საზოგადოება საპროტესტო აქცია ელდარში - კასრისწყალში მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვენ 2018, 5 თებერვალი, 18:31 ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. სოფელი დედოფლისწყაროში მდებარეობს, თუმცა ახმეტის შემადგენლობაში შედის. ის რაიონული ცენტრიდან მკვეთრად მოწყვეტილია. სოფელი კასრისწყალი ელდარის საძოვრებზე, ახმეტიდან 162 კილომეტრის, ხოლო დედოფლისწყაროდან 45 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. აქციის მონაწილეების განცხადებით, რომლებიც სკოლის ეზოში შეიკრიბნენ, სოფელში არ არის გზა, სასმელი წყალი, მაღაზია, ექიმი, აფთიაქი და ინტერნეტი, რის გამოც სოფლიდან მოსახლეობის მიგრაცია შეუქცევადი გახდა და გასულ წელთან შედარებით, სოფელი ათი კომლით შემცირდა. დახურვის საფრთხის წინაშეა სოფლის საჯარო სკოლაც. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელში არსებულ პრობლემებზე დახმარებისთვის მაჟორიტარ დეპუტატსაც მიმართეს და დაპირებაც მიიღეს, მაგრამ ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა. კასრისწყლის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს, კერძოდ კი როგორც საზღვრისპირა და რაიონის ცენტრიდან შორს მდებარე სოფელს, გამონაკლისის სახით მიენიჭოს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და ამ სტატუსით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობის უფლება, რათა სოფელში მოხდეს მოსახლეობის დამაგრება და საზღვრისპირა ტერიტორია ნასახლარად არ იქცეს. ბოლო ხანს მაღალმთიანი სტატუსი ათასობით დასახლებას მიენიჭა, სადაც გაიზარდა პენსია და სხვადასხვა საგადასახადო შეღავათები მოქმედებს. კასრისწყალი, როგორც დასახლებული პუნქტი, მეცხვარეობის განვითარებასთან ერთად წარმოიქმნა. აქ არის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ალვანისა და ქვემო ალვანის მეცხვარეების საზამთრო საძოვრების ცენტრალური დასახლება. სოფელი დედოფლისწყაროს შემადგენლობაში იყო, თუმცა შემდეგ ახმეტას დაექვემდებარა. 84 შეფასება არ არის
|