-9 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. საიუბილეო ღონისძიებებში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.


image

0
21
2-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0